ავტორი:

"1904 წელს სოფელი ლაილაში მთლიანად დაიწვა..." - როგორ ებრძოდნენ ძველად ხანძრებს და ვინ იყო ერთადერთი აფრო-ამერიკელი მეხანძრე თბილისის ბრიგადიდან

"1904 წელს სოფელი ლაილაში მთლიანად დაიწვა..." - როგორ ებრძოდნენ ძველად ხანძრებს და ვინ იყო ერთადერთი აფრო-ამერიკელი მეხანძრე თბილისის ბრიგადიდან

ხანძარი და ისევ, სხვა სტიქიური მოვლენები, სამყაროს გაჩენის დღიდან არსებობდა და კაცობრიობაც მასთან ისე ახერხებდა ბრძოლას, როგორც შეეძლო, უმეტესად შიშველი ხელებით... მოგვიანებით, ვიდრე თბილისში სახანძრო რაზმი ჩამოყალიბდებოდა, ზოგჯერ ხანძრის ჩაქრობას ყარაჩოღელთა ამქარი ცდილობდა. ორთაჭალის ბაღში ქეიფისას ან სადმე სხვაგან ყოფნისას, თუ შენიშნავდნენ, რომ რომელიმე სახლს ცეცხლი ეკიდა, მაშინვე ცხენებს შემოახტებოდნენ და საშველად გარბოდნენ.

მაშინდელი თბილისის მოსახლეობამ, ყარაჩოღლებს "ხანძარჩი" შეარქვეს, რაც თურქულად ხანძრის ჩამქრობს ნიშნავს. რადგან მაშინდელ დედაქალაქში წყალგაყვანილობის სისტემა არ იყო და წყალს თულუხჩებით, ტიკებითა და რუმბებით ეზიდებოდნენ, რომელსაც ყიდულობდნენ, თუმცა თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, კომერციული მაქინაციები მაშინაც იყო, თუ სხვა დროს ლიტრი წყალი 5 კაპიკად იყიდებოდა, ხანძრის შემთხვევაში მისი ფასი 15-20 კაპიკი ხდებოდა.

საკმაოდ ვრცელ დარბაზში, ძირითადად, საბჭოთა დროინდელი ინფრასტრუქტურის მაკეტებია წარმოდგენილი, არადა ვიცი, რომ დღევანდელი მეხანძრეები საკმაოდ განვითარებული და მოხერხებული იარაღებითა და სამოსით არიან აღჭურვილნი... როგორც ჩანს, შესაბამისმა სამსახურებმა მუზეუმის გასაახლებლად ჯერჯერობით ვერ მოიცალეს... სახანძრო სამსახურის ტექნიკური მუზეუმის ხელმძღვანელი ლაურა ოზაშვილი, რომელიც დაახლოებით 40 წელია იქ მუშაობს, მოგვითხრობს, თუ რა გზა გაიარა მეხანძრის პროფესიამ და სახანძრო სამსახურმა, ცეცხლის თულუხჩებით ჩაქრობიდან, მეხანძრე რობოტის გამოყენებამდე...

- პირველი სახანძრო ბრიგადა, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, თბილისში, 1825 წელს ჩამოყალიბდა და თავდაპირველად 25 კაციანი შემადგენლობით მუშაობდა, მათი სამსახური ჩაიკოვსკის 5 ნომერში იყო განთავსებული... მეხანძრეებს ბრანდმეისტერი ხელმძღვანელობდა. პირველი ბრანდმეისტერი კი, ალექსანდრე კალმიკოვი იყო. მაშინ, მეხანძრეთა ბრიგა პოლიციის შემადგენლობაში შედიოდა და მასვე ექვემდებარებოდა.

მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო სახანძრო მანქანები, არც სპეცტექნიკა და მეხანძრეებს შემთხვევის ადგილზე გასვლა ცხენებით უწევდათ, წყალი კი, ისევ თულუხჩებით, ტიკებითა და რუმბებით მიჰქონდათ. ხანძრის შემთხვევაში, სიგნალის დროულად მისაღებად, ძალიან მაღალი კოშკურები ააგეს, რომელზეც მეხანძრეები თავად მორიგეობდნენ. ისინი კოშკურიდან ხელისგულივით გადაშლილ დედაქალაქს მეთვალყურეობდნენ. იმ წლებში თბილისი ამხელა არ იყო...

- როგორ ანიშნებდნენ ხანძრის შემთხვევაში?

- მისი დანახვისთანავე მორიგეები კოშკურიდან სხვადასხვა უბნის მიხედვით სხვადასხვა ფერის ბურთებს ფენდნენ, უბნები ფერებით იყო განსაზღვრული, მაგალითად, წითელ ბუშტი, ავლაბარში ძანძრის გაჩენას ნიშნავდა, ლურჯი - სოლოლაკს... თუ ხანძარი ღამე ჩნდებოდა, კოშკურის თავზე განათებულ ფანრებს კიდებდნენ და მისი რაოდენობის მიხევდით ირკვეოდა, სად, რომელ უბანში იყო ხანძარი...

- რა ხდებოდა მაშინ, როდესაც ხანძარი მაღალ სართულებზე ხდებოდა?

- მაშინ სახანძრო კიბეები არ არსებობდა და ასეთ შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის ხანძრისგან გადარჩენა შეუძლებელი იყო... ასე განადგურდა ხანძრისგან თბილისში არსებული საოპერო თეატრი, სადაც ცეცხლი ორჯერ გაჩნდა... ის მაშინდელი ერევნის მოედანზე, ახლანდელი თავისუფლების მოედანი, იტალიელმა არქიტექტორმა რასტრელიმ ააშენა და იმდრიუნდელ ევროპაში სილამაზით განთქმული იყო. ცნობისთვის, ეს ის თეატრია, რომელიც ალექსანდრე დიუმას "კავკასიაში" აქვს აღწერილი და აღნიშნავს, "მე ასეთი სილამაზის თეატრი აქამდე არსად მინახავსო". შენობის პირველ სართული სომეხი ვაჭრების მაღაზიებს ჰქონდათ დათმობილი, რომლის მფლობელიც ასევე სომეხი სოვდაგარი, თამამშევი იყო...

- რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი?

- გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელს, ფართლეულით მოვაჭრე ლაზარევს, ჯერ საკუთარი მაღაზია დაუზღვევია, შემდეგ კი იქარობა გადუწვავს... ერთი სიტყვით, მეხანძრეების ძალისხმევის მიუხედავად, შენობა მთლიანად განადგურდა. მეორედ, ხანძარი უკვე რუსთაველის გამზირზე აგებული ოპერის თეატრს გაუჩნდა, ეს იყო 1973 წელს. ცეცხლი ერთდროულად 5 ადგილას გაჩნდა და პარტერი, სცენა და გასულის საუკუნის 60-იან წლებში შექმნილი და სერგო ქობულაძის მიერ მოხატული ოპერის სავიზიტო ბარათად ქცეული ულამაზესი ფარდაც დაიწვა. საბენდიეროდ, შემდეგ ის აღადგინეს... ხანძრის მასშტაბურობის მიუხედავად, შენობის გარეთა ფასადი გადარჩა... ბევრი მიეზი გამო, მას შემდეგ რაც ტექნიკა განვითარდა, ოპერაში დამონტაჟდა ავტომატური ცეცხლსაქრობი მოწყობილობა, როგორც კი ავტომატური შეტყობინების სისტემის ხანძრის შესახებ ინფორმაციას იღებს, რკინის სახანძრო ფარდა იხურება და მაყურებელს მოსალოდნელ პანიკისგან იცავს. ფარდა 18,5 ტონას იწონის და სიმძიმის მიუხედავად, წუთ-ნახევარში ეშვება...

- რა ხდებოდა რეგიონებში, როგორ ებრძოდნენ მაშინდელ საქართველოს ხანძარს?

- იმ წლებში რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ბევრი არაფერია შემონახული, მხოლოდ ის ვიცით, რომ თბილისის შემოგარენში, დედალაქის სახანძრო ბრიგადა გადიოდა გამოძახებებზე... იმ წლებში, საკმაოდ ხშირი იყო ხანძრები დასავლეთ საქართველოში, სადაც აღმოსავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, სახლები და ღობეებიც კი ქვის, ან აგურისგან ჰქონდათ ნაშენი, მაგრამ უშუალოდ საცხოვრებელი სახლი, ხით იყო ნაშენი. განსაკუთრებით მასშტაბური ხანძარი ყოფილა ქუთაისში 1928 წელს, რა დროსაც თითქმის მთლიანად განადგურდა ებრაელების უბანი. მის ჩასაქრობად, თბილისიდან მატარებლით ჩავიდა მეხანძრეთა ბრიგადა, მაგრამ რატომღაც ადგილზე ვერ ჩააღწია... კიდევ ერთი ცნობის თანახმად, უფრო ადრე, 1904 წელს მთლიანად დამწვარა ლეჩხუმის რაიონი სოფელი ლაილაშიც, სადაც არსებული ინფორმაციით, ხანძარი ღამე გაჩნდა, თან ქარი ყოფილა, 150 სახლი და 30 მაღაზია მთლიანად დამწვარა. ადამიანური დანაკარგი შესახებ ცნობები არ არსებობს...

- არსებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურებში ქალების მიღებაც დაიწყება. თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ სამსახურში ქალებსაც ემუშავათ...

- კი, მეორე მსოფლიო ომის დროს, ორი სოხუმელი ქალი მუშაობდა, რუსები, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ კაცები ომში იყვნენ. ეს ქალები, ისეთ ადგილებში შედიოდნენ, სადაც იცოდნენ, რომ ქალი ცხოვრობდა მარტო, ანუ მამაკაცის შესვლა უხერხული არ ყოფილიყო.

- ძალიან დიდი ინტერესი გამოწვია აფრო-ამერიკელმა, რომელიც გასული საუკუნის თბილისში მეხანძრედ მუშაობდა. რა იცით მის შესახებ?

- დიახ, ბაშირ შამბე ერთადერთი აფრო-ამერიკელი მეხანძრე იყო, რომელიც თბილისის ძველ სახანძრო რაზმში მსახურობდა. რუსეთის მეფობის დროს, ის რუს "კნიაზს" უყიდია ერთ-ერთ მონათა ბაზარზე და შემდეგ, რომელიღაც ქართველი თავადისთვის უჩუქებია... გასაბჭოების შემდეგ, შამბეს ბატონი მენშევიკებთან ერთად საფრანგეთში ემიგრაციაში წასულა, თუმცა აშამბე არ გაჰყოლია, ეს არის ჩემი ქვეყანაო. აქ დარჩა, თბილისში სახანძრო სამსახურში დაიწყო მუშაობა, სადაც ღრმა მოხუცებულობამდე იმსახურა. შამბეს რუსი ქალი მიუყვანია ცოლად და მისი მულატი შვილიც აქ მუშაობდა, თბილისის სახანძრო სამსახურში. მასაც რუსი ქალი ჰყოლია ცოლად... მუშტაიდის მეხანძრეთა განყოფილებაში იყო დასაქმებული. მამა-შვილი შესანიშნავად ფლობდა ქართულ და რუსულ ენებს. მე მახსოვს, რომ როდესაც მეხანძრეთა პატივსაცემად ღონისძიბები იმართებოდა, მულატი ნიკოლოზ შამბეც ყოველთვის მოდიოდა და საპატიო სტუმრების სიაში გვაყვდა...

- 13 ივნისის ტრაგედიის კვალიც შევნიშნე...

- დიახ, ალბათ ყველას კარგად ახსოვს ზურა მუზაშვილი, რომელიც 2015 წელს 13 ივნისის ღამეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა... მან 7 ადამიანის გადაარჩინა, თავად სამშვიდობოს ვერ გამოვიდა... მისი კუთხე ცალკე გვაქვს, როგორც გმირის, რომელსაც თავისი პროფესიის სირთულე გაცნიბიურებული ჰქონდა და წამით არ დაფიქრებულა, ისე გაწრია საკუთარი სიცოცხლე. ცოტა უფრო შორს თუ წავალთ, აუციელებლად უნდა გავიხსენოთ, სერგო ბაიდაშვილი, რომელიც თბილისის სამოქალაქო ომის დროს კიტოვანის შტაბში წაკიდებულ ცეცხლს აქრობდა, რა დროსაც ესროლეს და ადგილზე დაიღუპა... ასევე, ივანე ქსოვრელი, რომელაც 70-იან წლებში, ცეცხლმოკიდებული საბავშვო ბაღის შენობიდან ყველა ბავშვი გამოიყვანა. შემდეგ კი, ისევ შენობაში შებრუნდა, ვინმე ხომ არ დამრჩაო და სწორედ ამ დროს, ცეცხლმოკიდებული შენობა ჩამონგრა და მასში მოჰყვა.. ჩვენი მეხანძრეები, თავიანთ მოვალეობას 2008 წლის აგვისტოშიც ასრულებდნენ, მაშინ გახსოვთ ალბათ რუსული მხარე აქტიურად გვებრძოდა ტყის ხანძრებითაც, კონფლიქტის რეგიონებში, ჩვენი მეხანძრეები კი, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად აქრობდნენ მას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ