ლორან ბლანი: "მთავარი დისციპლინის დამყარება და ძირითადი შემადგენლობის გარკვევაა"

ლორან ბლანი: "მთავარი დისციპლინის დამყარება და ძირითადი შემადგენლობის გარკვევაა"

საფრანგეთის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანს  ზედმეტი წარდგენა არ ესაჭიროება, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ მან საფრანგეთის ნაკრების რიგებში

გამოსვლისას 2000 წელს ევროპის ჩემპიონობა მოიგო, ორი წლით ადრე მუნდიალის ფინალში დისკვალიფიკაციის გამო ვერ იასპარეზა (თუმცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ატარებს), ხოლო “მონპელიეს”, “ნაპოლის”, “ნიმის”, “სენტ ეტიენის”, “ოსერის”, “ბარსელონას”, “მარსელის”, “ინტერისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურ მცველ ლორან ბლანს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 97 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

2007 წლიდან კი ლორან ბლანი აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა, ჩაიბარა რა “ბორდოს” სადამრიგებლო სადავეები. ექსმცველმა დროის მოკლე მონაკვეთში ჟირონდელთა კლუბი საფრანგეთში უძლიერესად აქცია (“ბორდომ” 2009 წელს ქვეყნის ჩემპიონობა და სუპერთასი, აგრეთვე საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის თასი მოიპოვა) და ევროპაშიც ნებისმიერი გრანდისთვის ანგარიშგასაწევი გუნდი გახდა.

წესითა და რიგით, ჟირონდელები წელსაც უნდა გაჩემპიონებულიყვნენ, მაგრამ “ბორდომ” ყველასთვის მოულოდნელად საფრანგეთის პირველი დივიზიონის ფინიშზე უკიდურესად წარუმატებლად იასპარეზა და ჩემპიონობას ვინ ჩივის, მეექვსე ადგილზე გასული გუნდი სულაც ევროთასებს მიღმა დარჩა.

ამის მიუხედავად, საფრანგეთში ლორან ბლანის ავტორიტეტი განუზომლად დიდი დარჩა და როდესაც სამფეროვნები სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ჩაფლავდნენ და დღის წესრიგში რაიმონ დომენეკის ჩანაცვლების საკითხი დადგა, ფრანგთა საფეხბურთო ფედერაციამ ქვეყნის ეროვნული გუნდის გაწვრთნა სწორედ ბორდოელთა ექსთავკაცს მიანდო.

- საფრანგეთის ეროვნულ გუნდს რთულ პერიოდში ჩაუდექით სათავეში. ნაკრების ძველი დიდების აღსადგენად უპირველსად რომელ მომენტებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- უპირველესად იმას მოგახსენებთ, რომ დანიშვნით სიამაყის გრძნობა დამეუფლა – ჩემთვის საფრანგეთის ნაკრების დამრიგებლობა სამწვრთნელო კარიერის პიკია. სადღეისო მდგომარეობა კი რთულია. ისევე როგორც ნებისმიერი ფრანგი გულშემატკივარი, მეც შოკირებული დავრჩი ჩვენი ნაკრების მიერ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ. ახლა მტყუან-მართლის გარჩევის დრო არაა და სამუშაოს მთელი დატვირთვით უნდა შევუდგეთ.

2 მიმართულებაა პრიორიტეტული - გუნდში მტკიცე დისციპლინის დამყარება და ძირითადი შემადგენლობის გარკვევა. ნაკრებში უძლიერესი ფრანგი ფეხბურთელები ითამაშებენ. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რათა ნაკრებში კონფლიქტური სიტუაცია არასდროს წარმოიშვას. მწვრთნელებსა და მოთამაშეებს საკუთარი ამბიციის მეორე პლანზე გადაწევა და წინ ეროვნული გუნდის ინტერესის წამოწევა მართებთ. ესაა ჩემი სამწვრთნელო პრინციპი, რომელზეც უარის თქმას არ ვაპირებ.

- გუნდში სიტუაციის საბოლოოდ გაჯანსაღების მიზნით ხომ არ აჯობებს სამხრეთ აფრიკაში მომხდარი გააანალიზდეს და ყველას “დამსახურებისამებრ” მიეზღოს?

- რამდენიმე ადამიანია, რომლებმაც ზუსტად იციან, რაც მოხდა გუნდში მუნდიალის მსვლელობისას. მათ აუცილებლად დაველაპარაკები ამ თემაზე, მაგრამ არა იმიტომ, რომ დამნაშავენი ვამხილოთ, არამედ ეს ნაკრების ატმოსფეროს გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

- შემადგენლობას რადიკალურად შეცვლით?

- ჩემი დამრიგებლობით ნაკრები პირველ შეხვედრას ნორვეგიასთან 11 აგვისტოს ჩაატარებს. რამდენიმე ახალწვეულს გულშემატკივარი აუცილებლად იხილავს, ამასთან სამუნდიალე განაცხადში მოხვედრილთაგან ბევრი ნაკრებს მიღმა დარჩება. კონკრეტულ გვარებს ჯერ ვერ დაგისახელებთ. მე ხომ სულ ახალი დანიშნული ვარ და სიტუაციაში კარგად გასარკვევად დრო მჭირდება.

- მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს რა მიზანს დაუსახავთ?

- ადრე ნებისმიერ ტურნირზე მხოლოდ პირველობის მოსაპოვებლად მივემგზავრებოდით, ახლა კი მდგომარეობა სხვაგვარადაა და არც იმაში ვარ დარწმუნებული, რეიტინგში მოწინავეთა ათეულში ადგილს რომ შევინარჩუნებთ. სასწრაფოდ უნდა მოხერხდეს ნაკრების ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბება, შემდეგ კი ჩვენთვის დამახასიათებელი შემტევი, შედეგიანი, მაყურებლისთვის მიმზიდველი თამაშის ჩვენება.

- ბოლოს ნიკოლა ანელკაზეც გკითხავთ. მისთვის სანაკრებო კარი საბოლოოდ დაიხურა?

- ანელკა უღირსად მოიქცა, მაგრამ თუკი მიდგომას შეიცვლის და ფედერაციაც ნაკრებში თამაშის ნებას დართავს, მას დაბრუნების შანსს აუცილებლად მივცემ. გულახდილად გეტყვით, ნიკოლას სათამაშო სტილი ჩემი წარმოდგენის საფრანგეთის ნაკრებისას მიესადაგება, მაგრამ ჩემზე ბევრი რამ დამოკიდებული არაა – გადამწყვეტი სიტყვა თავად ფორვარდსა და საფრანგეთის ფეხბურთის მმართველ ორგანოს ეკუთვნით.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო