ავტორი:

BTU ლიმერიკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ფინანსური ტექნოლოგიების საერთაშორისო კვლევაში ერთვება

BTU ლიმერიკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ფინანსური ტექნოლოგიების საერთაშორისო კვლევაში ერთვება

რა გავლენას ახდენს ახალი ფინანსური ტექნოლოგიები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე - ფინანსური ინსტიტუტებიდან ტექნოლოგიურ კომპანიებამდე; როგორ იცვლება და ტრანსფორმირდება ბიზნეს მოდელები ამ გავლენის შედეგად; და რა გავლენას ახდენს ინოვაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლის ფინანსურ მომსახურებას, მსოფლიო ეკონომიკაზე - სწორედ ამ საკითხებს შეისწავლის საერთაშორისო კვლევა, რომელშიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ლიმერიკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ჩაერთო.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ანდრო რურუას განმარტებით, კვლევა კონცენტრირდება სამ ძირითად სექტორზე - გადახდები, დაზღვევა და რეგულაციები. განაწილებული დავთრის სისტემები გადახდის ალტერნატიული, უფრო სწრაფი, იაფი და გამჭვირვალე სისტემების დანერგვის საშუალებას იძლევა. ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ინოვაციებს შეუძლია ადამიანის ჩარევისა და გაყალბების შემცირების უზრუნველყოფა, რაც დაზღვევის ბიზნესის ტრანსფორმაციის წინაპირობა შეიძლება გახდეს. ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში, რეგულატორის როლი მნიშვნელოვნად რთულდება და მას სჭირდება რისკის წინასწარმეტყველებისა და საფრთხეების მიტიგაციის სრულიად ახალი ინსტრუმენტები.

2014 წლის შემდეგ, როდესაც კომპანია Bitfury-მ გორში მონაცემთა პირველი ცენტრი გახსნა, საქართველო ბიტკოინ სივრცეში ერთ-ერთი ლიდერია. შედეგად, ქვეყანაში თანამედროვე ფინანსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგროვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რეგიონში Bitfury-ს ძირითად პარტნიორ უნივერსიტეტს წარმოადგენს, სრულიად ბუნებრივია, რომ BTU-ს საუკეთესო პოზიციონირება გააჩნია საქართველოში ამ კვლევის პარტნიორობისთვის.

უნივერსიტეტის რექტორის ანდრო რურუას განცხადებით, უნივერსიტეტის ძირითადი როლი იქნება ფინანსური ტექნოლოგიების გავლენის შეფასება განვითარებადი/გარდამავალი ბაზრების ეკონომიკაზე.

„გარდა ამისა, ჩვენ Bitfury-ის მიერ დაფინანსებული ლაბორატორიის მეშვეობით, გვექნება ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვამდელი დატესტვის შესაძლებლობა მცირე მასშტაბიანი პროექტების ფარგლებში. აღნიშნული საერთაშორისო პარტნიორობა ორი მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის საშუალებას მოგვცემს: ერთი მხრივ, ის გააძლიერებს BTU-ს კვლევით პოტენციალს, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში ფინტექის პოლიტიკის შემუშავებაში, დაეხმარება რა შესაბამისი სტრუქტურებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში,“ - განმარტავს ანდრო რურუა.

კვლევა ფინანსდება ირლანდიის მთავრობის მიერ და მისი მთავარი განმახორციელებელი ირლანდიაში არის ლიმერიკის უნივერსიტეტში ბაზირებული პროგრამული უზრუნველყოფის კვლევების ირლანდიური ცენტრი (LERO).