ავტორი:

ხილიანზე, დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ხილიანზე, დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავა. როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, დაკავებული დ.ვ. იმ საცხოვრებელი სახლის მეპატრონეა, სადაც რამდენიმე საათის წინ ხილიანზე ხანძარი გაჩნდა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს.ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით", - აცხადებენ შს სამინისტროში.

მეზობლების ინფორმაციით, დაკავებული პირი დედაზე სისტემურად ძალადობდა. მათი თქმით, მამაკაცი ხშირად იმუქრებოდა, რომ სახლს გადაწვავდა, დღეს კი მის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. მეზობლები ვარადობენ, რომ ხანძარი მამაკაცმა გამიზნულად გააჩინა, ვინაიდან მსგავსი ფაქტი დ.ვ-მ გასულ წელსაც ჩაიდინა, როდესაც საცხოვრებელ სახლში დედა და მისი ძმა იმყოფებოდნენ. ჩიქოვანის ქუჩის მცხოვრებლები არ გამორიცხავდნენ, რომ ხანძრის დროს დაკავებულის დედა სახლში იმყოფებოდა და მათ ის გარდაცვლილი ეგონათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შუახნის ქალბატონი, მას შემდეგ, რაც შვილი ფიზიკურად გაუსწორდა, თავშესაფარში იმყოფებოდა. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ხანძარს, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვევა, არის თუ არა აღნიშნული პირი ხანძრის გაჩენასთან კავშირში.

VIDEO: "ჯერ დედა მოკლა ცემით და მერე სახლი დაწვა" - რას ჰყვებიან მეზობლები ხილიანზე გაჩენილ ხანძარზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს