ავტორი:

პუტინმა ე.წ. ქურდულ სამყაროს ბრძოლა გამოუცხადა - როგორ აკონტროლებენ ციმბირს ქართველი კრიმინალები

პუტინმა ე.წ. ქურდულ სამყაროს ბრძოლა გამოუცხადა - როგორ აკონტროლებენ ციმბირს ქართველი კრიმინალები

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ე.წ კანონიერ ქურდებთან ბრძოლის გამკაცრება გადაწყვიტა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის. მისი თქმით, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი ან მისი წევრობა 15-დან 20 წლამდე პატიმრობით, ან 5 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმით დაისჯება. კანონი უფრო მკაცრი იქნება ქურდული დაჯგუფებების მიმართ. რუსული მედიის ერთი ნაწილის ინფორმაციით, ხელისუფლების ეს ინიციატივა, "ქურდული სამყაროდან" ფულის ამოღებას უკავშირდება - ვინაიდან ჯარიმის სახით გარკვეული თანხის რაოდენობა დასახელდა, ეს უკვე სიგნალია, მით უფრო, რუსეთში არსებული კორუმპირებული მართლმსაჯულების პირობებში, სადაც "კანონიერი ქურდები" პროკურორებთან, სენატორებთან და ქალაქის მერებთან მეგობრობენ".

სკეპტიკური განწყობების კვალდაკვალ, რუსული ონლაინგამოცემების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთში, სადაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ინტერნაციონალური "ქურდული სამყაროა" თავმოყრილი, მათი გავლენების დასასრული დაიწყო.

იმიერბაიკალის მხარეში (ციმბირის ფედერალური ოლქი), ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი უგულავა ორგანიზებული დანაშაულების ინიციატორად დაასახელეს. მისი მარჯვენა ხელი, იმიერბაიკალის ე.წ. "მაყურებელი", ადგილობრივი თეოდორ ტიტოვია.

primecrime.ru შორეულ ციმბირში ქართველი კრიმინალების გარშემო შექმნილ პრობლემებზე წერს და არც იმ კრიმინალებს ივიწყებს, ვინც თავის დროზე საქართველოდან ჩავიდნენ და ციმბირში თავიანთი კვალი და გავლენები დატოვეს.

ბოლო დროს, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ გარშემო ვითარება დაიძაბა - დაპირისპირება "ქურდულ ობშჩიაკთან" დაკავშირებით დაიწყო. წლების წინ დაბა პეტროვსკ-ზაბაკალსკის "მაყურებლები", ადგილობრივი მიხეილ ლიცაი და ვიქტორ პანკოვი იყვნენ, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ბალიაბას" ზედმეტსახელით მოიხსენიებდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ორივეს საკმაოდ "მდიდარი" წარსული აქვს.

მაყურებლის სტატუსი, მათ თავის დროზე ასევე ციმბირში დიდი გავლენების მქონე სოხუმელი ე.წ. კანონიერი ქურდისთვის, ვალერი სილაგაძისთვის, ე.წ. "სუხუმსკისთვის" გაწეული სამსახურის გამო მიიღეს, რომელიც წლების განმავლობაში უკონკურენტო იყო და იქაურობას სრულად აკონტროლებდა. "სუხუმსკიმ" ისინი იმ პირობით "დააწინაურა", რომ საჭირო სიტუციაში, რთული საკითხების გადაწყვეტისას, ერთმანეთს მხარში დასდგომოდნენ - ერთს რეგიონის შიგნით საქმეების მოგვარება ევალებოდა, მეორეს კი - საგარეო მიმართულება ებარა.

თანდათან ე.წ. "ციმბირული ობშჩიაკით" უგულავას მარჯვენა ხელი, ტიტოვი, ე.წ. ტიტ-იც დაინტერესდა, რადგან ეს ყველაფერი მის ქალაქში ხდებოდა და 2000-იანი წლების დასაწყისში 10-კაციანი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, მათ შორის იყვნენ ლიცაი და პანკოვი. ეს ჯგუფი იმ ადგილობრივ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს მფარველობდნენ, რომლებიც ძირითადად, უკანონო ბიზნესითა და ფულის გათეთრებით იყვნენ დაკავებული. თავდაპირველად ამას ერთგვარად უჩინარი სახე ჰქონდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების სათავეში გიორგი უგულავა, იგივე "ტახი" მოვიდა, მათ მასშტაბები გაზარდეს - მან თავის მხარეს გადაიბირა ტიტოვი და შესაბამისად, დაჯგუფებაში დარჩენილ კრიმინალებს, თანდათან გავლენის სფეროებიც ჩამოართვეს.

მალე პეტროვსკ-ზაბაიკალსკის კრიმინალებს შორის განხეთქილება დაიწყო - "ტიტის" მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა. რამდენიმე წელიწადში კი, დაჯგუფების წევრები, რომლებმაც ასევე თავიანთი კლანები გაიჩინეს, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ. ერთ დღესაც ტიტოვი დააკავეს და რეგიონში ძალაუფლება "სუხუმსკიმ", იგივე "ტახიმ" აიღო, რომელმაც ახალი "მაყურებელი", "საშა ბურიატი" დანიშნა.

გამოცემის ცნობით, "დაჯგუფების წევრები, ბოლო ხანებში მუდმივად იქცევენ სამართალდამცავების ყურადღებას. ამას წინათ ტიტოვის კლანის წევრი ანტონი ჟდანოვი, პეტროვსკის სადგურში "Восток-2018"-ის სამხედრო სწავლების ფარგლებში ჩასულ სამხედროებს სადგურის კაფე-მაღაზიაში შეუვარდა და მათ იქაურობის დაცლა უბრძანა - "აქ მე ვარ, ყველაფერი ჩემია და აქედან გაეთრიეთო". ჯარისკაცები გაიქცნენ, ჟდანოვი მათ გაეკიდა, თუმცა, პოლიგონზე შესვლის უფლება მას ჰაერში ნასროლმა გამაფრთხილებელმა ტყვიამ არ მისცა", - წერს გამოცემა.

რუსული მედია წერს, რომ თუკი რუსეთის ხელისუფლებას მართლაც "ქურდული სამყაროს" მიმართ კანონის გამკაცრება სურს, ციმბირით უნდა დაიწყოს, რადგან რუსეთის სხვა დიდ ქალაქებსა და ოლქებთან შედარებით, სადაც ისინი ასე აშკარად არ ჩანან, სხვადასხვა მიზეზების გამო, ციმბირს, პრაქტიკულად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები აკონტროლებენ, მათ კლანებში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით.

გაერთიანებული სამეფო უარყოფს ინფორმაციას ბრიტანული სამხედრო ხომალდისთვის გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შესახებ

რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

იაპონიის მთავრობა კომპანიებს 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესებას სთავაზობს