ავტორი:

რატომ დააბრუნა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი?

რატომ დააბრუნა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი?

4 წლის წინ პრემიერის პოსტიდან გადამდგარი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ამჯერად, მისი მთავარი ფუნქცია მმართველი ძალის "გადარჩენა" და ირაკლი კობახიძის გავლენების შემცირება იქნება.

სწორედ ასე ხსნიან პოლიტოლოგები ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე, ღარიბაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას ოთხი მიზეზით ხსნის და ფიქრობს რომ, ღარიბაშვილის მთავარი ფუნქცია ირაკლი კობახიძის გავლენების შემცირება იქნება:

"ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება 4 ძირითად მიზეზს შეიძლება დავუკავშირო: პირველი - მისი სახით შეიძლება „ოცნებამ“ ძველი გვარდია დაიბრუნოს. სიმბოლური დატვირთვა აქვს მის დაბრუნებას. სწორედ ძველ ამომრჩეველზეა გათვლილი. ხაზგასასმელია, რომ პარტიიდან ძველი თაობის წარმომადგენლები, უფრო კონსერვატიული პოლიტიკური ხედვების წარმომადგენლები გავიდნენ.

მეორე მიზეზი არის ის, რომ ღარიბაშვილი „არანაციონალურ“ სახედ აღიქმება, შესაბამასად მოსამართლეების თემის ფონზე (როდესაც სულ უფრო იშლება ზღვარი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ შორის), მის შემოსვლას სიმბოლური ხასიათი ექნება მოტივით - „ოცნება“ ძველ საწყისებს უბრუნდება.

მესამე - ეს პირდაპირი სიგნალია იმისა, რომ კობახიძის დაჯგუფებას დიდი დრო აღარ უწერია. ღარიბაშვილი მხოლოდ ხომ არ მოვა? ის დაიწყებს პარტიაში ცვლილებების განხორციელებას. თუმცა, შედეგი მარტო მასზე არ არის დამოკიდებული - იმდენად რთულია ქვეყანაში ვითარება, რომ თუ სხვა რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდა, ძალიან გაუჭირდება „ოცნების“ იმიჯის გადარჩენა.

ღარიბაშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ვინც დარჩა ძველი თაობიდან, ისინი მაინც შეინარჩუნონ პარტიაში, ანუ, დაშლის პროცესების შემაკავებელ ფაქტორად განიხილეს ღარიბაშვილი. ეს დაბრუნება ცვლილებებს გამოიწვევს პარტიაში, მოხდება ჩანაცვლება. 2020 წლისთვის ირაკლი კობახიძის პოზიციები ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდება. არაა გამორიცხული, ამან წაახალისოს ის, რომ პარლამენტში აქტიურად დაისვას ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.

ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას თქმით, ღარიბაშვილი "ოცნების" ძველი ელექტორატის დაბრუნებას უნდა შეეცადოს, თუმცა რამდენად გამოუვა ეს, პროგნოზის გაკეთება რთულია:

"ღარიბაშვილი ასოცირდებოდა იმ ხალხთან, რომლებიც მიდიან "ოცნებიდან". ამიტომ ღარიბაშვილმა "ოცნებას" უნდა დაუბრუნოს ის ელექტორატი, რაც ჰყავდა. ლოგიკურად მან "კობახიძის ფრთა" უნდა გაწმინდოს. მისი მთავარი ამოცანა იქნება ეს, მაგრამ გამოუვა თუ არა, ეს მეორე საკითხია და ამას მომავალი გვაჩვენებს.

ღარიბაშვილს თანამდებობაზე ყოფნის დროს შეიძლება არაფერი გაუკეთებია, თუმცა არც არაფერი გაუფუჭებია. ასეა თუ ისე, მას ჰყავდა თავის ელექტორატი. ასე რომ, ღარიბაშვილის დაბრუნებით, წესით უნდა მოხდეს განაწყენებული ელექტორატის დაბრუნება. იგი შიგნითაც გამოკვეთილი ლიდერი იყო, ახერხებდა გუნდის ერთიანობის შენარჩუნებას" - განუცხადა AMBEBI.GE-ს გამზარდიამ.

"ძველი გვარდიის" გულის მოსაგებად გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ღარიბაშვილის დაბრუნებას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს იმ პირობის გაგრძელებაა, რაც ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ძველი გვარდიის მისამართით გააჟღერა.

„ქართული ოცნების ამომრჩევლის 50%, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სახლში დარჩა, უკმაყოფილო იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არამკაფიო დამოკიდებულებით, რბილად რომ ვთქვათ, სამართლიანობის აღდგენის გადავადებით და ა.შ. მათი უკმაყოფილების ბევრი მიზეზი სწორედ „ქართული ოცნების“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობაში იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მძაფრად კრიტიკული იყო ღარიბაშვილი, შესაბამისად, იმ 50%-დან, რომელიც მაშინ სახლში დარჩა, ბევრი ალბათ უფრო იმედიანად იქნება და მეტი შანსია, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო ყუთებთან მივა" - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

„ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი სანდო და უპრობლემო კაცია. თუ ეტყვიან, კარის გაჯახუნებით არ წავა. წავა მშვიდად და როცა ეტყვიან, დაბრუნდება“ - ასე აფასებს ვახტანგ ძაბირაძე პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნებას. ექსპერტმა 2015 წელს მისი პრემიერის პოსტიდან წასვლის ფაქტი გაიხსენა და განაცხადა, რომ გაურკვეველი იყო, თუ რატომ გაუშვეს თავის დროზე იგი პრემიერის თანამდებობიდან.

"წავიდა და არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ახლაც ისეთი ვითარებაა, რატომ დააბრუნეს გაურკვეველია. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას უჭირს“. გია ვოლსკის პოლიტიკური მდივნის თანამდებობიდან, პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობაზე გადაყვანით ჩანს, მას შიდაპარტიული დიპლომატიური მისია დააკისრეს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ძველი და ერთგული ხალხის პოლიტიკაში დაბრუნებას.

არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებების განსახორციელებლად ემზადებოდეს და ახლა ასეთი ხალხი შემოჰყავს. ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი სანდო და უპრობლემო კაცია. თუ ეტყვიან, კარის გაჯახუნებით არ წავა. წავა მშვიდად. როცა ეტყვიან, დაბრუნდება და როცა ეტყვიან წავა. პრობლემას ის არ შექმნის.

ივანიშვილის გუნდში ჩნდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტის ნაწილი, რომელიც მას რაღაც წინააღმდეგობას უწევს. როგორც სჩანს, ივანიშვილს კონტროლი პარტიის შიგნითაც უჭირს. ამიტომ სჭირდება ის ადამიანები, რომლებიც უპრობლემოდ შეასრულებენ რასაც მათგან ივანიშვილი მოითხოვს" - განაცხადა ექსპერტმა.

რა ეფექტი ექნება პოლიტიკაში ყოფილი პრემიერის "მეორედ მოსვლას", უახლოეს მომავალში გამოჩნდება...

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები