ავტორი:

ორსულ მოზარდს, რომელიც 4 წლის წინ "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა, ლონდონში დაბრუნება სურს

ორსულ მოზარდს, რომელიც 4 წლის წინ "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა, ლონდონში დაბრუნება სურს

ბრიტანელი მოზარდი, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ 2015 წელს შეუერთდა ამბობს, რომ სახლში დაბრუნება სურს, ამის შესახებ BBC წერს.

შამიმა ბეგუმი, რომელმაც დიდი ბრიტანეთი ორ თანაკლასელთან ერთად 15 წლის ასაკში დატოვა, გამოცემამ The Times ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში აღმოაჩინა.

გოგონა ახლა 19 წლისაა და ის ორსულობის ბოლო თვეშია. ბეგუმი ამბობს, რომ მხოლოდ სახლში დაბრუნება სურს.

შამიმა სირიაში გამგზავრებას არ ნანობს, თუმცა გაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ხალიფატი დასრულებულია“.

„ისინი სულ უფრო ცოტანი რჩებიან. იმდენად ავიწროებენ ერთმანეთს და ისეთი კორუფციული გარიგებები ხდება, რომ არ მგონია, გამარჯვებას იმსახურებდნენ,“ - აღნიშნა ბეგუმმა.

მისივე თქმით, ორი შვილი მცირე ასაკში არასათანადო კვებისა და დაავადებების გამო გარდაეცვალა. ორი კვირის წინ კი გადაწყვიტა, გაქცეულიყო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ბოლო პუნქტიდან, აღმოსავლეთ სირიაში მდებარე სოფელ ბაღუზიდან. მიზეზად კი ორსულობას ასახელებს.

„საბოლოოდ, ამ ყველაფრის ატანა ჩემთვის შეუძლებელი იყო. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ სახლში დავბრუნდე, ბრიტანეთში“.

გოგონას თქმით, მისი 27 წლის ჰოლანდიელი ქმარი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოსთვის“ იბრძოდა, რამდენიმე კვირის წინ სირიის არმიას დანებდა და მას შემდეგ აღარ უნახავს.

„თაიმსთან“ ბეგუმმა აღნიშნა, რომ იცის, რას ფიქრობენ მასზე სამშობლოში - „ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც ჩემს შესახებ ონლაინ წერდნენ“.

„სახლში დაბრუნება მინდა მხოლოდ, რომ ბავშვი გავაჩინო. ყველაფერს შევასრულებ, რაც საჭიროა, უბრალოდ სახლში მინდა, ჩემს შვილთან ერთად,“ - განაცხადა შამიმამ.

გოგონა მეგობრებთან - კადიზა სულთანასთან და ამირა აბასთან ერთად ლონდონის გეთვიკის აეროპორტიდან 2015 წლის თებერვალში გაფრინდა.

როდესაც მათ სირიის საზღვარი გადაკვეთეს, ბეგუმის თქმით, რამდენჯერმე დააკავეს, რადგან ჯაშუშებად მიიჩნიეს.

სულ მალე ისინი რაქაში ჩავიდნენ, სადაც „ქალების სახლში“ მოათავსეს. 10 დღის შემდეგ ბეგუნი ჰოლანდიელ იაგო რიედიკზე დაქორწინდა.

გოგონა ამბობს, რომ თავდაპირველად ცხოვრება რაქაში ნორმალურად ჩანდა, არაფერი ჰქონდა საერთო ვიდეოებთან, რომლებსაც ინტერნეტით ავრცელებდნენ.

„თუმცა როდესაც პირველი მოკვეთილი თავი დავინახე, ჩემზე სრულიად არ უმოქმედია. ის ისლამის მტერი იყო,“ - იხსენებს შამიმა „თაიმსთან“.

ბეგუმმა და მისმა ქმარმა რაქა 2017 წელს დატოვეს და საბოლოოდ ბაღუზში გაჩერდნენ.

ბანაკში, სადაც ახლა შამიმა აფარებს თავს, 39 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მან „თაიმსს“ განუცხადა, რომ ბაღუზში კიდევ 2 ლონდონელი გოგონა ცხოვრობს.

„თუმცა, დაბომბვების შემდეგ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ცოცხლები გადარჩნენ,“ - აღნიშნა მან.

არ არის ცნობილი, მიიღებს თუ არა ბრიტანეთი ბეგუმის თხოვნას სახლში დაბრუნების თაობაზე, თუმცა სირიიდან ბრიტანეთის მოქალაქეების სამშობლოში მიღების შესახებ ზოგადად საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ „გადაწყვეტილებებს თავისი შედეგებიც აქვს“.

მისი თქმით, „ისლამური სახელწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნების მსურველები მზად უნდა იყვნენ დაკითხვისთვის, გამოძიებისთვის და ტერორიზმის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში - სასჯელისთვისაც.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე