ავტორი:

"მშიშარა და ცბიერი "ბატკა" თუ გონიერი მმართველი?" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ლუკაშენკოს განცხადებას

"მშიშარა და ცბიერი "ბატკა" თუ გონიერი მმართველი?" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ლუკაშენკოს განცხადებას

ალექსანდრე ლუკაშენკო განმარტავს, თუ რატომ თქვა ბელორუსმა აფხაზეთის აღიარებაზე უარი. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო იზოლაციისგან თავის ასარიდებლად მიიღო. როგორც abkhaz-auto.ru წერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, საერთაშორისო სანქციების შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება შესაძლო ზიანის დასაფარად მზად არ იყო.

"მზად ვიყავი, მეღიარებინა აფხაზეთი, ასე ვუთხარი რუსებს, მოდით! მაგრამ რა იქნება ხვალ? ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ჰავიერ სოლანა მოვიდა ჩემთან და ჩვენი საუბარი დიდხანს გაგრძელდა, რა დროსაც მან მითხრა, - თუ აღიარებთ აფხაზეთს, პირველ რიგში, ჩვენ გაგთიშავთ საერთაშორისო საბანკო სისტემიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულ იზოლაციაში მოხვდებითო. ეს მან ღიად და გახსნილად მითხრა", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული საუბრის შემდეგ, რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს შეხვდა, რა დროსაც ჰავიერ სოლანას მუქარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მედვედევი ამ თემაზე საუბრისთვის მზად არ იყო.

"იცით, რა მიპასუხა მან? ალექსანდრ გრიგორიევიჩ, თქვენ იცით, რომ მე პრეზიდენტი ვარ. ეკონომიკის საკითხები ბევრია და ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ეს საკითხები პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩთან უნდა გადაწყვიტოთ. მე გავბრაზდი და ვუთხარი, თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ საკითხის გადაწყვეტა, მიმართეთ პრემიერ-მინისტრს. მაშინ რატომ უნდა გესაუბროთ თქვენ? რატომ მადანაშაულებთ მე, რომ სადმე ვინმე არ ვაღიარე", - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკოს განცხადებას, როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთგვაროვანი პოზიცია მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთში. ერთი ნაწილი ამ ყველაფერს რუსეთის, როგორც "სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან" არასრულყოფილ ძალისხმევას აბრალებს. მათი თქმით, ახლა ამ მძიმე ვითარებაში, როდესაც რეგიონს ჩაბნელება ემუქრება, "რუსეთიდან სწორედ საქართველომ შეისყიდა მათთვის დენი", ამას ემატება ბოლო წლებში რუსეთის წინააღმდეგ განხორცელებული სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს მათი დახმარების რესურსი აღარ აქვს.

სხვების თქმით, ლუკაშენკომ ამ განცხადებით თავისი სისუსტე და სილაჩრე გამოავლინა, ისევე, როგორც მედვედევმა, რომელიც მაშინ რუსეთის პრეზიდენტი ყოფილა, თუმცა, "ახლა საბედნიეროდ, რუსეთს ვლადიმირ პუტინი მართავს, რაც გარკვეულ იმედს იძლევა".

"როგორც თავის დროზე ბელორუსმა ვერ გაბედა, ისე ვერ გაბედავენ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით სომხეთი. კიდევაც რომ ჰქონდეთ სურვილი, საქართველო მის სურვილსაც მოაშთობს, მით უფრო, რომ ეს ერთი მოსაზღვრე მეზობელია მათთვის, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა არ აქვს", - წერს ადგილობრივი ნიკიტა ბურდანოვი.

"რატომ გიკვირთ, რომ "ბატკა" ლუკაშენკო ისე მოიქცა, როგორც მისი ქვეყნისთვის იყო ხელსაყრელი. არაფერ შუაშია აქ სილაჩრე, როგორც ამას აფხაზები ამბობენ. მისთვის მთავარია, ქვეყნის სტაბილურობა და რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ქვეყანაზე იქნება საუბარი? პრინციპში, მართალიც არის, საბჭოთა კავშირის დრო კი არაა, პროლეტარიატის, სოლიდარობისა და სახალხო მეგობრების პერიოდი, ჯერ თავის თავზე ზრუნავს, არ რისკავს და მართალიც არის. როდის გავიგებთ ამას, რომ არავინ არავის წინაშე არ არის ვალდებული", - წერს "იასონ აფხაზი".

"ვერ მივიღებ იმ ხალხის კრიტიკას, ვინც მას ამის გამო მშიშარას უწოდებს, ბოდიში, თუ თქვენს გამო თავი და ხალხი არ გაწირა. ჩემს ეპოქაში ზუსტად ვიცი, რომ ბელორუსი რუსეთს არ მიუერთდება, თუ ეს გინდათ. საკმაოდ ჭკვიანი კაცია ლუკაშენკო და ყველაფრის მიუხედავად, ბელორუსსა და რუსეთს ერთნაირი იდეოლოგია არ აქვთ. რუსეთი ოლიგარქიულ-ჩინოვნიკურ სახელმწიფოს აშენებს, ბელორუსი კი, სოციალურ იდეებზე აგებულ სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავიგებთ, რადგან გვგონია, რომ ისინი ვალში არიან ჩვენს წინაშე, რადგან ზაფხულობით ბელორუსიდან რამდენიმე ათეული დამსვენებელი ჩამოდის", - წერს ალხაზ აჯიბა.

"გასულ წელს ვიყავი სამუშაოდ ბელორუსში, აღარ უნდათ ლუკაშენკო და მისი რეჟიმი, ევროპა უნდათ. არ არის შორს ის დრო, ისინიც ევროპისკენ დაიწყებენ სვლას. აფხაზეთზე კი არ ვიცი, რისი თქმა შემიძლია", - წერს "ანტოშა ჩეხონტე".

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა - რისთვის ემზადება აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად?