ავტორი:

ვინ არიან ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულები და რა სახელდება მომხდარის მოტივად

ვინ არიან ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულები და რა სახელდება მომხდარის მოტივად

20 თებერვალს თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 51 წლის ზვიად ჯაფარიძე მოკლეს, ხოლო ერთი პირი, ბესო ბიძინაშვილი დაჭრეს. საქმე სამართალდამცველებმა უკვე გახსნეს და სხვადასხვა ბრალდებით 5 პირი დააკავეს, თუმცა მათ შორის ზვიად ჯაფარიძის მკვლელობაში ბრალდებული არ არის. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულ ა.ბ-ს ძალოვნები ამ დრომდე ეძებენ.

რაც შეეხებათ დაკავებულებს, ჩვენი ინფორმაციით, მათ შორის არიან, ბიძა და ძმისშვილი: ზაზა და ლაშა სიხარულიძეები. ოფიციალური ინფორმაციით, ლაშა სიხარულიძეს ბესო ბიძინაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება ბრალი. ბიძას კი დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დაფარვას ედავებიან. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ასევე დაკავებულნი არიან: 36 წლის მიხეილ ხაჩიძე, 27 წლის ლევან პეტრიაშვილი და 31 წლის გიორგი დიდებულიძე. ჩვენი ინფორმაციით, ხუთივე პირის აყვანა ერთად მოხდა. ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ, როდესაც სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც ცნობილია, ზვიად ჯაფარიძე დამნაშავემ 7 ტყვია დაახალა, ერთი ტყვია მოკლულს თავის არეში აქვს მოხვედრილი. ამბობენ, რომ ნაწარმოებია საკონტროლო გასროლა. მოკლული ჯაფარიძე წარსულში არაერთხელ ნასამართლევია. პირველად იგი ციხეში ქურდობისთვის მოხვდა. 2006 წელს საკმაოდ მძიმე ბრალდებებით გაასამართლეს.მას ბრალად ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და გამოძალვა ედებოდნენ. ბოლოს კი 2016 წელს მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის მიეცა პასუხისგებაში, ანალოგიური დანაშაულისთვის იყო პასუხისგებაში მიცემული 2013 წელსაც.

ამ ეტაპზე უცნობია, რა უძღოდა წინ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას. ოფიციალურ ინფორმაციას ამაზე ძალოვნები ჯერჯერობით არ ავრცელებენ. ჩვენი წყაროს ცნობით კი, დაპირისპირება და საქმის გარჩევა ჯაფარიძესა და ბიძინაშვილს შორის მოხდა. ერთ- ერთი ვერსიით, მომხდარი წარსულში არსებულ კრიმინალურ დაპირისპირებასა და წყენას უკავშირდება. მეორე ვერსიით მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო.

კონკრეტულად რა სახის დაპირისპირება უძღვოდა წინ ამ დანაშაულს, ამაზე ჯერჯერობით არც დაკავებულების ადვოკატები საუბრობენ. ოფიციალურად ჯერ დაკავებულებისთვის ბრალი პროკურატურას არ წაუყენებია და ამიტომაც ადვოკატებს საქმის მასალები არ გადასცემიათ.

სავარაუდოდ, უახლოეს საათებში მოხდება მათთვის ბრალის წარდგენა და მასალების გადაცემა, რის შემდეგ ჩაინიშნება სასამართლო პროცესი და მოსამართლე დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

რაც შეეხება მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლაშა სიხარულიძეს, ჩვენი ინფორმაციით, ის ბრალს არ აღიარებს. თუმცა მისი ადვოკატი გიორგი ანთაძე ადასტურებს, რომ ლაშა სიხარულიძე იცნობდა როგორც მოკლულ ჯაფარიძეს, ასევე კლინიკაში მყოფ ბიძინაშვილს, რომლის მკვლელობის მცდელობაში მას ბრალი ედება.

ლაშა სიხარულიძე წარსულში ნასამართლევი პირია, ასევე ნასამართლევია ბიძინაშვილიც.

"ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, სანამ საქმის მასალებს არ გავეცნობი დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. უბრალოდ იმ მიზეზით, რომ არ ვიცი რეალურად რა მოხდა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ლაშა სიხარულიძეს რას ედავებიან. მისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არავის წარუდგენია, ზეპირსიტყვიერად უთხრეს ბრალზე, თუმცა ამ საქმესთან კავშირს ის გამორიცხავს, ბიძინაშვილსა და მას შორის რაიმე კონფლიქტი რომ ყოფილიყო, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის. არანაირ შემხებლობას დანაშაულთან არ ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ამიტომ ვერაფერს გეტყვით, გავეცნობით მასალებს და საქმის ირგვლივ მერე გესაუბრებით", - ამბობს სიხარულიძის ადვოკატი გიორგი ანთაძე.

თეა ხურცილავა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს