ავტორი:

რას პასუხობს ბექა ოდიშარია კახა კალაძეს

რას პასუხობს ბექა ოდიშარია კახა კალაძეს

სრულიად ვიზიარებ მერის განცხადებას, არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარი არის ქალაქის ინტერესი”, - ასე ეხმაურება დეპუტატი ბექა ოდიშარიათბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც, თაბორის #1 სასტუმროს მშენებლობა მისაღები არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბექა ოდიშარიამ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელდებოდა სხვადასხვა არასწორი და ზოგჯერ დამახინჯებული ინფორმაცია და თბილისის მერს, „რეალობის წარმოჩენისთვის“ მადლობას უხდის.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარი არის ქალაქის ინტერესი და ყველამ საკუთარი ქმედებები სწორედ თბილისის ინტერესს უნდა მივუსადაგოდ. ასე ვფიქრობდი სხვა საინვესტიციო „ქეისების“ შემთხვევაშიც და ასე იქნება ახლაც. სრულიად ვიზიარებ მერის განცხადებას და მადლობას ვუხდი მას იმ რეალობის ნათლად წარმოჩინებისათვის, რასაც ასე საგულდაგულოდ ამახინჯებდნენ ამ პერიოდში, როგორც მედიის წარმომადგენლები, ისე თბილისის ფსევდო გულშემატკივარი პოლიტიკოსები, რომელთა ერთ ნაწილს სხვათაშორის, წილიც უდევთ შექმნილ სიტუაციაში“, - აღნიშნავს ბექა ოდიშარია.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით, 2007 წელს შეიძინა და არავის უცნობებია მისთვის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეზღუდვები არსებობდა. ბექა ოდიშარიადეტალურად საუბრობს სასტუმროს პროექტირებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა ტერიტორიაზე 30 სართულიანი შენობის მშენებლობა იგეგმებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„აღნიშნული მიწის ნაკვეთები მეტწილად აუქციონის წესით მაქვს შეძენილი მშენებლობის უფლებით და ეს პროცესი ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაიწყო. არც ერთი აუქციონისას არც სიტყვიერად და მითუმეტეს არც წერილობით არსად თქმულა იმის შესახებ, რომ აქ რაიმე შეზღუდვა არსებობდა. ეს ძალიან ადვილი გადასამოწმებელია, რადგან ყველა ეს ინფორმაცია საჯარო გახლავთ. წინა ხელისუფლების მიერ გარკვეული მიზნებით გაუქმებული და შესაბამისად, ბაზიდან ამოღებული იყო ის დადგენილებები, რომელიც შემუშავებული იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. შესაბამისად, იქნება ეს ლანდშაფტი, თუ სხვა, სადღეისოდ ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს განსხვავებული სურათი და რეალობა დედაქალაქში. ასე მაგალითად, თუკი ვიხელმძღვანელებთ და დავედარებით 80-იანი წლების მიდგომებს და მდგომარეობას, თბილისთან ახლად შემოერთებული რამოდენიმე სოფელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთებს, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მე ისინი შევიძინე არსებული ლანდშაფტური მდგომარეობით და მასზე განსაკუთრებული ზემოქმედება მომავალში არც განიხილებოდა! განსხვავებით იმ აპოკალიპტური სცენარისაგან, რომელიც ვიხილეთ ტროლების მიერ წარმოებულ კამპანიებში, როდესაც 3500 მ2 მიწის ნაკვეთი სამშენებლო “ პოლიგონად“ შეასაღეს მოსახლეობას, ხოლო ერთი, სამსართულიანი, მრავალ ტეხილიანი შენობა კი, რომელიც მხოლოდ ერთ ადგილას აღწევდა ხუთსართულიან ნიშნულს, თანამოქალაქეებს შეასაღეს ოცდაერთსართულიან მშენებლობად. თუმცა ბუნებრივია, ნებისმიერი მშენებლობა ახდენს ზემოქმედებას გარემოს ენდემურობაზე.

დღეს მერიას განსხვავებული დამოკიდებულება და მიდგომები აქვს, რომელსაც მე, როგორც რიგითი თბილისელი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ძველი უბნიდან, მხარს ვუჭერ და ვიზიარებ. დასრულების პროცესშია ახალი გენგეგმა და მე ამ აჟიოტაჟამდეც არა ერთხელ დამიფიქსირებია, რომ ჩვენს თაობას აქვს შანსი გადაარჩინოს თბილისი იმ ურბანულ კატასტროფას, რომლის წინაშეც ჩვენი ქალაქი აგერ უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია დგას. ასე, რომ ვფიქრობ, დღევანდელი გადაწყვეტილებაც სწორედ ასე უნდა იქნას აღქმული, რამდენადაც არ უნდა იყოს მესაკუთრე კეთილსინდისიერი და კანონის წინაშე გამართული, თუკი ქალაქის ინტერესი განსხვავებულია, უნდა არსებობდეს ორმხრივი კეთილი ნება, რომ ცივილიზებული დამოკიდებულებების გზით იზეიმოს უფრო დიდმა სიკეთემ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დეპუტატი მზადაა, კომპენსაციის სანაცვლოდ, თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობაზე უარი თქვას. როგორც ოდიშარიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „საკითხს ცივილური გადაწყვეტა ექნება“.

"ადამიანს საკუთრებას ხომ არ წაართმევენ? ბუნებრივია, საკითხს ცივილური გადაწყვეტა ექნება. ის თუ სად მოხდება ჩანაცვლება, შემოთავაზება არის მერიის პრეროგატივა, ხოლო მესაკუთრის პრეროგატივაა ამ თემის განხილვა და დათანხმება", - განაცხადა ოდიშარიამ.

თუმცა, როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, ბექა ოდიშარიას თაბორის #1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ სხვა, ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ. ხმალაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი სად და რა მიწის ნაკვეთს მიიღებს ოდიშარია საკუთრების სანაცვლოდ.

„სიმართლე გითხრათ, რა მიწას მიიღებს ბექა ოდიშარია ჯერ არ ვიცი. ნებისმიერ სიტუაციაში განაშენიანებასთან დაკავშირებით ქალაქის მერია გადაწყვეტილებას იღებს ქალაქის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. რაზეც დედაქალაქის მერმა გააკეთა აქცენტი არის ის, რომ მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის ის პირი, პოლიტიკური სუბიექტია, თანაგუნდელი თუ მეგობარი, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან. არაერთხელ დავამტკიცეთ ის, რომ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცეების შენარჩუნებისთვის მერია ყველაფერს გააკეთებს. ერთ-ერთი მორიგი ობიექტი, რომელსაც მოუწევს მონაცვლეობა და არა განაშენიანება იქნება ბექა ოდიშარიას მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოგვიწევს მსჯელობა. პირველ რიგში, შევეცდებით მიწით მოვახდინოთ მონაცვლეობა და დიდი იმედი მაქვს, გამოინახება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აქტივები, რომ შევძლოთ ამის მონაცვლეობა“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ოდიშარიას აღნიშნულ მიწის ნაკვეთში 11 მილიონი დოლარი შეიძლება შესთავაზონ.

„მეეჭვება ეს თანხა ღირდეს, არ არის ასეთი დიდი მიწის ნაკვეთი. ეს შეუძლებელია. 3000 კვადრატული მეტრიც არ არის. ბიზნესგეგმის მიუხედავად, არა მგონია, თბილისში გვქონდეს ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელიც 11 მილიონ დოლარად შეიძლება შეფასდეს, მეეჭვება. ამ მიწაზე არაფერი არ არის განთავსებული და ცარიელი მიწა ამ ღირებულებას არ ექვემდებარება, ამის ნახევარიც არ იქნება“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, დეპუტატის საკუთრებაშია თბილისში, თაბორის #1-ში, ყოფილი ბერძნის ქუჩაზე არსებული ის ტერიტორია, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, იქ სასტუმრო არ აშენდება.

„ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექა ოდიშარიას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არის მისაღები,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დაუდასტურდა თუ არა გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი - რას აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში

"თბილისის სამ-ოთხ ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ ეტაპზე, აღნიშნული ბაღები არ გაიხსნება" - კალაძე

"ვიღაცას გადავაბრალოთ, რუკა დამალა, ფული აიღო, არაფერი გამოვა...ეს ერთი ადამიანის ღალატთან არ არის დაკავშირებული" - მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯზე