ავტორი:

რაულ ხაჯიმბა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლას იწყებს - ვინ დგას აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტების სათავეში

რაულ ხაჯიმბა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლას იწყებს - ვინ დგას აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტების სათავეში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ გალაშქრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" საიტზე presidentofabkhazia.org - დაყრდნობით ავრცელებს.

ხაჯიმბა გამოდის ინიციატივით, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიანიჭონ იმ ადამიანთა საქმეს, ვინც "ქურდულ სამყაროში" გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს. "კანონპროექტი" უკვე მზად არის და ის განსახილველად "პარლამენტს" უნდა წარედგინოს.

ამასთან, სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია მიენიჭება ე.წ. ქურდულ ობშიაკებსაც, რომლებიც აფხაზეთში უკვე წლებია დამკვიდრებულია და როგორც ადგილობრივების ერთი ნაწილი ამბობს, რაღაც დონეზე განვითარებული ბიზნესი და ტურიზმი სწორედ მათი დამსახურებაა, რადგან ამ სფეროებს სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდები "კრიშავენ".

აფხაზური მედიის ცნობით, სწორედ ამ "კანონპროექტის" განხილვისას გამოჩნდება, დეპუტატები რამდენად არიან შეკრულნი კრიმინალურ სამყაროსთან.

ცნობისთვის, აფხაზეთის რეგიონში პირველობას არ თმობს "კრიმინალური ავტორიტეტი", გუდაუთის დაჯგუფების ლიდერი, რაულ ბარცბა, იგივე "პიზა", რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ, გალის რაიონის გაკონტროლებაზეც გამოთქვა პრეტენზია.

გასულ წელს, აფხაზური მედია და ადგილობრივი ინტერნეტ-მომხმარებლები აქტიურად განიხილავდნენ გალში გუდაუთელი "კანონიერი ქურდების" ჩასვლას, რომლებიც საკმაოდ მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილი და გალის რაიონის "ობშიაკის" გადაცემას ითხოვდნენ. მანამდე გალის რაიონი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის "ჩირო გალსკის" ნათესავის, გია შონიას გავლენის ზონა იყო. არსებული ინფორმაცით, შონია დათმობას არ აპირებდა, თუმცა, რუსეთიდან "ჩირო გალსკის" ინსტრუქცია მიიღო, რის შედეგადაც პოზიციები დათმო.

საქმეში მაშინ ადგილობრივი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, მურმან ლემონჯავა და "მაყურებელი" კახა ფარფალიაც ჩაერთვნენ, რომლებმაც შონიას ასევე დათმობა ურჩიეს.

აფხაზური მედიის ცნობით, ეს ბარცბასთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა, თანაც პოლიტიკური, რადგან მას პოლიტიკაში საკმაოდ ფართო სანაცნობო ჰყავს. შესაბამისად, რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გალის რაიონის გაკონტროლება მისთვის სერიოზული "ბონუსია".

უფრო ადრე, რაულ ბარცბას დაჯგუფებას დიდი შეტაკება ჰქონდა ასევე ქართველ კრიმინალთან "ნიკა გაგრინსკისთან". "პიზას" კავკასიის კლანში საკმაოდ ჩაკეტილ პერსონად მიიჩნევენ, მისი ხისტი პოზიციების გამო, რაც არაერთი კრიმინალის მტრად გადაკიდების წინაპირობაც გახდა, მათ შორისაა ნადირ სალიფოვი, იგივე "გული", რომლის კლანში მოიაზრება "ნიკა გაგრინსკიც", რომელიც აფხაზეთში მომხდარი სისხლიანი "გარჩევისას" დაჭრეს. შესაბამისად, ბარცბა საკმაო წნეხის ქვეშ არის, რადგან აფხაზ კრიმინალს "გულიმ" შეუთვალა, რომ ეს მას არ შერჩებოდა. არც ისე დიდი ხნის წინ, ბარცბას მანქანას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, თუმცა, არავინ დაშავებულა. ამის შემდეგ მან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, რეგიონში კრიმინალური ავტორიტეტების ამგვარი გავლენები წლებია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია. მათი თქმით, ისინი იქ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებზე უკეთესად ცხოვრობენ და მაშინ, როდესაც "მილიციას" გადაადგილებისთვის მანქანა არ ჰყავს, ისინი რამდენიმე ასეულ ათას დოლარიანი ჯიპებით მოძრაობენ. ამიტომაც მოსახლეობას არ სჯერა, რომ "გასაცოდავებულ და ჩაუცმელ მილიციას და პროკურატურას მათი ალაგმვა შეუძლია".

"მაღალჩინოსნებს სწორედ "კანონიერი ქურდები" უმაგრებენ ზურგს და მათი დამსახურებით ფლობენ 500 ათას დოლარიან ქონებას და როგორ ფიქრობთ, საკუთარ თავს შეუქმნიან პრობლემას? ან რით დაუმტკიცებენ, რომ ქურდია? ის სასამართლოზე არ აღიარებს ამას და რა მტკიცებულება ექნებათ? ხომ არ ჯობია ჯერ მექრთამე ჩინოვნიკებს მიხედონ", - წერს ადგილბრივი ზახარი.

"თუ სწორად მახსოვს, ჩვენს მეზობლებს ამ საქმესთან ბრძოლის ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ. მათაც სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარეს "კანონიერ ქურდობთან" კავშირი და შედეგსაც მიაღწიეს. ჩვენ რა მექანიზმები გვაქვს ამისთვის? ამ დაპირებებში კი გავიდა ცხოვრება და რამდენიმე თაობა ჩაიკარგა ამ კრიმინალსა და ნარკომანიაში", - ამბობს "ანტოშა ჩეხონტე".

"კანონიერი ქურდები უკეთ მუშაობენ, ვიდრე ისინი, ვინც მათ დაპატიმრებას უპირებს. "ობშიაკის" ფულის მოპარვა აკრძალულია. მათ თავიანთი კანონები აქვთ. ჩვენს ხელისუფლებას კი არავითარი კანონი არ აქვს, ყველა ისე იპარავს, როგორც სურს", - წერს ნიკიტა ბურდანოვი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი