ავტორი:

ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანები ქართულ ენაზე წიგნად პირველად გამოიცა

ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანები ქართულ ენაზე წიგნად პირველად გამოიცა

„ჭეშმარიტების მთხრობელი ავტორი“ - ასე აფასებს ურუგვაელ მწერალს, მარიო ბენედეტს ლიტერატორი ზაალ ჩხეიძე. ბენედეტის რომანები ქართულ ენაზე წიგნად პირველად გამოსცა გამომცემლობა „პალიტრა L-მა“სერიაში „ლიტერე ინვენტე“. წიგნის წარდგენა 12 თებერვალს მაღაზიაში „სტამბის წიგნები“ გაიმართა. ახალი გამოცემა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა და მთარგმნელმა, ელზა ახვლედიანმა წარადგინეს. ლიტერატორმა, ზაალ ჩხეიძემ წაიკითხა ლექცია მარიო ბენედეტის შესახებ.

მარიო ბენედეტი 80-ზე მეტი წიგნის ავტორია. ისინი 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ესპანურენოვან ლიტერატურაში მწერალი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ავტორადაა მიჩნეული. აქტიური იყო ჟურნალისტურ საქმიანობაშიც.

„მარიო ბენედეტი სამხრეთ-ამერიკული ლიტერატურის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ის არის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი მწერალი, არა მხოლოდ ესპანურენოვან მკითხველში, არამედ მთელ ევროპაში. ვფიქრობთ, რომ მისი წიგნი ძალიან კარგი შენაძენი იქნება ჩვენი მკითხველისთვის,“ - ამბობს მარიო ბენედეტის ქართული გამოცემის რედაქტორი, მაია ალუდაური.

ქართულ გამოცემაში მარიო ბენედეტის ორი რომანია შესული: „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“.

რომანში „სულის მოთქმა“ შუახნის ქვრივი მამაკაცის ერთფეროვან, უსიხარულო ცხოვრებაში თითქმის დაუჯერებელი რამ ხდება. მას ეწვევა ნამდვილი სიყვარული, რომელიც აქამდე განუცდელი აღმაფრენით ავსებს.

რაც შეეხება მეორე რომანს - „მადლობა ცეცხლისთვის“, ეს არის ამბავი ახალგაზრდა კაცისა, რომელიც ვეღარ უძლებს საკუთარი მამის უსამართლობას, მაგრამ მასთან ბრძოლის ძალა არ შესწევს. მწერალი უდიდესი ოსტატობით გადმოსცემს ამბავს ერთ ცნობილ ოჯახზე, სადაც ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი სამი თაობაა წარმოდგენილი და სადაც დამანგრეველი ძალით დუღს სიყვარულიც, სიძულვილიც, შიშიც, გამბედაობაც, ღალატიც, ერთგულებაცა და სასოწარკვეთაც.

„აბსოლუტურად ყველა მოძრაობა, რომელიც ბენედეტის ნაწარმოებებში შეგხვდებათ, შეიძლება იყოს უკიდურესად მსუბუქი. განსაკუთრებით, რომანში „სულის მოთქმა“. რაც შეეხება რომანს, „მადლობა ცეცხლისთვის“, ეს ცოტა უფრო განსხვავებულია, ცოტა უფრო პოლიტიკური და საზოგადოებრივი, შეიძლება ითქვას.“ - ამბობს, ზაალ ჩხეიძე. მისივე თქმით, ბენედეტი სადად და ფაქიზად წერს ადამიანურ თემებზე: „ბაბუა რომ დაჯდება და ამბავს მოუყვება შვილიშვილს, დაახლოებით ასეთი ამბავია ბენედეტის რომანები. თუკი არსებობს ჩვეულებრივი მწერლობა, ბენედეტი არის ჩვეულებრივი მწერლობის ყველაზე უფრო კლასიკური წარმომადგენელი.“ - აღნიშნავს იგი.

„თანამედროვე ლათინურ-ამერიკულ ლიტერატურაში მოძალებული მითოლოგიური პროზის, მაგიური რეალიზმის, უსაზღვრო ფანტასტიკისა და ფილოსოფიური წიაღსვლების ფონზე, ურუგვაელი მწერლის მარიო ბენედეტის პროზა, ჩვეულებრივი ამბებისა და ძველმოდური ფსიქოლოგიზმით გამსჭვალული გმირების გამო, მკითხველს შეიძლება მეტისმეტად ყოფითიც კი მოეჩვენოს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე: მარიო ბენედეტის შემოქმედება ღრმად რეალისტურია, წინა პლანზე წამოწეულია სოციალურ-ზნეობრივი პრობლემები, გმირთა სულიერი სამყარო,“ - ასე ახასიათებს ავტორს მთარგმნელი ელზა ახვლედიანი.

გარდა იმისა, რომ ბენედეტი რომანისტი და ესეისტი გახლდათ, მისი მონაწილეობით 1992 წელს გამოვიდა არგენტინული დრამა - „გულის ბნელი მხარე“ (El lado oscuro del corazón). ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა პოეტია, რომელსაც თავის გასატანად საკუთარი იდეების სარეკლამო კომპანიისათვის მიყიდვა უწევს. ფილმის სცენარს საფუძვლად მარიო ბენედეტის ლექსებიც დაედო.

ქართველ მკითხველს სამხრეთ-ამერიკელი მწერლის შემოქმედების გაცნობა უკვე შეუძლია. ბენედეტის რომანების ქართული თარგმანი წიგნის მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს