ავტორი:

"დადგა გადაწყვეტილების ეტაპი!" - ტოვებს თუ არა "ქართულ ოცნებას" ეკა ბესელია?

"დადგა გადაწყვეტილების ეტაპი!" - ტოვებს თუ არა "ქართულ ოცნებას" ეკა ბესელია?

დადგა გადაწყვეტილების ეტაპი. პირადად, ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო „ქართულ ოცნებასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ალბათ, დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით, ჩვენ ერთ პოზიციაზე ვახერხებთ, რომ დავინახოთ ერთიანი სვლა თუ ვერა. ეს ეტაპი უკვე დღეს დავინახე, რომ ძალიან ახლოს მოვიდა. ამიტომ, სწორედ იქიდან გამომდინარე, არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი რეჟიმის რეანიმირებას და მის მობრუნებას 2012 წელს. არ მინდა იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება. ამიტომ, მგონია, რომ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე, პირადად, ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო - ჩვენ შევძლებთ თუ ვერა ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელიც ვარ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი“, - განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, მისთვის გასაგებია ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ ეს საჯარო დისკუსია და დებატები არ გახანგრძლივდეს.

„ბიძინა ივანიშვილი თვითონ იტყვის თავის სათქმელს. მე არ მგონია, რომ მე უნდა გავახმოვანო მისი სათქმელი. მე მესმის, რომ ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ცდილობს მიაღწიოს გუნდის შიგნით კონსენსუსს და ვნებათაღელვა დააცხროს. მისი მცდელობები და სურვილი აბსოლუტურად გასაგები და ლეგიტიმურია. ის პარტიის თავმჯდომარეა და არ სურს, რომ ეს საჯარო დისკუსია და დებატები გახანგრძლივდეს. მაგრამ ეს დებატები ხომ რაღაცის გამოხატულებაა? ეს დებატები ხომ ღირებულებებს და ფასეულობებს ეხება? ამიტომ ჩვენ ვამბობთ - შეგვიძლია თუ არა მომავლის ხედვაში ერთნაირი ნაბიჯები გადავდგათ? მოდით, ჩვენც ჩამოვყალიბდეთ, რაღაც დრო გვჭირდება, იმიტომ რომ რადგან ამ გადაწყვეტილებას მივუახლოვდით, არ მინდა არაგულწრფელი ვიყო. პირადად მე ბევრი მიზეზი მქონდა აქამდეც, რომ რადიკალური გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ამას არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს პარტია. ძალიან დიდი შრომა მაქვს პირადად მე ჩადებული, ურთულესი 7 წელი გავიარეთ. ამიტომ, მოდით, ცოტა ცივი გონებითაც მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა უმრავლესობის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, "ქართული ოცნებიდან" არავის გარიცხვა არ იგეგმება და არც არავის თავისუფლება იზღუდება.

„გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში, ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რაც აქტუალურია საზოგადოებაში დღევანდელ დღეს. კერძოდ, გავაგრძელეთ მსჯელობა იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რითაც უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევა, კიდევ ერთხელ დადასტურდა უმრავლესობის შიგნით გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს და საკუთარი სინდისით და ღირსებით იმოქმედებს კვალიფიციურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების მისადაგებისას. შესაბამისად, ვიმსჯელეთ შემდეგ საქმიანობაზე. არავის გარიცხვაზე არ გვისაუბრია, თუმცა აღინიშნა, რომ პარტიული დისციპლინის დაცვა არის ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ამ საქმეში ჩართულ პოლიტიკოსებს. ეთიკური სტანდარტი მოითხოვს, რომ ეს წესები გაიზიარო. იმის თაობაზე, რომ სამართლიანი წესები უნდა არსებობდეს ყველა მიმართულებით, ამას ყველა დაეთანხმა. მიხარია, რომ „ქართული ოცნება“ შიდა დემოკრატიის მაგალითს აძლევს საზოგადოებას“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, რა გადაწყდა გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით, ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ „ამაზე თავად უნდა ისაუბროს, თუმცა უმრავლესობას აქვს პოზიცია, რომ განსახვავებული აზრი გუნდის შიგნით მიუღებელი არ არის, მაგრამ არაკორექტულია ის, რომ იყო გუნდის შიგნით და ურტყამდე გუნდს გარედან“.

„ყველა თავისუფალია გუნდის შიგნით მოქმედებისას და ასევეა იმ შემთხვევაშიც, თუ გუნდს დატოვებს. ჩვენ არავის ვრიცხავთ, არავის ვუზღუდავთ თავისუფლებას, მაგრამ არც ის გვინდა მივიღოთ, რომ გუნდის შიგნით იყო და გუნდს გარედან ურტყამდე“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები