ავტორი:

მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება - რა სიახლეები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება - რა სიახლეები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებს შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სიახლე დაემატოს. მოსალოდნელია, რომ 2024 წლიდან ეროვნული გამოცდების ტესტირება შეიცვლება და აბიტურიენტის ცოდნა სტანდარტთან შესაბამისობაში შემოწმდება. ასევე იგეგმება ტესტებს ვიდეოდავალებები დაემატოს.

კონკრეტულად რა სიახლეებზე მუშაობს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი, როდის დაიწყება გამოცდები მე-6 და მე-10 კლასებში, როგორ მოიპოვებენ საგრანტო დაფინანსებას აბიტურიენტები, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძეს ესაუბრა.

- განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ცვლილებებით გაუქმდა მე-11 და მე-12 კლასებში გამოსაშვები გამოცდები და მომავალი წლიდან უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ეს იქნება ფუნდამენტური ცვლილება, თუ ეს არის რეფორმის პირველი ტალღა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს რეფორმის სხვა ტალღები?

- აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ შეფასების სისტემა და ზოგადად განათლება ყოველთვის არის დიდი ინტერესის საგანი და ყველა ადამიანს თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული მოსაზრება აქვს. ჩვენ ყველა ან თავად ვსწავლობდით, ან ჩვენი შვილები სწავლობენ, ყოველთვის ვუკავშირდებით ზოგად საგანმანათლებლო საფეხურს, უმაღლესს, პროფესიულს, ან მასწავლებელი გვყავს სახლში, ან შვილი სკოლის მოსწავლე და აბიტურიენტი. ამიტომაც პირველი, რაც გვინდოდა გაგვეკეთებინა, იყო სისტემური შეფასება, ანუ გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა არსებული საგამოცდო მოდელის კვლევა, გაგვეანალიზებინა სტატისტიკური მონაცემები, შეგვეჯამებინა ის კვლევები, რაც აქამდე ტარდებოდა, გავსაუბრებოდით დაინტერესებულ მხარეებს და გვენახა - სად ვართ. როდესაც უკვე კვლევის პირველი ვერსია მივიღეთ, შედეგები გავაცანით უნივერსიტეტების, სკოლების წარმომადგელებსა და ექსპერტებს, გარკვეული მოსაზრებები რომ მიგვეღო - რაღაც არასწორად ხომ არ დაინახა მკვლევარმა. კვლევა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეხებოდა ორ ძირითად საკითხს - გამოსაშვებ გამოცდებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებს. რეალობა ასეთია: გვაქვს მინიმუმ 12 ე. წ. მაღალი რისკის გამოცდა - 8 გამოსაშვები და 4 უნივერსიტეტში მისაღები. მაღალი რისკის გამოცდა გულისხმობს, რომ მის შედეგს გადამწყვეტი გავლენა აქვს ჩამბარებელზე, ამ შემთხვევაში სკოლის მოსწავლეების მომავალზე. წლების განმავლობაში სახელმწიფო, სამწუხაროდ, ვერ ახერხებდა იმას, რომ განათლების ხარისხი აემაღლებინა. შეიძლება რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ძალიან ნელა მივდივართ წინ. სკოლების უმეტესობაში არ არის შესაბამისი პირობები, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, გამართული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები და ა.შ. მასწავლებელთა კორპუსს თუ შევხედავთ, 2010 წლიდან დღემდე, სამწუხაროდ, ნახევარზე მეტს ჯერაც არა აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენციები. მიუხედავად ამისა, 12 წლის შემდეგ თუ ვერ ჩააბარებს მოსწავლე 8 მაღალი რისკის გამოცდას და ერთ საგანში მაინც ჩაიჭრება, რჩება ატესტატის გარეშე. აქ ძნელია ლოგიკა დაინახო. როდესაც მასწავლებლებს გადასალახავი ბარიერი მოუხსნეს, ერთ-ერთი არგუმენტი ასეთი იყო: ჩაჭრილი მასწავლებელი არ შეიძლება იყოს სკოლაში. ვფიქრობ, ჩვენ მასწავლებლებს უნდა დავეხმაროთ, რომ განვითარდნენ და არ უნდა მივაკრათ ასეთი იარლიყი. მაგრამ ბავშვებს რას ვერჩით? თუკი გვაქვს მოცემულობა, რომ ვარ მოსწავლე, ვსწავლობ არცთუ ისე კარგ სკოლაში, არცთუ ისე შეძლებული მშობლები მყავს, საგნების ნაწილს კარგად ვსწავლობ, მაგრამ ზოგ საგანს, მაგ. ფიზიკას მასწავლის არასპეციალისტი - ვთქვათ, გეოგრაფიის მასწავლებელი - ამ მოცემულობაში თუ ჩაიჭრები ფიზიკის გამოცდაში, არ მაქვს არც სკოლის ატესტატი და არც შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობა. ყველას და ყველაფრის მიმართ ლმობიერები ვართ, მაგრამ მოსწავლეს შანსს არ ვაძლევთ. ეს ლოგიკას არის მოკლებული. როცა მასწავლებლებზე, მათ მოტივაციასა და ავტორიტეტზე ვფიქრობთ, ვინმემ იფიქრა ჩაჭრილი მოსწავლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე? ან ვიცით, საერთოდ, სად არის ეს 40 ათასი ბავშვი, რომლებიც წლების განმავლობაში ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა? რამე პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფომ ამ ბავშვებზე?!

- ახლა რა პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო ამ 40 ათას ჩაჭრილ მოსწავლეზე?

- უკვე გამოაცხადა განათლების სამინისტრომ, რომ თუ მათ დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმა, ანუ კონკრეტულ საგნებში მასწავლებელმა დადებითად შეაფასა, ისინი ატესტატს მიიღებენ. შესაბამისად, ამ ბავშვებს კვლავ ექნებათ შანსი მიიღონ სკოლის შემდგომი განათლება ან დასაქმდნენ სკოლის ატესტატით. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გარკვეული მიზნები ამ გამოცდების შემოღებას უდაოდ ჰქონდა. პოლიტიკოსები მაშინ საუბრობდნენ, რომ უნდა გაზრდილიყო გაკვეთილებზე დასწრება, მეტი პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნოთ სკოლებს, მაგრამ გამოცდების შემოღებით ამ მიზნებს ვერ მივაღწიეთ. ერთი, რასაც ამბობენ, არის ის, რომ ბავშვმა წიგნი მაინც გადაშალა, გამოცდა რომ ჩაებარებინა, მაგრამ, ექსპერტების აზრით, ეს მხოლოდ ორი-სამი თვის მანძლზე, გამოცდამდე მისატანი ცოდნის დაგროვებაზე ორიენტირებული ძალისხმევაა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ გამოცდების ჩასატარებლად მილიონნახევრიდან 2 მილიონამდე იხარჯებოდა ყოველ წელს. ახლა გამოითვალეთ, რამდენი ფულია დახარჯული 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე. მესმის, რომ რაღაც ეფექტი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს თანხა გაცილებით ეფექტურად გამოვიყენოთ, ისე რომ შედეგი გვქონდეს განათლების ხარისხის ზრდის თვალსაზრისით. ზოგადად ის ფაქტი, რომ კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გაკეთდა, ჩვენი ქვეყნისთვის მიღწევაა, მაგრამ ამ პირობებში ასეთი რაოდენობის გამოცდის დანიშვნა, ამდენი ინვესტიციის ჩადება, გაუმართლებელია, რადგან ამას განათლების ხარისხის ზრდის თვალსაზრისით საგრძნობი შედეგი არ მოაქვს.

- განათლების ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით, გამოცდების სრულად გაუქმება გამოსავალი არ არის. მათი აზრით, გამოცდები უნდა დარჩენილიყო, თუმცა არ უნდა მომხდარიყო ჩასაბარებელი საგნების დუბლირება გამოსაშვები და ეროვნული გამოცდებისას. გამოცდების სრულად გაუქმება, მათი შეფასებით, არის არა პრობლემის მოგვარება, არამედ ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა.

- თუმცა, ვფიქრობ, რომ აქამდეც მშვენივრად გამოგვდიოდა თვალის დახუჭვა, თუ ეს გვჭირდებოდა, ჩაჭრილი ბავშვების რაოდენობა კი იზრდებოდა. ის, რომ მდგომარეობა ცუდია, საერთაშორისო შეფასებების შედეგებიდანაც ვიცით და, სხვათაშორის, მნიშვნელოვან თანხას ვიხდით ამ საერთაშორისო შეფასებებში იმისათვის, რომ ვნახოთ, სად ვართ - 3 წლის შემდეგ განვვითარდით, თუ ჩამოვრჩით. სასკოლო ციკლის დასასრულს ცენტრალიზებული გამოცდების მოხსნას აკომპენსირებს ის, რომ შეფასებებს ჩვენ სკოლის დონეზე ჩამოვიტანთ და სკოლაში 12 წლის მანძილზე შევამოწმებთ მოსწავლეების ცოდნას, ანუ ჩავატარებთ შეფასებას დაწყებითი და საბაზო საფეხურის ბოლოს. ისე არ იქნება, რომ ხელი ავიღოთ სასწავლო პროცესში მოსწავლის მიღწევების შეფასებაზე. ვეცდებით, ისე ჩავატაროთ ეს შეფასებები, რომ სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების საშუალება მოგვცეს. საფეხურის ბოლოს შეფასება ინფორმაციას მისცემს მასწავლებელს, მშობელს, დირექტორს - კარგად გაიაზროს, სად არის პრობლემა და როგორ შეიძლება ეს გამოსწორდეს. ვფიქრობთ, მოსწავლეები ამ გამოცდის შედეგად კი არ უნდა ჩავჭრათ, არამედ განვითარების გზა დავანახოთ.

- ანუ მე-6 და მე-10 კლასებში ჩატარებული გამოცდა მოსწავლეებს რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჩაჭრის?

- დიახ, ასე ვფიქრობთ. დაწყებით საფეხურზე წარმოუდგენელია, რომ ამ გამოცდას განმსაზღვრელი დატვირთვა ჰქონდეს. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, ეს შეფასება დიაგნოსტიკური ხასიათის უნდა იყოს მე-10 კლასშიც. უკვე ვმუშაობთ, რომ მე-10, მე-6 და მე-4 კლასებში მოვამზადოთ შეფასების მექანიზმები, რასაც ჩვენი ცენტრი ცენტრალიზებულად ჩაატარებს.

- როდიდან დაიწყება მე-6 და მე-10 კლასებში ეს შეფასება?

- მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება პილოტირება. წლის ბოლომდე თუ მოხერხდება, ჩავატარებთ ტესტური დავალებების აპრობირებას, თუ არა და, მომავალი წლისთვის გადავიტანთ ისე, რომ შემდეგ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატაროთ ასეთი შეფასება. წელს, მე-10 კლასის ბოლოს, ეს გამოცდა ვერ ჩატარდება, ამისთვის მზად ჯერ არ ვართ.

- როდესაც საუბრობდით საერთაშორისო კვლევებზე, აღნიშნეთ, რომ ამ კვლევების მიხედვით საქართველოს არ აქვს კარგი შედეგები და სურათი არ იცვლება. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ განათლების სამინისტრომ გარკვეული მორატორიუმი გამოაცხადოს რეფორმის პირველი ტალღის დასრულებამდე და არ მიიღოს საერთაშორისო კვლევებში მონაწლეობა?

- მორატორიუმზე საუბარი ამ ეტაპზე არ ყოფილა. საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა, მართალია, ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ აუცილებელია, რომ ვნახოთ დინამიკა - რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. 3-4 წელიწადში ერთხელ ტარდება საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები და ვფიქრობ, თუ ამ კვლევებში მონაწილეობას გავაგრძელებთ, კარგი იქნება. ეს ასეც არის დაგეგმილი. წაიკითხეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ