ამერიკელები ჩვენი მეგობრები არიან, ხოლო ამერიკელთა უფროსობა ანუ ის ხალხი, ვინც ამ მეგობრობას უზრუნველყოფს, - კიდევ "უფრო მეგობარია"! ამას ისე კი არ ვამბობ, "ზეპირად", ან იმას კი არ ვგულისხმობ - სტრატეგიულ კავშირებს და მთელი ამბავი! არა, ისე, ყოფით დონეზეც, ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით... რა ადამიანური და "ყოფითი ურთიერთობა" გქონდა შენ ამერიკის ხელისუფლებასთანო? - მკითხავთ და ახლავე გიპასუხებთ: გამოვედი, ბატონო, სახლიდან, გავაჩერე ტაქსი, მისამართი ვუთხარი და მეჩქარება-მეთქი, დავაყოლე. ჩქარა ვერ ვივლითო - ტაქსისტმა. - რატომ-მეთქი? - და რა მითხრა, იცით?
- ჩვენი ჰილარაა ჩამოსული და გზებია გადაკეტილიო.
აი, ასე: ჰილარა! თანაც - ჩვენი!!! ჯიგრულად, შინაურულად... არც აგრესია და უკმაყოფილება, გზების გადაკეტვის გამო.
აბა, პუტინი ყოფილიყო! ასე იტყოდა?!
- პუტინია ჩამოსული, მაგის დედის... - და აქ ისე გააგრძელებდა, ჟურნალის ფართობი არ გვეყოფა!
ეს კარგი, ყველამ ვიცით ეს ამბავი და ყველას გვიყვარს "ჩვენი ჰილარა", მაგრამ იმას როგორ ვყვარებივართ?! მოიარა მთელი აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია (თუ კავკასია ცალკე არ უნდა მეთქვა? ალბათ, ალბათ - ჩვენც ხომ ევროპა ვართ! ეგ კი არა, ხალხი ვიცი, - უკვე "აღმოსავლეთი ევროპაც" "უტყდება") და ჩვენთან ბოლოს ჩამოვიდა! მახსოვს, ბავშვობისას, გურიაში ჩასულს, ჩამავლებდა ხელს ჩემი სტუდენტი მამიდაშვილი და ვიწყებდით "ტურნეს" სხვადასხვა სოფელში ნათესავებთან, თან მარიგებდა: ისე უნდა დავგეგმოთ, რომ ბოლოს, სადაც ყველაზე "კაი პურისჭამა" იციან, იქ მივიდეთ ღამე დასარჩენადო... ჰოდა, "ჰილარასაც" სცოდნია ეს "წესი" და ჩამოვიდა ბაქოდან თბილისში!
ჩამოვიდა და "შეუბერეს" მაგან და მიშამ, მაგრამ რა შეუბერეს! ახლა, კაცმა რომ თქვას, მთლად ჯორჯ "დაბლიუ" ბუშივით კურტუმო არ უქნევია და ურცხვად არ უცეკვია, მაგრამ იმისგან განსხვავებით, დალევით კარგად დალია! ღვინოც მაგრად მოეწონა: ჯერ, სანამ შეთვრებოდა, "კულტურულად" თქვა, - დაბალანსებული გემო აქვსო; მერე, ცოტა რომ "გაეხსნა" - სულ "ექსელენტ" და "ბიუთიფალ" იძახა; ბოლოს - მარტო ამ წყლით და ღვინით წახვალთ შორსო, ჰოდა, ქეც ახდენთ "სასტაულებსო"; სულ-სულ ბოლოს (ეს აღარ აჩვენეს ტელევიზიებმა) დამთვრალა და მთლად "უშუალო" გამხდარა - "ოეე, მიშა, შე ბუშის ძმაკაცო!
მაინც კაი ბიჭი ხარ!" აი, ასე იყო ეს ამბავი... არადა, მიშას რომ სადღეგრძელოს ეუბნებოდა და სასწაულებს ახდენთო, რომ აქებდა, გახსოვთ, როგორ სთხოვდა პრეზიდენტი: ეს რა არის, სასწაული ღამე უნდა ნახო შარდენზე, იქნებ გამოგვესეირნაო?.. იმან უპასუხა, - მაგისთვის ბებერი ვარო; ამან თავი გაიგიჟა, - ღმერთო, მომკალი, რა ესმის ჩემს ყურებს, მაგაში ვერ დაგეთანხმები, ზღვაზეც არ წამოხვალო?!. იმან, - ჩემმა ბილმა გამაფრთხილაო... მოკლედ, იჟღურტულეს, რა! ბოლოს გულდაწყვეტილმა მიშამ უთხრა, - შემდეგ უფრო დიდი ხნით ჩამოდი, რა არი, სულ დავეკარგეთ ერთმანეთს, მანამდე ახალ "სასწაულებს" მოგიმზადებთო (ვაჰ! "სასწაულზე" ძველი, მაგრამ მაგარი ანეკდოტი გამახსენდა. ბოლოს გეტყვით. ოღონდ მხოლოდ სიტყვა "სასწაულზე" გამახსენდა და ვინც სხვა პარალელს დაინახავს, თავის გარყვნილებას მოჰკითხოს)...
გაგვიგრძელდა "ჩვენი ჰილარას" ვიზიტზე საუბარი, მაგრამ ეს ბუნებრივია - ჩვენთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა ამ დღეებში, ჩვენთვის - საქართველოსთვის, თორემ ისე, ცხოვრება დუღდა მთელ მსოფლიოში: ნოღაიდელმა და პუტინმა "ხელოვნებაზე ისაუბრეს", კონკრეტულად - სკულპტურაზე; არგენტინის ნაკრებმა და დიდმა დიეგომ აფრიკაში "ჩაისვარეს" (რაც საქართველოში ზოგს მაგრად ეწყინა (მაგალითად, მე), ზოგს (ბოროტებს) - გაუხარდა. ამიტომ დავწერე სათაურში კლინტონის ცოლზე "ჩვენი", დიეგოზე - "ჩემი"); ზესტაფონში, ერთ-ერთ გუბეში ექვსმეტრიანი "ბუა" გამოჩენილა, ძაღლებს ჭამს და მოსახლეობა გარეთ ვერ გადის; სამაგიეროდ, იმ რეგიონში ბავშვებმა ჭამას უმატეს, რადგან, თუ არ ჭამენ, დედები რეალური "ბუათი" აშინებენ...
...ერთი ეგ "ბუა" მომცა ავლაბარში!
P.S. ბოლო აბზაცში ცოტა მოვიტყუე, როდესაც სათაურის "ანატომია" ავხსენი: არა, მარადონა-კლინტონზე კი ემთხვევა იმას, რაც ვთქვი, მაგრამ იდეა რომ დოჩანაშვილის მოთხრობიდან "ვისესხე", ეს მაინც უნდა ვაღიარო. "ჩემი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა" - ასე ჰქვია იმ მოთხრობას, მაგრამ ზემოთ აღწერილ ამბავთან მსგავსება, სამწუხაროდ, ამით მთავრდება: იქ შორიდან მოსული ჭკვიანი კაცი ისე გალახავს ადგილობრივ "გაბლატავებულ" ახალგაზრდას, თქვენი მოწონებული...
...დაპირებული ძველი ანეკდოტი "სასწაულზე":
გურული მოულოდნელად ბრუნდება შინ და დღისით-მზისით, თავის საწოლში, თავის ცოლთან ერთად, ვიღაც ტიტველი მუტრუკი დახვდება:
- ვინაა, ქალო, აი კაცი და რას შობა ჩემ ლოგინში?! - იღრიალა გამწარებულმა.
ბედნიერმა და დაქანცულმა ქალმა მშვიდად უპასუხა:
- რას შობა შენ ლოგინში და, სასტაულს შობა, სასტაულს!!!
პროვოკატორი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)