ავტორი:

როგორ ეხმაურებიან "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

როგორ ეხმაურებიან "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი პოზიციებიდან გადაყენებას მოითხოვს, ხაზარაძე აპირებს ბოლომდე დაიცვას "თიბისი ბანკის" სამართლებრივი უფლებები - მისი ადვოკატი სებ-ის მოთხოვნას სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ითხოვს ეროვნული ბანკი ხაზარაძისა და ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერებას 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო, რაც გასაჩივრებისას ერთ-ერთი არგუმენტი იქნება.

"თიბისი ბანკის" გარშემო ხელახლა აგორებულ სკანდალს, დღეს გამოხმაურება მოჰყვა როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე საფინანსო სექტორში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არ არის ბიზნესზე ზეწოლა, რადგან საქმეში საკმაოდ სერიოზული ბრალდებებია.

კითხვაზე, ხომ არ შეასრულა ეროვნულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, როდესაც „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მოითხოვა, ქობულიამ უპასუხა: „ჩემი შეფასებით, აქ არის ძალიან დიდი სამართლებრივი კომპონენტი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში. ეს არის მათი პრეროგატივა.

ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არის სერიოზული. ამაში გარკვევა არის საჭირო და ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მთლიანად პოლიტიკურ პროცესს. დღესდღეობით არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ბიზნესზე ზეწოლა, იმიტომ, რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფაქტობრივი მტკიცებულებები. ამიტომ, ამ საკითხში უნდა გაერკვნენ კომპეტენტური ორგანოები“ - განაცხადა ეკონომიკის მინიტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ მნიშვნელობა ეროვნულ ბანკს კარგად ესმის.

"ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ "თიბისი ბანკი" არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს.

არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთ ესმოდეს „თიბისი ბანკის“ სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მითუმეტეს ჩემი მხრიდან" - განაცხადა გახარიამ.

„თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების ანაკლიის პორტთან კავშირს უსაფუძვლოდ მიიჩნევს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია. მისი თქმით, ეს „უფრო მეტად პოლიტიკური სპეკულაციის საგანია“.

"კანონი არის უზენაესი და ყველასთვის უნდა იყოს თანაბარი. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ცხადია, გარკვეული გარემოებიდან გამომდინარეობს, რომელშიც მე ეჭვს ვერ შევიტან. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ ყველა მხარეს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია და სიმართლე დააფიქსიროს.

რაც შეეხება ანაკლიასთან კავშირს, მე პირადად ამას უსაფუძვლოდ მივიჩნევ, ეს უფრო მეტად პოლიტიკური სპეკულაციის საგანია და ამ თემას ყველა სათავისოდ იყენებს. სწორედ მთავრობაა ამ პროექტის ძირითადი ხელშემწყობი და მან ბევრი რამ გააკეთა პორტის მშენებლობის დაწყებისთვის“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოპოზიცია კი მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკურ რევანშად მიიჩნევს. „შენების მოძრაობის" ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, ეს სიტუაცია ეროვნული უსაფრთხოების თემატიკის კლასიკური შემთხვევაა.

„მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები ნაკარნახევია პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით. ამ მოტივებით, 11 წლის წინანდელი გადაწყვეტილებების თაობაზე ხელახლა დაწყებული გამოძიება რამდენადაა სამართლებრივად დასაბუთებული, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას თუ საბანკო პრაქტიკას, ამ თემაზე ველოდები გაცილებით კომპეტენტური და საქმეში კარგად ჩახედული ადამიანების შეფასებებს და კომენტარებს…

მე მივმართავ ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ბანკთან დაკავშირებული თემები განვიხილოთ ისე, რომ გამოვარკვიოთ ჭეშმარიტება, რადგან ეს იმსახურებს ბოლომდე გარკვევას, რათა არ შეიქმნას პანიკა მთავარ ბანკთან დაკავშირებით" - განაცხადა უსუფაშვილმა.

"თიბისი ბანკთან" დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

"მაშინ, როცა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს, თავისი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ღონისძიების არგატარება მაშინ, როდესაც არსებობს ამ ღონისძიების გატარების იურიდიული საფუძველი, დააზიანებდა ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველის მიმართ სანდოობას და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკას.

და ბოლოს, აღვნიშნავ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ძლიერი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. რამდენადაც ვიცით, ამჟამად ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებთან და სტაბილურობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს" - განაცხადა ფრანსუა პეშომ.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს შეკითხვები, ბანკის ხელმძღვანელი პირების ბანკიდან განცალკევება გამართლებული ნაბიჯია.

"ბანკის აქციონერების მიმართ ბუნებრივია შეკითხვები შეიძლება არსებობდეს. ბუნებრივია ბანკის აქციონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება რომ ამ შეკითხვებს გასცენ შესაბამისი პასუხები.

როდესაც მიმდინარეობს პროცესი და ეს შეიძლება გრძელვადიან პერიოდში იქცეს უფრო მეტ დამაზიანებელ ფაქტორად, ასეთ შემთხვევაში განრიდება და განცალკევება ბანკის ხელმძღვანელი პირების და იმ პირების, ვის მიმართაც არის შეკითხვები, შეიძლება იყოს გარკვეულწილად ახსნილი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მამუკა ხაზარაძე ამბობს რომ, უკვე რვა თვეა მისი და ბადრი ჯაფარიძის წინაღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს. ვინ და რატომ შეიძლება იდგეს აღნიშნული კამპანიის უკან და რა შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მსხვილი ბანკის პრობლემებს - ამის შესახებ ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ გადაცემა "ნიუსრუმში" ისაუბრა.

"მე არ მინდა იმ შეთქმულების თეორიებში შესვლა და იმ მოარულ ჭორებზე საუბარი, როგორიცაა, რომ დაპირისპირება არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის და რომ ორ მდიდარ ადამიანს შორის გარჩევების ნაწილია ის, რაც ხდება კერძო ბანკის გარშემო. მინდა მჯეროდეს ბოლომდე, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში და არ ითვალისწინებს რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მოსაზრებებს.

თუმცა, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს აჩენს ის, რომ 11-12 წლის წინანდელ ტრანზაქციებს ეხება საქმე, რომელიც რატომღაც აქამდე ვერ გამოვლინდა, მაშინ როდესაც 30 000 ლარზე მეტი გადარიცხვა მომენტალურად ხდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შესწავლის საგანი... მით უმეტეს მილიონებს ეხება საქმე და ძალიან რთულია ეს თანხა დაიმალოს.

თუ კითხვის ნიშნები არსებობს, გამოძიება და რეგულატორი ბოლომდე უნდა დაინტერესდეს საკითხით, დამნაშავე უნდა დაისაჯოს - იქნება ეს სისხლის სამართლის საქმე თუ ადმინისტრაციული წესით, მაგრამ მე ვისურვებდი მეტ სიცხადეს, როგორც ეროვნული ბანკისგან, ისე „თიბისი ბანკისგან“, რადგან ამ შემთხვევაში სწორედ კომერციული ბანკი აღმოჩნდა ყველაზე დიდი რეპუტაციული დარტყმის ქვეშ...

იმედი მაქვს, "თიბისი ბანკი" წარმატებით გადალახავს ამ კრიზისს. მინდა დავამშვიდო ბანკის მომხმარებლები იმ მხრივ, რომ ფინანსური პრობლემები ამ ბანკს დიდი ალბათობით, არ ემუქრება, მომხმარებლები არ დაზარალდებიან ამ ქმედებების შედეგად. თუმცა, შესაძლოა დაზარალდეს ქვეყნის ეკონომიკა, რადგან ლონდონის საფონდო ბირჟაზე, "თიბისი ბანკის" პრემიუმ ლისტინგში, ანუ წარმატებული კომპანიების რიგში ყოფნა, არ არის ერთი და ორი წლის საქმე, ამას უყურებენ ინვესტორები და ამ ბანკების წარმატება არის ქვეყნის წარმატება" - განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ.

"რაც ნაკლები იქნება პროცესში პოლიტიკის ჩართვის მცდელობა, პროცესის დრამატიზირება და პანიკური აჟიოტაჟი, მით უკეთესი იქნება თავად ბანკისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ "ინტერპრესნიუსთან" "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა. ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ გლობალური კრიზისის შემდგომ პერიოდში, მსგავსი პრობლემები მსოფლიოს არაერთ ძლიერ ბანკს ჰქონია, მაგრამ ამით არც ამ ბანკების რეპუტაცია შელახულა, არც ეკონომიკა დანგრეულა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები