ავტორი:

"მისი აქ ყოფნისას ერთი უცნაური რამ მოხდა..." - ამერიკელი მილიარდერისა და ლენინის მეგობრის ჰამერის საქართველოში ვიზიტის უცნობი დეტალები

"მისი აქ ყოფნისას ერთი უცნაური რამ მოხდა..." - ამერიკელი მილიარდერისა და ლენინის მეგობრის ჰამერის საქართველოში ვიზიტის უცნობი დეტალები

საქართველოში ყველამ იცის ამერიკელი მილიარდერის არმანდ ჰამერის შესახებ, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოში იგი ორჯერ იმყოფებოდა. პირველი ვიზიტის დროს, 1922 წელს ძალიან ახალგაზრდა იყო და მისი ვიზიტის შესახებ ცნობები ნაკლებად არის შემორჩენილი, მეორედ კი 1980-იან წლებში ჩამოვიდა, მისი ძვირფასი კოლექციის გამოფენა გამართა.

"საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ამერიკელი მულტიმილიონერი, ლენინის ახლო მეგობარი ჰამერი... იგი მეუღლესთან ერთად გვესტუმრა და თბილისში საკუთარი ძვირადღირებული და საინტერესო კოლექციის გამოფენა მოაწყო. გამოფენის შემდეგ კრწანისის რეზიდენციაში გავუმართეთ საზეიმო ვახშამი. აღმოჩნდა, რომ ჰამერი პირველად არ იმყოფებოდა საქართველოში, იგი თბილისში 1922 წელს ჩამოსულა, პირადად ლენინის დავალებითა და თხოვნით. ამერიკელი მულტიმილიონერი საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ყველაფერზე ღიად ლაპარაკობდა, მათ შორის, პირად ცხოვრებასა და ხარჯებზეც. "ჩემი მეუღლე ჩემზე არც ფინანსურადაა დამოკიდებული და არც საქმიანად. მას ოცი მილიონი მივეცი და თვითონ განკარგავს საკუთარ ბიუჯეტს" - მეუბნება ჰამერი. ცალკე ასეთმა ასტრონომიულმა ციფრმა და ცალკ ცოლ-ქმარს შორის ამგვარმა დამოკიდებულებამ, ბუნებრივია ჩემში, როგორც პარტიულ ფუნქციონერში და თანაც ქართველში, გაკვირვება გამოიწვია" - ასე იხსენებს ჰამერის საქართველოში ვიზიტს ჯუმბერ პატიაშვილი თავის წიგნში "ოცდასამი წლის შემდეგ".

ჯუმბერ პატიაშვილი ჰამერის საქართველოში ვიზიტის დეტალებზე ვრცლად გვესაუბრა:

- 1980-იან წლებში ჰამერი საქართველოში მე შემხვდა, როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელს. პატივსაცემად სადილიც გავუმართეთ და სამახსოვრო ფოტოც გვაქვს გადაღებული. მიღებას ესწრებოდა კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი, თარჯიმანი ნუგზარ რუხაძე... ჰამერი მეტად თავისებური პიროვნება ჩანდა. მახსოვს ღამის გათევა სასტუმროში არ ისურვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არცერთი სასტუმრო თვალითაც ნანახი არ ჰქონდა. თავის თვითმფრინავში ჰქონდა საძინებელი მოწყობილი და მე მგონი სხვა ქვეყნებშიც უარს ამბობდა, რომ ღამე სასტუმროში გაეთია. მე ეს მისი ხასათის თავისებურებად მივიჩნიე, სხვებმა სრულიად ჩვეულებრივად მიიღეს... შეფასება ძალიან ძნელია! იგი უდაოდ გამორჩეული ადამიანი იყო, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მილიარდერთა ჯგუფში იყო და ამერიკის ეკონომიკას მართავდა. მსოფლიო ეკონომიკაშიც ძალიან დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი. იმ დროში მილიარდერი იშვიათობა იყო და ამიტომაც ჰამერი მსოფლიოში აღიარებული იყო.

ფოტოზე: ჰამერი თბილისში ვიზიტისას

მან გაიხსენა, რომ პირველად თბილისში 1922 წელს, ლენინის დავალებით ჩამოვიდა. ბაქო-ბათუმის ნავთობსადენთან დაკავშირებით იყო ჩამოსული. ლენინის ახლო მეგობარი გახლდათ და ჩვენც გვითხრა, რომ თავის სამუშაო კაბინეტში ლენინის ბიუსტი ედგა მაგიდაზე. ჰამერი საქართველოში პირველი ვიზიტის დროს ძალიან ახალგაზრდა ბიჭი იყო და მეორე ვიზიტზე უკვე ღრმად მოხუცი, 88 წლის...

ჰამერმა 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში დიდი რაოდენობით ძვირფასი ნახატები გაიტანა. კერძოდ – მოსკოვიდან და პეტერბურგიდან. მაშინ ხელოვნებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა და შემდეგ, როდესაც გორბაჩოვი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ჰამერი ყოველ წელს თითო ნახატს როგორც საჩუქარს, ისე უბრუნებდა. ხელოვნება უსაზღვროდ უყვარდა და თბილისშიც, თავის ძვირფასი კოლექციის გამოფენა შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში მოაწყო. მახსოვს მითხრა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასია "იუნონაო". ხელოვნებაში ნაკლებად ვერკვევი, მაგრამ მართლაც საოცარი ნამუშევარი იყო და ძალიან ძვირადღირებული, 3 მილიონ დოლარად ჰქონდა შეძენილი.

ძალიან სასიამოვნო და გულღია მოსაუბრედ დამამახსოვრდა. სუფრაზე რაც კი მივართვით, ყველაფერი გასინჯა და ძალიან მოიწონა. ქართული სამზარეულოთი აშკარად მოხიბლული ჩანდა. ყველას გვიკვირდა, როგორ მოახერხა ფინანსურად ამდენად გაძლიერება, მაგრამ გონიერი კაცი ჩანდა და შეძლო გამხდარიყო მილიარდერი. მხოლოდ ერთი რამ გაგვანდო, ჩემს ბიზნესში არავის არ ვახედებ, საკუთარ ოჯახის წევრსაც კიო.

ნუგზარ რუხაძე:

- ჰამერის ვიზიტი მართლაც ძალიან სამახსოვრო იყო. მე მხოლოდ თარჯიმანი არ გახლდთ, არამედ პროტოკოლის სამსახურს წარმოვადგენდი და მისი აქ ვიზიტისას მასთან კავშირი მუდმივად მიწევდა. ჯუმბერ პატიაშვილს უთქვამს, ნუგზარ რუხაძის გარდა არავის ჩააბაროთ ეგ კაციო და ჩამაბარეს. გურამ ენუქიძე იყო ცეკას მდივანი, იგი ხელმძღვანელობდა "პარადს". ხელოვნების მუზეუმში პირველ სართულზე გაიხსნა ჰამერის ძვირფასი კოლექციის გამოფენა, ჩვენ გამოფენას ვესწრებოდით და ერთმანეთში ვსაუბრობდით. იქ ერთი ძალიან უცნაური რამ მოხდა და არც ვიცი ამის დაწერა თუ შეიძლება. საუბრის დროს ხშირად ვახსენებდით თბილისს და მე ერთხელ ვახსენე ტიფლის, ანუ ადრე რომ ტიფლისი ერქვა... ამის გაგონებაზე ჰამერმა ხმამაღლა წამოიყვირა, ღმერთო ჩემო, ისევ ტიფლისში ვარო? იგი ხომ ადრე ნამყოფი იყო თბილისში, მაგრამ მეორე ვიზიტზე ერთმანეთს ვეღარ დაუკავშირა.

- ანუ არც იცოდა, სად იყო?

- ქალაქი იმდენად იყო შეცვლილი, ვეღარ იცნო. მერე კი აღფრთოვანდა, ისევ ტიფლისში ვარო. ქალაქის დასათვალიერებლად რომ გამოვედით, მე ჰამერის მანქანაში ვიჯექი, გურამ ენუქიძე ჩვენს წინ მიმავალ მანქანაში იმყოფებოდა. მაშინ სამთავრობო ჩაიკები იყო, მოგეხსენებათ. მცხეთისკენ მივემართებოდით და უცებ ჰამერი გვეუბნება, მანქანა მოაბრუნეთ, დავიღალე და აეროპორტში მსურს წასვლაო... საშინელ დღეში ჩავვარდით, რადგან შუაგულ ექსკურსიაში ვიყავით. რაღას ვიზამდით, დავემორჩილეთ და წავედით აეროპორტისკენ. მობილურები არ იყო ჯერ შემოსული და სხვა მანქანაში მყოფებს ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ რაციებით შევატყობინეთ. გურამ ენუქიძე გაგიჟდა, სად მიდიანო. როგორია ცეკას მდივანი წინ მიდის და ჩვენ უკან მივტრიალდით... აეროპორტში მის თვითმფრინავში შესვლის უფლება მქონდა და ნახატი შევუტანე, რომელიც ზურაბ წერეთელმა საჩუქრად მოუტანა. ჰამერი უკვე თავის საძინებელში იყო, იქ ვუჯექი და ვესაუბრებოდი. ღრმად მოხუცი ძალიან დაღლილი ჩანდა ყველაფრით და მხოლოდ დასვენება სურდა. მას საქართველო ძალიან მოეწონა, მაგრამ ამხელა ასაკში და ამხელა ფულის პატრონს უკვე აღარაფრის თავი ჰქონდა. სამწუხაროდ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ ჰამერი მალევე გარდაიცვალა.

"ვფიქრობ, ჩემში ინტერესი და ენთუზიაზმი დაინახეს..." - ვინ არის 17 წლის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აშშ-ს უნივერსიტეტმა 100%-იანი დაფინანსებით მიიღო

მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი მდგომარეობა?

კორონავირუსის 1808 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?