ავტორი:

წულუკიანმა "ოცნების" ლიდერებს უკვე მეორედ "შეუსრულა"?!

წულუკიანმა "ოცნების" ლიდერებს უკვე მეორედ "შეუსრულა"?!

რჩება შთაბეჭდილება, რომ უკვე მეორე მცდელობა, თეა წულუკიანი გაეშვათ იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან, წარუმატებლად დამთავრდა. გუშინ და დღეს საინტერესო კომბინაცია ვიხილეთ თეა წულუკიანის შესრულებით.

11 მარტს მან თქვა:

"არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია, მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემს თვალში არის ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი".

12 მარტს მან თქვა:

"შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ, დისკუსია დასრულებულია. პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის და ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“.

წულუკიანის 11 მარტის განცხადებამდე „ოცნების“ კულუარებიდან მედიასაშუალებებში ჟონავდა (ალბათ, ხშირ შემთხვევაში შეგნებულად) ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრი პოსტზე ბოლო დღეებს ითვლიდა. მეტსაც გეტყვით, კომპეტენტური წყაროს ცნობით, უკვე შერჩეული იყო წულუკიანის შემცვლელი.

შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა - 11 მარტს, წულუკიანის თქმით, იყო "რაღაც წინააღმდეგობა" მასსა და „იქს ადამიანებს“ შორის, რომელიც არც რეფორმას ეხებოდა, არც „პროცესს თუ პროცედურას“. უცბად, 24 საათში ეს წინააღმდეგობა მოისპო და „პოზიციები შეაჯერეს“. ბუნდოვანია და უცნაური ოპერატიულობაა, არა? თუმცა, თუ დავუშვებთ, რომ ერთი მხრივ, ეს „წინააღმდეგობა“ იყო თანამდებობიდან წულუკიანის წასვლის საკითხი და მეორე მხრივ, ამ 24 საათში წულუკიანს შეუძლია შეხვდეს „მთლად უფროსს“ და ამ შეხვედრაზე „შეჯერდეს პოზიციები“, ანუ წულუკიანი დარჩეს მინისტრად, ყველაფერი ლოგიკურად დალაგდება.

თუ ეს ვერსია მართალია, მაშინ საინტერესოა, რა არგუმენტი ჰქონდა წულუკიანს, რომ ისინი (ან ის), ვინც მას თანამდებობიდან უშვებდა, „პოზიციების შეჯერებაზე“ დაეთანხმებინა? ისეთივე ხომ არა, როგორიც 2018 წლის ივნისში?

დიახ, 2018 წლის ივნისში, დიდი სამთავრობო ცვლილებების დროს, „ოცნების“ ლიდერები არც მალავდნენ, რომ ეს ქალბატონი თანამდებობას გამოემშვიდობებოდა. თუმცა, წულუკიანი დარჩა, რასაც წინ უძღოდა მისი ძალიან საგულისხმო განცხადება:

„ახალ შემადგენლობაში თუ არ ვიქნები, მე ვიქნები გარეთ, მე მექნება გაცილებით უფრო დიდი თავისუფლება პოლიტიკურ ასპარეზში, ჩემს გამონათქვამებში... მე, პირიქით, გარეთ უფრო თავისუფალი, მოქმედი პირი ვიქნები, უფრო ძლიერი, რადგან სტატუსი არ მექნება და კიდევ უფრო შემტევი, რადგან მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანას უფრო სერიოზული და ძლიერი ოპოზიცია სჭირდება".

სწორედ ერთი წლის წინ გაჩნდა ვერსია, რომ წულუკიანმა ოპოზიციაში გადასვლით და „ალაპარაკებით“ დააშანტაჟა „ოცნების“ ლიდერები. სხვათა შორის, იმ დროს თქვენს მონა-მორჩილს უთხრა ერთ-ერთმა საქმეში ძალიან ჩახედულმა ადამიანმა, რომ თანამდებობიდან ლამის ოფიციალურად გაშვებული წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის სავარძელში მაშინ აეროპორტიდან მოაბრუნეს და მას თან ჰქონდა მასალები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების გარშემო საკმაოდ სკანდალურ ფონს შექმნიდა.

თუ ეს მართლაც ასე მოხდა და შანტაჟმა ერთხელ გაჭრა, მაშინ რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მეორედაც გაჭრიდა და რით აშინებს „ოცნების“ ლიდერებს თეა წულუკიანი?

თეორიულად დავუშვათ, რომ წულუკიანი ალაპარაკდა და მოსდო ქვეყანას ყველაფერი, როგორ იქცნენ მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფება „ოცნების“ ფავორიტებად, რა ხდება პროკურატურისა და ზოგადად, ხელისუფლების კულუარებში, როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ რა თქვა, ვინ ვის რა დაავალა, ვინ ვის მფარველობს და ა.შ. თუ ეს ვერსია მართალია, გამოდის, რომ „ოცნების“ ლიდერები შიშობენ, რომ თუ წულუკიანმა შიდა კულუარები გამოამზეურა, ხელისუფლება დიდ პოლიტიკურ დარტყმას მიიღებს.

შესაბამისად, ამ ვერსიის მიხედვით, იუსტიციის მინისტრად „იტანენ“ თეა წულუკიანს, რომელმაც ჩააგდო სასამართლო რეფორმა ისეთი მეტასტაზებით, რომ „ოცნების“ იმიჯს ვინ ჩივის, პარტიას თავი აქვს გადასარჩენი; პროკურატურის რეფორმა დასრულდა იმით, რომ უწყება ლამის ფარცხალაძის კანტორად იქცა; სტრასბურგის სასამართლოში სამარცხვინოდ წარმოჩინდა ქართველ მოსამართლეთა კორპუსი და შეხსენებისთვის - წულუკიანი არის ალბათ, ერთადერთი იუსტიციის მინისტრი დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნებში, რომელიც ბოლო დრომდე დემონსტრაციულად არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას (იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლომ სამსახურში აღადგინდა, მაგრამ წულუკიანის უწყება ამ გადაწყვეტილებას არ ემორჩილებოდა).

სხვათა შორის, რჩება შთაბეჭდილება, რომ წულუკიანს ისიც აქვს გათვლილი, თუ უცბად „პოზიციები ვეღარ შეჯერდა“ და მართლაც გაუშვეს - ზემოხსენებული განცხადებებით ის სახის შენარჩუნებას ცდილობს, რომ წარმოაჩინოს - იყო რაღაც წინააღმდეგობა, მან პრინციპულობა გამოიჩინა და უყოყმანოდ შეელია მინისტრის სავარძელს.

თუ მართალია ვერსია იმის შესახებ, რომ წულუკიანი „ოცნების“ ლიდერების შანტაჟით ინარჩუნებს სავარძელს, მაშინ მმართველ პარტიაში მართლაც მძიმედ ყოფილა საქმე. თუ ქვეყანაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები შანტაჟს ექვემდებარებიან და ვიღაცას „გამოჭერილი“ ჰყავს, ეს პირველ რიგში ქვეყნისთვის არის სახიფათო...

კორონავირუსთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ყველა დეტალი - მთავრობა განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაშია