ავტორი:

"ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს? - გია ხუხაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე

"ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს? - გია ხუხაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე

115-კაციანი უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, "ქართული ოცნება" პარლამენტში 3/4-იან საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს.

დეპუტატების - ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ, უმრავლესობიდან გასვლაზე განცხადების გაკეთებისთვის გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი ემზადებიან. მათი გასვლის შედეგად, "ქართულ ოცნებაში" 111 დეპუტატი დარჩება, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ამასთან, ახალი კონსტიტუციით, მოქმედებს საკონსტიტუციო ცვილებების მიღების მეორე წესი, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ხმათა 2/3-ის უმრავლესობით განხორციელდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ის მას შემდეგ ამოქმედდება, თუ მომდევნო მოწვევის პარლამენტი მხარს დაუჭერს.

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს. ის ეკა ბესელიას გუნდის მესამე ძალად ჩამოყალიბებას, ამ ეტაპზე სკეპტიკურად უყურებს.

გია ხუხაშვილის თქმით, ეკა ბესელიას დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია და ამას ამომრჩეველი მას ხშირად შეახსენებს.

„ამ ეტაპზე სკეპტიკურად ვუყურებ ამ პლატფორმის შესაძლებლობებს ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ძალიან დააგვიანეს, ის პრობლემები, რაც მათი მხრიდან არის მიზეზად მოყვანილი, დღეს არ გაჩენილა, ის რამდენიმე წელია არსებობს და შესაბამისად, ეს დაგვიანებული რეაგირება არადამაჯერებლად გამოიყურება. ჩვენი ამომრჩეველი საკმაოდ გამოცდილია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეამჩნიოს. მე პირადად მზად ვარ უკან არ გავიხედო, არ ვიქიკილო ამ დაგვიანებაზე და ვითანამშრომლო, მაგრამ ამომრჩეველს ვერ მოატყუებ. მას ეს პრეტენზია ბესელიასთან ყოველთვის ექნება, რომ 2019 წელს აღმოაჩინა ის, რა პრობლემაც 2013 წლიდან უკვე საკმაოდ ადვილი დასანახი იყო“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად „ნაციონალურ მოძრაობად“ იქცა, ამიტომ „ოცნების“ წევრებს მოუწოდებს, დატოვონ გუნდი.

„ეკა ბესელიას მიერ „ქართული ოცნების“ დატოვება გასაგები, ლოგიკური იყო და ეს არ არის სიურპრიზი. მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად, სისტემური თვალსაზრისით იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“ , გასაგებია, რომ ის ყველამ უნდა დატოვოს, ვინც თავის დროზე ებრძოდა იმ მანკიერ სისტემას. სისტემური თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ უკვე „ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან ყველა მანკიერება გადმოიბარა და ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ ის არის სამართალმემკვიდრე. ასე, რომ მინდა „ქართული ოცნების“ ყველა წევრს ვუთხრა, რომელიც ამ პარტიას ებრძოდა, ისინი უკვე დღეის მდგომარეობით ამ პარტიის წევრები არიან და თუ მათ არ მოსწონთ „ნაციონალური მოძრაობა“ , მაშინ მათაც იგივე ნაბიჯი უნდა გადადგან, რაც ეკა ბესელიამ. „ქართული ოცნების“ გუნდად მოხსენიება საერთოდ პირობითი იყო, ეს არის ე.წ. დაჯგუფება ადამიანების, რომელიც ერთ კაცზე იდგა, მაგრამ ამ პროცესებიდან გამომდინარე, ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთილია უკვე, ყველა მანკიერება ათვისებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან და ფაქტობრივად, ბოლო ორი ელემენტი იყო დარჩენილი - ეს იყო ფინანსური ნაკადების კონტროლი, „თიბისის“ ირგვლის განვითარებულმა მოვლენებმა ეს მანკიერებაც აათვისებინა „ქართულ ოცნებას“ და მეორე- მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ვერტიკალში ჩაყენება. საბოლოოდ, ამ ორი საკითხის გუშინდელი გაფორმებით ფაქტობრივად დასრულდა „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაცია“. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ყველა წევრს ვეუბნები, რომ ისინი დღეს უკვე არიან „ნაციონალური მოძრაობა“. არ უნდათ და არ უყვართ „ნაციონალური მოძრაობა“? მაშინ იქიდან უნდა წამოვიდნენ, სხვანაირად, ისინი პასუხისმგებლები არიან არამარტო ამ 6 წელზე, არამედ წინა 9 წელზეც“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დღეს დატოვა ოფიციალურად და განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები