ავტორი:

არის თუ არა "ქართული ოცნების" დაშლა ბიძინა ივანიშვილის სცენარი?

არის თუ არა "ქართული ოცნების" დაშლა ბიძინა ივანიშვილის სცენარი?

"ქართულ ოცნებაში" ე.წ. კობახიძის გუნდსა და ძველ სახეებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. მმართველი პარტია დაშლის ზღვარზეა - იგი რამდენიმე ცნობილმა სახემ ერთდროულად დატოვა. ივანიშვილის დაბრუნებით, "ოცნების" შიგნით ვითარების დაბალანსების მცდელობა, ჯერჯერობით ამაოა, თუმცა პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მიმდინარე პროცესები ივანიშვილის სცენარის ნაწილიც იყო.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ლევან გაგოჩაიშვილის შემდეგ საპარლამენტო უმრვალესობის რიგები სოციალ-დემოკრატებმა - ბექა ნაცვლიშვილმა და გია ჟორჟოლიანმა დატოვეს. საუბარია, კიდევ რამდენიმე დეპუტატზე, რომლებმაც შესაძლოა კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღონ.

იმაში რომ, პარტიას სხვა ლიდერებიც დატოვებენ, ეჭვი არ ეპარებათ "ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით კი, "ქართული ოცნება" მყარია და მას დაშლის საფრთხე არ ემუქრება.

AMBEBI.GE-სთან საუბარში, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ პარტიაში არსებული პრობლემები, მმართველმა ძალამ თავადვე შექმნა:

"აბსოლუტურად არანორმალური სიტუაციაა, როდესაც ქვეყანამ უნდა იმარჩიელოს - რა სცენარი მოხარშა ბიზნესცენტრში მცხოვრებმა პარტიის თავმჯდომარემ. არც ის მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოვლისშემძლეა და მართავს და გეგმავს ყველაფერს. უბრალოდ, ფაქტი სახეზეა - "ქართულ ოცნებაში" არის სერიოზული პრობლემები და ეს პირველ რიგში გამომდინარეობს იმ დაგროვილი პრობლემებისგან, რაც მათ თავად შექმნეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი, რომელსაც არანაირი ფასეულობები არ გააჩნია, სუსტდება ამ ფორმით. რას მოიფიქრებს ივანიშვილი და როგორ დაგეგმავს პროცესს, უკვე ნაკლებად საინტერესოა", - ამბობს ხოშტარია.

იმას, რომ "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესები ივანიშვილის საწინააღმდეგოდ არ ვითარდება, პოლიტოლოგები პრაქტიკულად ერთხმად აღიარებენ. ამის არგუმენტად კი თავად ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იშველიებენ:

"ოპოზიციური ველი ცარიელი არ დარჩება, როგორც კი ოპოზიცია ნორმალურ ოპონირებას ვერ შეძლებს, აუცილებლად გაჩნდება იქ სხვა ძალა, რომელიც ამას მოახერხებს, თუ არადა, ჩვენ შიგნით გვაქვს ეს პოტენციალი კოალიციაში და კოალიცია ბუნებრივადვე დაიშლება… რომც არ იყვნენ ცალკეულ პარტიებად ჩამოყალიბებული, კოალიცია ერთ გუნდადაც რომ იყოს, როგორც კი გარედან წინააღმდეგობა არ იქნება, შიგნით გაჩნდება ძალები და შიგნიდან მოხდება დაშლა და ჩაშლა" - ეს განცხადება ივანიშვილმა 2013 წელს გააკეთა.

ახორციელებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმას, რაზეც 6 წლის წინ საუბრობდა, ძნელი სათქმელია, თუმცა პოლიტოლოგების აზრით, გამორიცხული არაფერია.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ის პროცესი, რაც ახლა "ქართული ოცნებაში" მიმდინარეობს, არ არის მიმართული ივანიშვილის წინააღმდეგ.

"არ ვიცით ბიძინა ივანიშვილს რეალურად რა ამოცანა ამოძრავებს - შეკვრა და გადარჩენა "ქართული ოცნების" თუ რამდენიმე პოლიტიკური ძალის გაჩენა "ოცნების" ადგილზე?! მაგრამ ფაქტია,

ის პროცესი, რომელიც ახლა "ქართული ოცნების" შიგნით ხდება, არ არის მიმართული ივანიშვილის წინააღმდეგ - ეს არის ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარების ბრძოლა პოლიტიკური მომავლისთვის

საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა ტრაგედია არ არის, მაგრამ ზღვარი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, ესაა ის, რომ "ოცნებას" პარლამენტში უმრავლესობას არ დააკარგვინებს.

ეს არის ქვეყანა, სადაც არ არის ფინანსური სახსრები პოლიტიკური პარტიის დაფინანსებისთვის. ამიტომ ჩნდება კითხვა - ვის იმედად მიდიან ოპოზიციაში?! ვფიქრობ, საქმე გვაქვს ოპოზიციური ცენტრის ფორმირებასთან, მაგრამ არა რევანშისტული ოპოზიციის, რომლის ჩამოყალიბების წინააღმდეგი ბიძინა ივანიშვილი წესით არ უნდა იყოს.

ივანიშვილს ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ ვთქვათ, ამერიკაში არ გაიღვიძებს ვინმე გავლენიანი და არ გამოაგზავნის მორიგ ბეიკერის ფორმულას, რომელიც არჩევნებამდე გადაწყვეტს არჩევნების ბედს. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნა, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდეს 2020 წელს" - განაცხადა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" ლაგაზიძემ.

ანალოგიურად ფიქრობს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდიაც, რომელიც არ გამორიცხავს, რომ პარტიის დაშლა თავად ივანიშვილის სცენარის ნაწილი იყოს.

"ქართული ოცნებაში" მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ორგანიზებული პროცესის შთაბეჭდილებას ტოვებს და არა ქაოტურის. არადა, როდესაც ასეთი რამ ხდება, როგორც წესი, პროცესები ასე ლოგიკურ ჯაჭვში თანმიმდევრული არ არის. ქმედებები იმდენად კარგადაა გათვლი, რომ შეიძლება "ოცნებამ" უმცირესობის სტატუსიც კი მიიღოს.

რამდენიმე თვის წინ გამოვთქვი ვარაუდი, რომ "ოცნება" შესაძლოა რამდენიმე პარტიად დაიყოს, რომელიც ცალკეულ ელექტორატულ ამომრჩეველზე იმუშავებს. ეკლექტურობა ძალიან ძნელი სამართავი იყო და თან ხელოვნური, თუმცა ივანიშვილმა სადამდეც შეძლო, ათრია.

ამ ეტაპზე მესამე პლატფორმის კონცეფცია აიგება ანტინაციონალურ, ანტიკობახიძისეულ მიმართულებებზე. არ ვიცი რამდენად სწორი გათვლაა ბესელიას ლიდერობა - აქვს რაღაც უნარები, მაგრამ ბეგრაუნდში არ არის კარგი მოცემულობა. თანაც მესამე პლატფორმა, იდეაში გულისხმობს ივანიშვილთან აქტიურ ოპონირებას. რაღაც ეტაპამდე ეს შეიძლება გაგრძელდეს და ფოკუსირდეს პრემიერზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე, მაგრამ პოლიტიკური ეფექტისთვის მუდმივად ასე ვერ წავა.

ივანიშვილი არ ცდილობს ახალი ძალის შემოყვანას, არამედ გათვლას აკეთებს 2020 წლისთვის პროფილურ განვითარებაზე - ანუ ბესელიაზე გათვლა კეთდება როგორც უმცირესობის წევრზე და პარლამენტში შეიყვანს სხვა წვრილ-წვრილ პარტიებს და მრავალპარტიული პარლამენტის იმიჯს შექმნის" - გვითხრა გამზარდიამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს. მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესები არა ივანიშვილის სცენარი, არამედ მის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგია.

"შეთქმულების თეორიას არ გავყვებოდი... ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ ვერსიას. არამგონია, რომ ის რაც "ქართულ ოცნებაში" ხდება, ბიძინა ივანიშვილისთვის სასიამოვნო იყოს. ეს არის პროცესები, რომელიც მისი შეცდომებიდან გამომდინარეობს.

მან ააშენა ბაბილონის გოდოლი, რომელიც ახლა ინგრევა იმიტომ, რომ არასწორი ტექნოლოგიებით ააშენა. ჯერჯერობით სისტემურ მიდგომას მისი მხრიდან ვერ ვხედავ, ამიტომ მის ამ რეორგანიზაციაზეც საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ბესელიას ლიდერობაზე, მესამე ძალის პლატფორმაზე საუბარი არასერიოზულია. ახლაც მზად ვარ, რომ შევუწყო ხელი მესამე ძალის ფორმირებას, მაგრამ შესაბამისი კონფიგურაცია ჯერ არ ჩანს.

არ ვარ აქტიური პოლიტიკოსი რომ ამაში მივიღო მონაწილეობა, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, ალტერანტიული ცენტრების ჩამოყალიბებას და გაძლიერებას მივეხმარო" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები