ავტორი:

კანდელაკის და კადიროვის მეგობარი დეპუტატი შეკვეთილი მკვლელობებისთვის დააკავეს - რა არ აპატია პუტინმა არაშუკოვებს?

კანდელაკის და კადიროვის მეგობარი დეპუტატი შეკვეთილი მკვლელობებისთვის დააკავეს - რა არ აპატია პუტინმა არაშუკოვებს?

30 იანვარს, რუსეთის პარლამენტის დეპუტატი, მმართველი პარტიის წევრი, რაუფ არაშუკოვი, პირდაპირ სხდომის დროს დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოების მტკიცებით, არაშუკოვს ბრალი ედება ჩრდილოეთ კავკასიაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რეგიონში 2010 წელს მომხდარი ორი მკვლელობის შეკვეთაში...

არაშუკოვი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს სხდომიდან მას შემდეგ გაიყვანეს, რაც კანონმდებლები მისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას დათანხმდნენ.

რუსული მედიის ცნობით, გუშინვე, სანკტ-პეტერბურგში დააპატიმრეს მამამისიც რაულ არაშუკოვი - ბიზნესმენი, "ედინაია როსიას" წევრი, "გაზპრომის" რეგიონალური დირექტორი. თუმცა, უფროსი არაშუკოვის დაკავების ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, არაშუკოვი ეჭვმიტანილია 2010 წელს ყარაჩაი-ჩერქეზეთის ლიდერის მრჩევლის, ფრალ შებჟუხოვისა და ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილის, ასლან ჟუხოვის მკვლელობებში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 32 წლის სენატორის დაკავების მიზეზი სინამდვილეში გაზის მოპარვა გახდა; არაშუკოვი, წარმოშობით ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან არის, რუსულ საზოგადოებაში ცნობილია, როგორც ლექსებისა და ცხელი ბუტერბროდების მოყვარული. როგორც BBC-ის რუსული ბიურო იუწყება, რაუფ არაშუკოვი ერთ-ერთია მათგან, ვისი კარიერაც გაურკვეველი მეთოდების დამსახურებით, ძალიან სწრაფად და არცთუ სამართლიანად მიიწევს წინ. ის რუსეთის ფედერაციის საბჭოში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის რაშიდ ტემრეზოვის წარდგენით, ორი წლის წინ აღმოჩნდა.

დაკავებული სენატორის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 2007 წელს სტავროპოლის უნივერსიტეტი დაამთავრა და პროფესიით იურისტია. რუსეთის ფედერაციის სენატორობამდე, ყარაჩაი-ჩერქეზეთის მუნიციპალიტეტის დეპუტატი იყო. კიდევ ერთი - ის ადგილობრივი, გავლენიანი ჩერქეზული ოჯახიდან არის.

გამოცემა Коммерсант-ის ცნობით, მამამისი, რაულ არაშუკოვი მსხვილ რეგიონალურ გაზის მწარმოებელ სტრუქტურებს, "Газпром межрегионгаз Ставрополь", "Ставрополькрайгаз"-ს ხელმძღვანელობდა, ახლა კი კომპანია Газпром межрегионгаз-ის გენერალური დირექტორის მრჩეველია. რუსული მედიის ცნობით, არაშუკოვები ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მეგობრები არიან. სოციალურ ქსელში აქტიურ კადიროვს მეგობარი არაშუკოვების დაკავებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

რაც შეეხება, დაკავებულ არაშუკოვს, ის რუსულ შოუბიზნესსა და "სელებრითებში" ძალზე მიღებული და გავლენიანი ფიგურაა. ახლო ურთიერთობა აქვს ცნობილ რუს მომღერალთან ნიკოლაი ბასკოვთან, ლეონტიევთან, ალა პუგაჩოვასა და სხვებთან. მეგობრობს ტელეწამყვან თინა კანდელაკთან, რომელსაც რაუფ არაშუკოვთან გადაღებული უამრავი ფოტო აქვს სოციალურ ქსელში.

კანდელაკმა არაშუკოვის დაკავებაზე კომენტარიც გააკეთა. ტელეწამყვანისა და პროდიუსერის თქმით, სენატორს იცნობდა როგორც "მეგობრულ და საზოგადოებრივად აქტიურ პერსონას" და მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია მისთვის "სამწუხარო სიურპრიზია".

"მე არ მეცოდინება ყველას კრიმინალური წარსულის შესახებ, ვისაც ცხოვრებაში ვხვდები, ამიტომ არ ვაპირებ მასთან ერთად გადაღებული ფოტოები წავშალო "ინსტაგრამიდან". მე დასამალი არაფერი მაქვს - ჩემი მოღვაწეობასავით გამჭვირვალეს, ვერაფერს იპოვით" - დაწერა კანდელაკმა სოციალურ ქსელში.

რაუფ არაშუკოვის ცოლი, აიდა, ცნობილია, როგორც მუსლიმური სამოსის ბრენდის Араида-ს დიზაინერი და მისი მაღაზიები მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებშია განთავსებული. ამის გარდა, მიღებულია, როგორც ცნობილი რუსი ვარსკვლავების დიზაინერი.

რუსული მედიის ცნობით, ნიშანდობლივია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა ბრალდებით, სისხლით სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, ფედერაციის ათზე მეტი წევრი დააკავეს, რაც ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში კორუფციის კატასტროფული ზრდის პირდაპირი მაჩვენებელია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, რომ სენატორის ავტორობით ჩადენილი მკვლელობა სწორედ კომპანია Газпром-ს უკავშირდება. როგორც ასლან ჟუკოვის, ასევე, ფრალ შებზუხოვის მკვლელობა და ასევე, სხვა სახის დარღვევები, 2010 წელს მოხდა. ჟუკოვი, საზოგადოებრივი მოძრაობა Адыгэ-Хасэ-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო და არსებული ვერსიით, მას ახალგაზრდა არაშუკოვთან კონფლიქტი მოუვიდა, რასაც შეეწირა კიდეც - ყარაჩაი ჩერქეზეთში ამას “ღირსების მკვლელობა” უწოდეს.

რაც შეეხება, მეორე მოკლულს, ფრალ შებზუხოვს, რომელიც ყარაჩაი-ჩერქეზეთის მეთაურის მრჩეველი იყო, 2010 წლის მაისში სასტიკად ნაცემი და საკონტროლო გასროლით მოკლული იპოვეს. რესპუბლიკის მაშინდელმა ლიდერმა ბორის ებზეევმა მკვლელობის მოტივად პოლიტიკური უთანხმოება დაასახელა, რადგან მას პრემიერ-მინისტრობას უპირებდნენ, რაც მამა-შვილი არაშუკოვებისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო. მოგვანებით ამ საქმეზე სამი “დამნაშავე” დააკავეს და 14-დან 19 წლამდე მკაცრი რეჟიმის კოლონია მიუსაჯეს...

მაშინ როგორც მოკლულების, ასევე დასჯილების ახლობლებმა მომხდარი გააპროტესტეს, თუმცა, არაშუკოვები მათ დაემუქრნენ და ისინიც ბედს შეეგუენ.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, უმცროსი არაშუკოვი ასევე ეჭვმიტანალია ბუნებრივი აირის მოპარვაში, კონკრეტულად, Газпром-ის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში, იქ, სადაც არაშაუკოვებს ხელი მიუწვდებოდათ.

რუსული მედიის ცნობით, რეალურად სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი და 2010 წელს მომხდარი მკვლელობები უბრალოდ გაუხსენეს, რადგან “საქმეს ასე დასჭირდა და პუტინმა ზურგსუკან მაქინაციები არ აპატია" - წერს РБК, რომლის ცნობითაც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კომპანიის ზარალმა 30 მილიარდ რუბლს მიაღწია, რაც დაახლოებით, 455 მილიონ დოლარს შეადგენს.

РИА Новости -სთან საუბარში, დაკავებული არაშუკოვის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი ცუდად საუბრობს რუსულად, ამიტომაც თარჯიმანს ითხოვს. “როგორც ჩანს, რუსეთში მილიონების შოვნას ენის ცოდნა სულაც არ სჭირდება...” - წერს გამოცემა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე