ავტორი:

"რუსული ნომრები თუ აქვს, "გაიც" აღარ აჩერებს. აბა გაბედე და გზის დათმობა სთხოვე, გადაგივლიან" - აფხაზეთში ავარიას რუსი სამხედრო ემსხვერპლა

"რუსული ნომრები თუ აქვს, "გაიც" აღარ აჩერებს. აბა გაბედე და გზის დათმობა სთხოვე, გადაგივლიან" - აფხაზეთში ავარიას რუსი სამხედრო ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი რუსი კონტრაქტორი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკში მსუბუქი ავტომანქა, რომელსაც რუსი სამხედრო მართავდა, სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

360tv.ru რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 26 წლის რუსი აფხაზეთში კონტრაქტით მსახურობდა. ის მსუბუქი ავტომობილით აღნიშნულ გზაზე დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ასევე რუსეთის სამხედრო ბაზიდან გამოსული სამხედრო "კამაზი" შენიშნა, თუმცა, მკვეთრი მოსახვევის გამო, შემხვედრისთვის აცილება ვერ შეძლო და საჭე ვერ დაიმორჩილა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ადგილზე გარდაცვლილი მძღოლის ავტომანქანიდან ამოყვანა მხოლოდ მისი დაჭრის შემდეგ მოხერხდა...

აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე - სატბეი გინდია აცხადებს, რომ იმ ადგილას სავალი გზა ვიწროა და გაფუჭებული, თან ნაწვიმარი იყო. შესაბამისად, "ლადას" მარკის ავტომანქანის მძღოლმა მანევრირება ვერ შეძლო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მუსუბუქი მარკის ავტომანქანა, რომელსაც კრასნოდარის ნომრები ჰქონდა, დაღუპულ კონტრაქტორს ეკუთვნოდა, სატვირთო ავტომობილი კი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის კუთვნილება იყო.

პირველადი ვერსიით, მძღოლმა გზა კარგად არ იცოდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო გზაზე მომავალ ტრანსპორტს შეეჯახა.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ აფხაზეთის გზებზე სრული განუკითხაობაა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე რუსი სამხედროები და ტურისტები მუდმივად არღვევენ მოძრაობის წესებს, ამის შედეგია ქვეითების მასობრივი სიკვდილი ტრასებზე.

"ნეტავ რატო არ გვიკვირს?... ფხიზელი მძღოლი ბოლოს როდის ვნახე, არც მახსოვს. იმ დღეს სოხუმის მიკროავტობუსის მძღოლმა ლუდის ბოთლი გამოცალა, გვერდზე მოისროლა და ამის შემდეგ მგზავრებით სავსე სამარშრუტო დაქოქა. ჩემთან ერთად ისხდნენ ბავშვიანი ქალები, მაგრამ ჩემს გარდა, ხმა არავის ამოუღია... ლუდის დალევამდე უფრო ცუდად ვიყავიო, მითხრა მძღოლმა, თუ არ მოგწონს, ჩაბრძანდიო და მეც გავჩუმდი. ასე რომ, სულ არ მიკვირს, რუსი სამხედრო ნასვამი თუ იქნებოდა", - წერს სოხუმელი ილონა ხვარცკია.

"რუსული ნომრები თუ გაქვს, "გაიც" აღარ გაჩერებს. დააწვებიან და აბა გაბედე და ფარები აუნთე ან გატარება ან გზის დათმობა სთხოვე, - გადაგივლიან და, რა თქმა უნდა, შენ იქნები მტყუანი, რადგან ის სამსახურებრივ საქმეზე მიდის და შენ აუცილებლად უნდა გაატარო", - წერს ბესო გუნია.

"არც წითელი აინტერესებთ, არც ღერძულა, არც ქვეითთა ზებრა გადასასვლელი. იმ დღეს ბავშვიან ქალს ლამის გადაუარეს. კიდევ კარგი, ქალაქში ხშირად არ უწევთ მოძრაობა. თითქოს ჩვენი მკვლელი მძღოლები არ გვყოფნიდეს... წელიწადში 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რუსი სამხედროები არანაკლებად არღვევენ კანონს. ამას წინათ, არც კი მიაქცია ყურადღება საგზაო მილიციის მინიშნებას - გაეჩერებინა... არ მიხარია, მაგრამ რუსეთმაც უნდა შეგვიწყოს ხელი წესრიგის დამყარებაში, ხომ ხედავს, ჩვენი ხელისუფლება ვერ აგვარებს საქმეს", - მიაჩნია ილონა გაგრინსკის.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, გზებზე სერიოზულ საფრთხეს ქმნიან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები და მათი ტარების უცოდინარი მძღოლები. მათივე თქმით, მართვის მოწმობის აღება გარკვეული თანხის საფასურად ყველას შეუძლია. ისინი კი, პოტენციური მკვლელები არიან.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი