ავტორი:

"იკითხე ქართული" - პალიტრა L ახალ პროექტს იწყებს

"იკითხე ქართული" - პალიტრა L ახალ პროექტს იწყებს

„იკითხე ქართული“, ასე ეწოდება პალიტრა L-ის ახალ ტომეულს, რომელიც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად თვეში ერთხელ გამოვა. „ეს უახლესი ქართული მწერლობის მხარდამჭერი პროექტია“ - აცხადებს გამომცემლობის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური, რომელიც პროექტის შესახებ კვირის პალიტრასთან საუბრობს.

- „იკითხე ქართული“ - რას ისახავს მიზნად ეს პროექტი და საიდან გაჩნდა იდეა?

- „იკითხე ქართული“ ახალი და უახლესი ქართული მწერლობის მხარდამჭერი პროექტია. ჩვენს გამომცემლობაში კარგა ხანია მომწიფდა აზრი, რომ დროა, მეტი ადგილი დავუთმოთ ჩვენს მუშაობაში სწორედ ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, რადგან ის ამას იმსახურებს - არის საინტერესო, მდიდარი, მრავალმხრივი, ხშირ შემთხვევაში - სრულიად ახლებური, ნოვატორული და, რაც მთავარია, მშობლიური. ქართველ მკითხველს აქვს საშუალება თითქმის ფეხდაფეხ მიჰყვებოდეს ლიტერატურულ სიახლეებს მთელ მსოფლიოში და ეცნობოდეს მას ახალ-ახალი თარგმანების მეშვეობით. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია და დიდი მიღწევაა, მაგრამ, ამავდროულად, არსებობს ლიტერატურა, რომელიც, ცოტა არ იყოს, იჩაგრება, რადგან ერთგვარად იკარგება ამ აურაცხელი სიახლის ტალღაში. ეს ჩვენი, ქართული მწერლობაა, ქართველი ავტორები არიან. მათი ნაწილი სისტემატურად გამოიცემა და თითქმის ყოველთვის მოიძებნება წიგნის თაროებზე, მაგრამ არიან ისეთი ავტორებიც, რომელთა წიგნები მხოლოდ ბუკინისტებთანღაა შემორჩენილი. არადა, მათი შემოქმედება იმსახურებს, რომ ჰყავდეს მკითხველი, და მკითხველიც იმსახურებს, რომ მიუწვდებოდეს ხელი იმ დიდ სიმდიდრეზე, რომელსაც ახალი ქართული ლიტერატურა ჰქვია. დარწმუნებული ვარ, მკითხველი კმაყოფილი დარჩება ამ შეთავაზებით და დიდ სიამოვნებას მიიღებს ამ ლიტერატურასთან ხელახალი თუ პირველი შეხვედრით.

- სულ რამდენი ტომი გამოვა, რომელი მწერლები შევლენ მასში და რის მიხედვით შეირჩა ამ ტომებში შესული ნაწარმოებები?

- ჩვენი მიდგომა ასეთია - გამოვცეთ რაც შეიძლება მეტი ავტორი და ამით შეძლებისდაგვარად შევქმნათ XX-XXI საუკუნეების ქართული ლიტერატურის, მისი თემების, ტენდენციებისა და განვითარების დინამიკის ამსახველი სრული პალიტრა. ამ სლოგანით „იკითხე ქართული“ წიგნების გამოცემა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, მაგრამ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ მკითხველთან მიაღწიოს ჩვენმა გამოცემებმა, მივმართეთ უკვე ნაცად გზას - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გავრცელების შესაძლებლობას. ამისათვის შევქმენით პროექტის ახალი ვიზუალი, რომელიც აუცილებლად აღნიშვნის ღირსია - ამ წიგნების დიზაინი მთლიანად აგებულია ხელოვნების სასახლის პროექტის, „ქართული ისტორიული ქსოვილის“, მასალებზე და თითოეული წიგნი სწორედ ამ ქსოვილებიდან აღებული ორნამენტებით იქნება დამშვენებული.

- ძრითადად ვისზეა გათვლილი ეს გამოცემა?

- „იკითხე ქართული“ არის ყველასთვის: მათთვისაც, ვინც კარგად იცნობს ქართულ ლიტერატურას, მათთვისაც, ვინც არცთუ კარგად იცნობს მას და აინტერესებს, და მათთვისაც, ვინც სწორედ ამ პროექტის მეშვეობით აღმოაჩენს ლიტერატურას, რომელიც ძვირფასია. ამაში მათ დაეხმარება წინათქმები, რომლებსაც სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერენ ცნობილი ლიტერატორები და მწერლები. ესეც ამ პროექტის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია, რომელიც მას დამატებით ღირსებას სძენს.

- რომელ მწერალს მიეძღვნება პირველი ტომი?

- პროექტის პირველი წიგნია თანამედროვე საქართველოს უთვალსაჩინოესი მწერლის თამაზ ჭილაძის რომანი „აჰა, მიიწურა ზამთარი“. ვფიქრობთ, ძალიან ნიშანდობლივი დასაწყისია, რადგან როდესაც ვლაპარაკობთ ქართული მწერლობის ნოვატორობაზე, ერთ-ერთი უპირველესი ამ შემთხვევაში გაგვახსენდება სწორედ თამაზ ჭილაძე - ავტორი, რომლის სახელსაც უკავშირდება ევროპეიზმის ტენდენციების დამკვიდრება ქართულ ლიტერატურაში. ამ პროექტის ფარგლებში ვამზადებთ ანა კალანდაძის პოეზიის კრებულს, გურამ ფანჯიკიძის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანს „სპირალი“, ვაჟა გიგაშვილის არაჩვეულებრივ რომანს „ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“, ლევან გოთუას შესანიშნავი მოთხრობების კრებულს, გიორგი ლეონიძის დაუვიწყარ „ნატვრის ხეს“ და ა.შ.

- როდის გამოვა და სად იქნება შესაძლებელი მისი შეძენა, რა ფასად?

- წიგნები გამოვა თვეში ერთხელ და პირველი კვირის განმავლობაში გაიყიდება გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, წიგნის სპეციალურ ფასი იქნება 8,50ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად 10 ლარი.

ბოლოს მხოლოდ იმას ვეტყვი ჩვენს მკითხველებს, რომ „იკითხე ქართული“ ელოდება თითოეული მათგანის მხარდაჭერას. და ეს იქნება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული გამოცემის კარგი იდეის, არამედ მთელი ქართული მწერლობის მხარდაჭერა, რომელიც მისცემს მას შემდგომი განვითარების ბიძგსა და სტიმული.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა