ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის“ მარტის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის“ მარტის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მარტის ნომერი #3(99), რომელშიც წაიკითხავთ:

შეხვედრა ნინო უორდროპთან და მეფე გიორგი XII-ის ჯვარი ბრიტანეთის მუზეუმში

ოლივერ და მარჯორი უორდროპების სახელი კარგად არის ცნობილი ქართველი საზოგადოებისთვის. დიდია უორდროპების ღვაწლი ევროპის ქვეყნებში საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. 1920 წლის იანვარში ქართველ ქალთა ჯგუფმა გამოთქვა სურვილი, 14 იანვარს, ნინოობას, ქართველ ქალთა სახელით მიერთმიათ ოლივერ უორდროპის ასულ ნინოსთვის ქართული ძვირფასი ჯვარი, რომელიც იმ დროისთვის 130 ათას მანეთად იყიდებოდა. შეაგროვეს კიდეც შეწირულობანი მის შესასყიდად და მეფე გიორგი XII-ის ოქროს ჯვარი გულსაკიდით ოლივერ უორდროპს გადასცეს, რომელმაც სამადლობელი წერილიც გამოგზავნა...

1961 წელს ემიგრანტულ ქართულ ჟურნალ “ბედი ქართლისაში” ცნობილი ქართველოლოგი დევიდ ლენგი სტატიაში «ლედი უორდროპი» აღნიშნავდა, რომ გიორგი XII-ის სამეფო ჯვარი უორდროპების ოჯახში ინახებოდა... ნინო უორდროპი ცნობილი ფსიქოლოგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ. მის სახლში საქართველოს სურნელი იდგა და ნოსტალგიის გრძნობას აღძრავდა. ნინოსთან დაცული იყო უამრავი წიგნი საქართველოზე ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. ირგვლივ მზერას იპყრობდა ქართული სურების მრავალფეროვნება, თამარის ხატი, შოთა რუსთაველის ცნობილი ფრესკის ასლი, წმინდა ნინოს ხატი და სხვა უამრავი ქართული ნივთი...

«მოდური» ევროპული აბჯრის ოსტატები და 50 ათასი რგოლი ქართულ ჯაჭვის პერანგში

აბჯარი ისტორიის ნებისმიერ პერიოდში მეომრის განუყოფელი ნაწილი იყო. მან მრავალჯერ იცვალა ფორმა, ზომა თუ დამზადების წესი. XV საუკუნიდან გამოჩნდა აბჯრის სრულიად ინოვაციური სახეობები, რომელთაც, ძირითადად, ჩრდილოეთ იტალიასა და სამხრეთ გერმანიაში ამზადებდნენ. იტალია უკვე XIV საუკუნიდან გახდა აბჯრის მთავარი მწარმოებელი ქვეყანა. გერმანია მისი დამზადებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამხრეთ გერმანიაში იტალიელთა ნახელავი გამოჩნდა, მათ მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. XV და XVI საუკუნეებში გერმანია იტალიასაც უწევდა კონკურენციას.

აბჯრებს აწარმოებდა სამეფო დაწესებულება ინგლისში, რომელიც ჰენრი VIII-მ დააარსა 1515 წელს და გერმანელი ოსტატები მიიწვია. მსგავსი სამჭედლოები არსებობდა სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, შვედეთში გუსტავ I-მა 1551 წელს დააარსა და მანაც მჭედლები გერმანიიდან ჩაიყვანა. მათი მთავარი ამოცანა სამეფო არმიის აღჭურვა იყო...

ქართული აბჯარი რამდენიმე სახეობის არსებობდა. მათ შორის ყველაზე გავრცელებული იყო ჯაჭვის პერანგი. მისი დამზადება საკმაოდ რთული გახლდათ - საჭირო იყო რგოლების სათითაოდ გამოჭედვა და სხვა რგოლებთან დაკავშირება. რგოლების რაოდენობა ჯაჭვის პერანგში საშუალოდ 15-დან 20 ათასამდე იყო, მეფეებისა და დიდებულების პერანგები კი ზოგ შემთხვევაში 50 ათასზე მეტ რგოლსაც ითვლიდა.

ქართველები ინდოეთში - ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ქართული ფურცლები

ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცულია ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული მასალები. ერთ-ერთი დოკუმენტი, ძვირფას ყდაში ჩასმული დიდი ზომის, 16-ნახატიანი ალბომი ინდოეთის, კერძოდ კი ბენგალიის მცხოვრებთა ჩაცმულობას ასახავს. ალბომი 1805 წელს არის შექმნილი კალკუტელი მხატვრის მიერ. ნამუშევრის პირობითი სახელწოდებაა «სამხედროთა და ადგილობრივთა ინდური ჩანახატები». თითქმის ყველა ნახატს ახლავს განმარტებითი წარწერები.

ჩვენთვის საყურადღებოა მეხუთე გვერდზე გამოსახული ფიგურა, რომლის ქვედა ზოლში შემდეგი ინგლისური წარწერაა «ქართველი მამაკაცი». გამოსახულ პირს შავი ჩექმა, მოყვითალო შარვალი და ჩოხის მსგავსი მწვანე მოსასხამი აცვია, წელზე აღმოსავლური ტიპის წითელი ქამარი აქვს შემოხვეული, მარჯვენა ხელში კავკასიური (ან აღმოსავლური) ტიპის ხანჯალი უჭირავს. მაღალი, ცილინდრული ფორმის ქუდის თავი წითელი დაჩითული ქსოვილითაა დასრულებული, გვერდები კი აღმოსავლური ნაქარგობითაა დამშვენებული. ჩნდება კითხვა, რა უნდა ინდოელ ტიპაჟთა შორის ამ ქართველ მამაკაცს? ნუთუ მათ შორის ქართველი მამაკაცის არსებობა იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ ავტორმა საგანგებოდ შედგენილი ნახატების ალბომში მისი სურათიც შეიტანა?.. ისიც უნდა ითქვას, რომ 1805 წლის ალბომში ქართველი მამაკაცის სამხედრო ფორმაში გამოსახვა უჩვეულო არ უნდა იყოს, რადგან XIX საუკუნის შუა ხნებამდე ქართველი მონებით ვაჭრობა არაბეთის ნახევარკუნძულსა და ინდოეთს შორის მართალია არცთუ დიდი სიხშირით, მაგრამ მაინც გრძელდებოდა.

ყველაზე დიდი ციხე-დარბაზი ჰოლანდიაში - დე ჰაარი

დე ჰაარი ყველაზე დიდი ციხე-დარბაზია ჰოლანდიაში. ის ნიდერლანდური ნეოგოტიკის ოსტატმა პიერ კოიპერსმა ააგო შუა საუკუნეების დროინდელი ციხე-კოშკის ადგილას, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. ციხე-დარბაზი უტრეხტთან ახლოს, ფეოდალთა მიწაზე დგას. ანსამბლში შედის ასევე სამრეკლო და პარკი. პირველად აქ ციხესიმაგრე დოკუმენტურად 1391 წელს იხსენიება, მაშინ ის დე ჰაარების საკუთრება იყო. წლების განმავლობაში სიმაგრეს თანდათან აფართოებდნენ. მოგვიანებით კი პატრონები ციხე-კოშკში არ ცხოვრობდნენ და XIX საუკუნის დასასრულისთვის იგი თანდათან გაპარტახდა. როცა 1890 წელს ის მემკვიდრეობით მიიღო ბარონმა ვან ნიეველტ ვან დე ჰაარმა (1860-1934), ნაგებობები უკვე ნანგრევებად იყო ქცეული.

ბარონმა როტშილდების ფრანგული შტოს მემკვიდრეზე იქორწინა და უზარმაზარი ქონების პატრონი გახდა. წყვილმა გადაწყვიტა დე ჰაარის ციხე-კოშკის არა მარტო აღდგენა, არამედ რეკონსტრუქციაც. გრანდიოზული მშენებლობა 1892 წელს დაიწყო და 20 წელიწადს გაგრძელდა. 2000 წლიდან ციხე-დარბაზი და ტერიტორია პარკითა და წყალსატევით, ასევე მიმდებარე ტერიტორია და სოფელი ჰაარზეილენსი ჰოლანდიის ბუნების ძეგლთა დაცვის ასოციაციას გადაეცა.

ყოველწლიურად ციხე-დარბაზის მიდამოები ცოცხლდება ზღაპრული სურათებით - ჟღრიალებენ ხმლები და შუბები, საზეიმო კაბებში გამოწყობილი ქალები შუა საუკუნეების პოეტთა ლექსებს ისმენენ, ბალაგანში ვოდევილი თამაშდება, ხოლო ჭრელ ბაზრობაზე გამყიდველები საკუთარი ნაწარმით ვაჭრობენ... ეს ყველაფერი შესაძლებელია იხილოთ ღია ცის ქვეშ ევროპის ყველაზე დიდ ე.წ. ფენტეზიშოუზე, რომელიც ყოველწლიურად სწორედ დე ჰაარში ეწყობა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ახალი ამბები. ეგვიპტის ერთ-ერთ აკლდამაში 50 მუმია იპოვეს

ახალი ამბები. ნარცისის ფრესკა პომპეიდან

ახალი ამბები. გლდანის ციხე და ელინისტური ხანის სამარხები

მოკლე ამბები. უდიდესი სასაფლაო მსოფლიოში

ახალი ამბები. შენს ქვეყანას კარგად იცნობ? გაეცანი "საქართველოს გეოგრაფიულ ატლასს"

დაჯილდოება. წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ახალი ლაურეატები

საცხოვრისი ქართული. ლაზი ოსტატები დიდად განთქმული იყვნენ მთელ საქართველოში (დასასრული)

ბონისტიკა. 100 წლის წინანდელ ქართულ ფულზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები / როგორ გაერთიანდა სამი უმშვენიერესი ქალის სახე 500-მანეთიან კუპიურაზე

პერსონა. მარიამ ლორთქიფანიძე / შტრიხები პორტრეტისთვის

ახლო აღმოსავლეთი. იერუსალიმი აიუბიანებისა და მამლუქების ხელში / ცივილიზაციათა შეჯახება იერუსალიმსა და პალესტინაში

საჯაშუშო ისტორიები. ვინ მოკლა იაროსლავ გალანი?! / დეტექტივი რეალურ ამბავზე დაყრდნობით (გაგრძელება)

ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება)

ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა