ავტორი:

აფხაზეთში ფსიქიატრიულის მთავარმა ექიმმა პატიმარი გააპარა - "ჩვენთან მილიცია, ექიმები და "ბარიგები" ერთ საქმეს აკეთებენ"

აფხაზეთში ფსიქიატრიულის მთავარმა ექიმმა პატიმარი გააპარა - "ჩვენთან მილიცია, ექიმები და "ბარიგები" ერთ საქმეს აკეთებენ"

ოკუპირებული აფხაზეთის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარ ექიმს გიორგი კორტავას, ე.წ. პროკურატურა ადგილობრივი პატიმრის, იგორ კამლიას (მთავარ ფოტოზე) გაქცევის დაგეგმვასა და განხორციელებაში ედავება. კამლია, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, "რესპუბლიკის მთავარ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში" იმყოფებოდა.

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ცნობით, 1994 წელს დაბადებული იგორ კამლია არაერთ დანაშაულებრივ საქმეშია ბრალდებული, რასაც კიდევ ერთი დაემატა, რომელიც მან 1983 წელს დაბადებულ გიორგი კორტავასთან ერთად დაგეგმა.

apsnylife.ru-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა კორტავამ პაციენტი კამლია თავის კაბინეტში, "მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით" სასაუბროდ დაიბარა. ამის შემდეგ კი ისინი “გაქრნენ”. გეგმის მიხედვით, კორტავამ “სპეცსამსახურების” დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი საავადმყოფოს შენობიდან ჩუმად გაიყვანა, შემდეგ კი სამკურნალო დაწესებულების ეზო თავისი კუთვნილი ავტომანქანით დატოვა.

ექიმი გიორგი კორტავა, ფოტო: Sputnik Абхазия

თუმცა, პაციენტი ე.წ. შესაბამისმა სამსახურებმა მალევე მოიძიეს და მისი გაქრობის შესახებ “მილიციას” შეატყობინეს. ექიმი და პაციენტი მაჭარკაში დააკავეს, კამლია ჯერ რეგიონის მიტოვებულ ადგილებში აპირებდა დამალვას, მოგვიანებით კი, გაქცევას გეგმავდა... მან დაკავების შემდეგ სამედიცინო შემოწმებაზე უარი განაცხადა.

მომხდარის შემდეგ, ექიმი-ფსიქიატრი კორტავა პატიმრის გაქცევის დაგეგმვისა და მოწყობის ბრალდებით აიყვანეს, თუმცა, “ქვეყნიდან გაუსვლელობის” პირობით გაათავისუფლეს, რაც აფხაზური მედიის თქმით, რეგიონში ექიმების უკიდურესი დეფიციტით აიხსნება და არც ის არის გამორიცხული, ის სამსახურში ისევ დააბრუნონ.

იგორ კამლია გასული წლის სექტემბერში ცანდრიფშის დასახლებაში, Роснефть-ის ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი თავდასხმისთვის იძებნებოდა. 2018 წელს სამმა ადგილობრივმა იარაღის მუქარით დიდი რაოდენობით ფული გაიტაცა. ორი პირი - 26 წლის გაგრელი რუსლან ლაკოია და 29 წლის თემურ დბარი იმავე დღეს დააკავეს, 25 წლის იგორ კამლია კი რამდენიმე თვის შემდეგ აიყვანეს, თუმცა, დაკავების დღიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა, რადგან ექიმების "დასკვნით" მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

კამლია აფხაზი სამართალდამცველებისთვის კარგად არის ცნობილი - 2015 წელს გაგრის რაიონში მეგობართან ერთად სოჭელი ქალი სასტიკად სცემა და შემდეგ გაძარცვა. ახალგაზრდა აფხაზი დააკავეს, რა დროსაც მას ნარკოტიკული ნივთიერება "მეტადონი" აღმოაჩნდა, თუმცა, 15-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, კორტავას საქციელი მათთვის გასაკვირი არ არის, რადგან ექიმებსა და ნარკომომხმარებლებს შორის გარიგების უამრავი მაგალითი აქვთ.

"სხვა ქვეყანაში, კოსტავას ადგილზე მყოფ ექიმს კარიერა დაენგრეოდა, ჩვენთან კი, ერთ საქმეს აკეთებს მილიცია, პროკურატურა, ციხის თანამშრომლები, ექიმები და "ბარიგები". ამიტომ, ცოტა ხანში, კორტავა თავის საქმეს დაუბრუნდება ორივე გაგებით, მით უფრო, რომ ფსიქოტროპულებზე ხელი მიუწვდება და არც იმათ დატოვებს უყურადღებოდ, ვინც ნარკოტიკებისგან ხეირს პოულობს", - წერს ირაკლი აჟიბა.

"რას ვაკეთებთ? რა იქნება ხვალ? ჰო, ჩვენ ხომ "დამოუკიდებლები" ვართ... ტრაგიკომედია. დააკავებენ დამნაშავეს და მერე სამკურნალოდ მიჰყავთ...", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "გაი ფოქსი".

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი