ავტორი:

"რეალურად, არც სააკაშვილი და არც ემიგრანტები საქართველოში დამბრუნებლები არ არიან" - როგორ აფასებენ ექსპერტები ლიეჟის მოვლენებს

"რეალურად, არც სააკაშვილი და არც ემიგრანტები საქართველოში დამბრუნებლები არ არიან" - როგორ აფასებენ ექსპერტები ლიეჟის მოვლენებს

ხელჩართული ჩხუბი და წიწაკიანი სპრეი ლიეჟში - ბელგიის ქალაქ ლიეჟში 10 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს, მმართველი ძალა კი - პირიქით. ფაქტია, ერთ ჩვეულებრივ შეხვედრაზე დღეს საქართველოსა თუ ევროპაში აქტიურად საუბრობენ.

ჯაბა წულაძე უკვე 3 წელია, რაც ემიგრაციაში იმყოფება. ამბობს, რომ "ქუჩაში" ყოფნით დაიღალა, ამიტომ სამშობლოში დაბრუნება უნდა, ამისთვის კი ყველაფრისთვის მზადაა. სწორედ ამის გამო ჩავიდა 10 თებერვალს მეგობრებთან ერთად ბელგიაში.

"მესამე წელია ემიგრაციაში ვარ. ხალხი ქუჩაში ცხოვრებით დაიღალა, ვგულისხმობ იმას რომ, როცა შენ შენს ქვეყანაში არ ცხოვრობ, ქუჩაა, ამიტომ ერთად სახლში! ემიგრანტების დიდ ნაწილს სამშობლოში დაბრუნება უნდა. თითქმის ყველა ქვეყნიდან იყვნენ ემიგრანტები ჩამოსულები. მე საფრანგეთიდან მეგობრებთან ერთად ვიყავი ჩასული. როგორც მითხრეს, იყო უმნიშვნელო პროვოკაციები. ეს გარეთ ხდებოდა. დარბაზში თემურ შაშიაშვილი გამოჩნდა და როდესაც მესამე პრეზიდენტი გამოდიოდა სიტყვით, მაშინ მოინდომა მისვლა და რაღაცის თქმა. ვფიქრობ, მიზანმიმართული პროვოკაცია იყო ესეც. ხალხის განწყობა ძალიან ამაღლებულია. ამ ადამიანებს სახლში უნდათ წასვლა და ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად წავალთ... ეს გარდაუვალია!

როდესაც მესამე პრეზიდენტი მართავდა ქვეყანას, მილიონ 200 ათასი ემიგრანტი იყო. დღეს ეს რიცხვი ორჯერ გაიზარდა. სირცხვილია 5 მილიონიან სახელმწიფოს, 2 მილიონი ემიგრანტი ჰყავდეს. საქართველოა ეს და არა ზიმბაბვე ან კოდ-დიუარი... სააკაშვილი არ უნდა იდევნებოდეს, ადამიანმა თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა, ისეთი ხელისუფალი დამისახელეთ, რომელსაც შეცდომა არ მოსვლია. ამას ვინც ვერ აანალიზებს, მეცოდება. მისი დაბრუნების დღევანდელ ე. წ. ხელისუფლებას ეშინიათ. თუმცა უახლოეს მომავალში მოუწევთ ამის ხილვა. უნდა ეს, თუ არ უნდა ვინმეს, ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს სამშობლოში! იცით ჩვენი ქართველობის მტერი ვინ არის?! ისევ ქართველი... სხვა ჩვენი მომრევი არავინაა. იმიტომ რომ ნიჭს ვკლავთ...", - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბრისას საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტი ჯაბა წულაძე.

კიდევ ერთი ემიგრანტის ქეთავან ლორთქიფანიძის თქმით, ეს შეხვედრა ვინმეს მხარდამჭერი არ იყო, უბრლალოდ, მისი თქმით, ყველა ემიგრანტმა ბიძინა ივანიშვილს "არა" უნდა უთხრას.

"ეს არ იყო ბედნიერების მიზეზით შეკრება. პირიქით, წესით ადვილი წარმოსადგენია, როგორ უნდა უჭირდეს საქართველოს დღეს, რომ 10 თებერვლის შეხვედრა ჩანიშნულიყო ემიგრანტების დღიურში. არც - ვინმეს მხარდასაჭერი აქცია. ეს იყო მოძალადე, მოღალატე, უვიცი ბიძინასა და მისი ხროვისთვის -ა რ ა! რა ხროვაა, კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა. 5000 კმ.ზე ლიეჟში ჩამოსვლა კი არა, 120 კმ.-შია ატოცი და დღეს თუ რამეა გასაპროტესტებელი საქართველოში, ეგაა!", - წერს სოციალურ ქსელში ლორთქიფანიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ემიგრანტებთან სააკაშილის შეხვედრას მესამე პრეზიდენტის პიარ-ნაბიჯად აფასებს. მისი აზრით, სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელი არაა. თუმცა მისივე თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ეს პროცესი გადმოვიდეს ქვეყნის შიგნით და ეს იქნება ძალიან სახიფათო პროცესი.

"ბელგიაში მომხდარი ინციდენტი სააკაშვილზე პირდაპირ ასახვას ვერ ჰპოვებს, რადგან მასთან დაკავშირებით საზოგადოებაში განწყობა უკვე შექმნილია და ამის შეცვლა ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, პრობლემა აქ სააკაშვილი არ არის. პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში არის რთული ვითარება და ამის ასახვა ფრაგმენტულად მოხდა ბელგიაში. იქ მოხდა გარკვეული დაპირსპირება სააკაშილის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის. ეს იმდენად დიდი პრობლემა არაა, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ ეს პროცესი შეიძლება გადმოვიდეს ქვეყნის შიგნით და ეს ძალიან სახიფათო პროცესი იქნება. ამიტომ ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ამ მიმართულებას თვალი უნდა ადევნოს, რომ ეს ყველაფერი სტაბილურობისა და ნორმალური ურთიერთობის ფარგლებს არ გაცდეს.

თორემ რეალურად არც სააკაშვილი და არც ემიგრანტები საქართველოში დამბრუნებლები არ არიან. ის, რაც მოხდა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, ამის განმეორება ფაქტიურად გამორიცხულია. თუმცა ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზეც, რას იზამს და რას გააკეთებს. სააკაშვილი საქართველოში მაშინ ჩამოვა, თუ მას ექნება გარანტია, რომ არა მარტო არ გაასამართლებენ, არამედ დაცული იქნება ყოველგვარი მოულოდნელობისაგან. როდესაც ის მბობს, რომ ჩამოვალ საქართველოშიო, ეს არის უბრალოდ პაირის გაკეთება მისი მომხრეებისთვის. სააკაშვილი ჩამოვა მაშინ, თუ ხელისუფლება შეიცვლება", - გვითხრა ძაბირაძემ.

გია ხუხაშვილის თქმით, ორივე ძალას სურს ქვეყანა მუდმივი ოპონირების ნეგატიურ ნარატივში ჩატოვოს, რაც საბოლოოდ ქვეყნისთვის კარგი შედეგის მომტანი არ არის.

"მიმდინარე პროცესი აბსოლუტურად არაჯანსაღია. "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ერთგვარი სიმბიოზი ცდილობს, რომ აქტუალურობა შეინარჩუნოს მანკიერი ორპოლუსიანი ვითარებით. მათი დაპირისპირება ერთგვარი ოჯახური გარჩევაა, თუ ვის დარჩება მემკვიდრეობა კოლექტიური მურუსიძის სახით. აქ მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა - ქართული საზოგადოებისთვის. ორივე ძალას სურს ქვეყანა მუდმივი ოპონირების ნეგატიურ ნარატივში ჩატოვოს.

სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არა პოზიტიური დღის წესრიგის შემუშავებით არის დაინტერესებული, არამედ გვტოვებს ნეგატივში, მუდმივად ცდილობს მოახდინოს სპეკულირება "ანტიმიშას ფაქტორზე" და ამით გავიდეს ფონს. ეს სავალალო რეალობაა," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები