ავტორი:

"ათწლეულების წინ, ის საბჭოთა ოფიცერმა ჩამოიტანა..." - როგორ დაუბრუნა საქართველომ გერმანიას მე-17 საუკუნის ტილო

"ათწლეულების წინ, ის საბჭოთა ოფიცერმა ჩამოიტანა..." - როგორ დაუბრუნა საქართველომ გერმანიას მე-17 საუკუნის ტილო

მამუკა ბახტაძე დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით“ განთავსებას დაესწრო. ეს ტილო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.

ჩიტადინის ტილო დრეზდენის გალერეის საკუთრებაში იყო, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა. ტილო ჯერ საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი საქართველოში დარჩა და საქართველოს მოქალაქის, კერძო კოლექციონერის პირად საკუთრებაში აღმოჩნდა. ამის შემდეგ, მთავრობა ფერწერული ტილოს კანონიერი მეპატრონისათვის დაბრუნების საქმეში ჩაერთო.

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დრეზდენის გალერეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

“დღეს თქვენს ლამაზ და ისტორიულ მუზეუმს უბრუნდება პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ცნობილი ნატურმორტი და ვფიქრობ, ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ეს ტილო სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ჩვენი მოქალაქის კერძო საკუთრებაში, რომელიც რამდენიმე ათწლეულის წინ ერთ-ერთმა საბჭოთა ოფიცერმა ჩამოიტანა.

კერძო კოლექციონერმა გამოიჩინა კეთილი ნება, გადმოგვცა ეს ფერწერული ტილო და კანცლერის საქართველოში ვიზიტისას ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით.

აღნიშნული ნახატი მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა ქალაქ დრეზდენის სამუზეუმო სივრცეებს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღის შემდეგ, ეს ტილო კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში განაგრძობს, იყოს თქვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი. ამავე დროს, დღევანდელი დღე ქართველ და გერმანელ ხალხს შორის ჩამოყალიბებული ისტორიული მეგობრობის კიდევ ერთი მაგალითია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.

ცერემონიაზე ფერწერული ტილოს ისტორიაზე ისაუბრეს მუზეუმის ხელმძღვანელებმა და აღნიშნეს, რომ დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგულია 500-მდე ექსპონატი, რომელთაგან დღემდე მხოლოდ 56 დაბრუნდა. ჩიტადინის ფერწერული ტილოს ნახვა დამთვალიერებელს მუზეუმის ძველი ოსტატების (Alte Meister) გალერეაში შეეძლება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები