ავტორი:

სააკაშვილი, მორიგი არაფორმალური მმართველი? - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"

სააკაშვილი, მორიგი არაფორმალური მმართველი? - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"

მმართველი პარტიის მსგავსად 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება აქტიურად დაიწყეს "ნაციონალურ მოძრაობაშიც". მთავარ ოპოზიციურ ძალაში დიდი ცვლილებები იწყება - მიხეილ სააკაშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეობას თმობს და მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდებს. ექსპერტების აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ არაფორმალური მმართველობის მორიგი პრეცედენტი იქმნება ქვეყანაში.

ვიდეომიმართვაში, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გაავრცელა, საუბარია პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლის საშუალება არ ეძლევა, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში.

გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, პარტიას სჭირდება უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა იგრძნო:

"რაღაცები მომესმა, მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და მსგავსი სისულელეები! მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რაც ამ პარტიის ფორმირებაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, იმიტომ რომ იმ მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ჩვენ შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის გამიჯვნას არ ელოდებიან ექსპერტები. ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ქვეყანაში ახლა უკვე ორი არაფორმალური მმართველი იქნება - ივანიშვილი და სააკაშვილი:

„ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი პოლიტიკური სპექტრიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. თუ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გავითვალისწინებთ, საკმაოდ კარგი და მნიშნელოვანი შედეგი ჰქონდათ და ახლა, ალბათ, დაიწყეს ფიქრი იმაზე თუ როგორ გაიუმჯობესონ შედეგი 2020 წლისთვის.

თავისთვად ცხადია, რომ სააკაშვილის ფაქტორი კვლავ რჩება ხელის შემშლელად ამომრჩევლის მოზიდვასთან დაკავშირებით. ამიტომ, როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ დროებით გვერდზე გადგეს, თუკი ამას შეძლებს მისი ხასიათიდან და ბუნებიდან გამომდინარე. ის, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, გულუბრყვილობაა. თუ დღემდე საქართველოში გვყავდა ერთი არაფორმალური მმართველი, ახლა მივიღებთ ორს - ერთი პარტიის, მეორე ქვეყნის.

სააკაშვილი ამომრჩევლებს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ის ამომრჩეველი, რომელიც პარტიას სააკაშვილის გამო უჭერდა მხარს, დარჩება მასთან. მეორე ტიპის ამომრჩეველი კი, რომელიც ჩახედულია პოლიტიკაში არ დაიჯერებს, რომ სააკაშვილმა უარი თქვა პარტიის მართვაზე. ამომრჩეველთა 10-15% არსებობს გაურკვეველთა კატეგორია, რომლის მოზიდვის იმედიც აქვს სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრეზიდენტი არ იქნება წინა პლანზე წამოწეული.

"ქართული ოცნება" ისევ და ისევ შეეცდება ამორჩევლის დაშინებას სააკაშვილის ფაქტორით და ამ მოტივით ეცდება არჩევნებში კვლავ წარმატების მიღწევას. სააკაშვილი ამას სწორედ ამ არგუმენტის გამოცლისთვის აკეთებს და იმიტომ აპირებს ვითომ გადადგომას" - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ძაბირაძე.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით, შესაძლოა სააკაშვილი უკრაინაში აპირებდეს გააქტიურებას და სწორედ ამიტომაც სურს პარტიის რიგებიდან ოფიციალურად წასვლა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნებისთვის მზადება თავისთავად მიმდინარეობს. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ სააკაშვილი არ იმყოფება ქვეყანაში, შესაძლებელია წინასაარჩევნო კამპანიაზე, ხელმომწერების შეგროვებაზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნას და სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მას გარკვეული ამბიციები გაუჩნდეს უკარაინაში მიმდინარე მოვლენებზე. თუ უკრაინაში იულია ტიმოშენკო გაიმარჯვებს, ის ალბათ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდება" - გვითხრა ჩიტიძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, კი პარტიაში მენეჯმენტური ცვლილებები მიმდინარეობს და ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს პარტიის ელექტორატზე.

"ის არ არის საქართველოს მოქალაქე, ჩვენი კანონმდებლობით კი პარტიის თამჯდომარე არ უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე. აქედან გამომდინარე ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ტექნიკურ-მენეჯერულ ამოცანას წყვეტენ პარტიაში. პოლიტიკურად ამით არაფერი შეიცვლება - სააკაშვილი რჩება პარტიის დამფუძნებლად და ლიდერად. არა მგონია თავი დაგვავიწყოს და მოწოდებების ინტენსივობა შეამციროს. ასე რომ, უბრალოდ ხდება შიდა პარტიული საკითხების მოწესრიგება.

მიშას და „ნაციონალური მოძრაობის“ გამიჯვნა ვერ მოხდება, ეს ილუზიაა. ივანიშვილი სახლში იყო წასული, მაგრამ მაინც იმაზე საუბრობდნენ, რომ ყველაფერი მისი ბრალია ქვეყანაში და ასე იქნება სააკაშვილის შემთხვევაშიც" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

უახლოეს მომავალში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაა დაგეგმილი, სადაც სავარაუდოდ პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძეს აირჩევენ და პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს დაასახელებენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები