ავტორი:

ახალი ქართული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც საკუთარ ონლაინ მაღაზიას რამდენიმე წუთში შექმნით

ახალი ქართული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც საკუთარ ონლაინ მაღაზიას რამდენიმე წუთში შექმნით

დატვირთული გრაფიკის გამო ბევრი ჩვენგანი სასურველ ნივთებსა თუ პროდუქტებს ხშირად, ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით იძენს. დიდი კომფორტია, შეხვიდე რომელიმე კომპანიის ვებ-გვერდზე და მაგალითად, დაბადების დღის საჩუქარი სამსახურიდან ან სახლიდან გაუსვლელად შეიძინო.

ქართველი მომხმარებელი უკვე საკმაოდ აქტიურად იყენებს amazon.com, ebay.com და სხვა ცნობილ საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებს, თუმცა ქართული ადგილობრივი ონლაინ მაღაზიების არჩევანი ამ ეტაპზე საკმაოდ შეზღუდულია, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხისა და ფუნქციონალის მრავალფეროვნების კუთხით.

ამ ფაქტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ქართველ მეწარმეებს და ბიზნესებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ სრულყოფილი ონლაინ მაღაზიის შექმნა და გარდა ფინანსური პრობლემებისა დაკავშირებულია დროში გაწელილ, რამდენიმეთვიან პროცესთან და სხვა მრავალ ტექნიკურ პრობლემასთან.

ქეთევან ვაჩიბერიძემ და მისმა გუნდმა, ჩვენი მომხმარებლების მხრიდან ონლაინ ვაჭრობით დაინტერესების ზრდა 2 წლის წინ შეამჩნიეს და გადაწყვიტეს, საქართველოში მოქმედ კომპანიებს საცალო გაყიდვების ონლაინ სივრცეში გადატანის პროცესში დახმარებოდნენ. ამბიციური მიზანიც დაისახეს, გადაწყვიტეს მოეხსნათ მეწარმეებისთვის ყველა არსებული ბარიერი, რაც დაკავშირებულია თანამედროვე ონლაინ მაღაზიის შექმნასთან.

იდეისა და კონცეფციის ჩამოყალიბებაზე 6 თვე იმუშავეს, პლატფორმის დეველოპმენტს 12 თვეზე მეტი დასჭირდა, საბოლოოდ კი სტარტაპი B2C შეიქმნა. თავად სტარტაპმა უკვე მოახერხა და გაყიდვები გაუზარდა სხვა მეწარმეებს და ბიზნესებს, 30-მდე ონლაინ მაღაზია უკვე ოპერირებს, ხოლო ორჯერ მეტი მეწარმე კი რეგისტრირებულია და ემზადება საკუთარი ონლაინ მაღაზიის გასაშვებად.

B2C როგორც დამწყებ მეწარმეებს, ასევე ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ კომპანიებს ონლაინ მაღაზიის შექმნაში ეხმარება. კომპანიის CEO-მ, ქეთევან ვაჩიბერიძემ B2C-ს პლატფორმაზე ონლაინ მაღაზიის შექმნის პროცესი განგვიმარტა. ის ძალიან მარტივია: შევდივართ საიტზე www.b2c.ge და ვრეგირსტრირდებით, შეგვყავს მხოლოდ ჩვენი ელ-ფოსტა და მაღაზიის სასურველი სახელი. 5 წუთში კი ონლაინ მაღაზია უკვე მზად არის და მეწარმე იწყებს მისი პროდუქტების განთავსებას ვებ-სივრცეში.

B2C-ის შექმნისა და განვითარების დეტალებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ვაჩიბერიძემ Ambebi.ge-სთან დეტალურად ისაუბრა. ასევე, მან რჩევები არც მათთვის დაიშურა, ვისაც ონლაინ მაღაზიის შექმნის სურვილი აქვს, თუმცა ჯერ კიდევ არ იცის, როგორ გააკეთოს ეს.

რატომ გადაწყვიტეთ, მსგავსი პლატფორმა შეგექმნათ და როგორ ფიქრობთ, საქართველოში ონლაინ მაღაზიით ოპერირება რამდენად წარმატებული საქმიანობაა?

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა დავასრულე მაგისტრატურაში სწავლა (MBA) და 15-წლიანი გამოცდილების მქონე ვებ-დეველოპერთა გუნდს შევუერთდი. არსებულ გუნდს უკვე ქონდა შექმნილი არაერთი წარმატებული ონლაინ მაღაზია პერსონალური დაკვეთით, თუმცა ჩვენი ახალი ხედვა იყო, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გაგვემარტივებინა ისე, რომ თავად მეწარმეს, პროგრამისტების და ვებ-დეველოპერების ჩარევის გარეშე შეძლებოდა სრულყოფილი ონლაინ მაღაზიის შექმნა. დღეს უკვე ვამაყობთ, რომ მივიღეთ სრულყოფილი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მეწარმეს საშუალებას აძლევს, წუთებში შექმნას ონლაინ მაღაზია და ეს მაღაზია თავის თავში მოიცავს ყველა იმ ძირითად ფუნქციონალს, რასაც იყენებენ მსოფლიოში წამყვანი ონლაინ-მაღაზიები, პარალელურად ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკაც და მოთხოვნებიც.

მსოფლიო ტენდენცია ასეთია: ონლაინ-გაყიდვები ძალიან სწრაფად იზრდება. მომავალ 3 წელში ეს ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს. საქართველოში და ზოგადად, ჩვენს რეგიონში, საცალო გაყიდვებში ონლაინ-გაყიდვებს მხოლოდ 1% უჭირავს, როცა დანარჩენ მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 11%-ს აჭარბებს, განვითარებულ ქვეყნებში კი 20%-ს უახლოვდება. ჩვენი შესაძლებლობა სწორედ ამ სტატისტიკურ მონაცემებშიც ჩანს, უნდა მივაღწიოთ, რომ ქართველმა მეწარმეებმაც შეძლონ სრულად ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიებით და ონლაინ გაყიდვების წილი გლობალურ მაჩვენებლებს მიუახლოვონ.

რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე საერთაშორისო მსგავსი პლატფორმა, თუმცა პროგრამისტთა ჯგუფის ჩარევის გარეშე ისინი ფაქტიურად ვერ აძლევენ მეწარმეს საშუალებას, სრულად მოერგონ ადგილობრივ ბაზარს. არსებობს ენობრივი ბარიერი, პრობლემები იქმნება ადგილობრივ ბანკებთან და ადგილობრივ საკურიერო კომპანიებთან სერვისების დაერთებისას, ფაქტიურად, შეუძლებელია ადგილობრივ ბუღალტრულ პროგრამებთან დაერთება, ან საგადასახადო კოდექსის თუ სხვა ადგილობრივი რეგულაციების ასახვა.

დღეს საქართველოში ონლაინ ვაჭრობით დაინტერესებული კომპანიები, როგორც წესი, მიმართავენ ადგილობრივ ვებ-დეველოპერულ კომპანიებს და სპეციალურად მათთვის იქმნება ონლაინ მაღაზია. ასეთი პერსონალური დაკვეთით ონლაინ მაღაზიის შექმნა დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ფინანსურ ინვესტიციასთან და არის დროში გაწელილი პროცესი. მეწარმეებს ონლაინ მაღაზიის გაშევების შემდეგაც ბევრი სირთულე ელით, რადგან ამ სფეროში საჭიროა მუდმივი განახლებები და ტექნიკური მხარდაჭერა.

განსხვავებით პერსონალური დაკვეთით შექმნილი ონლაინ მაღაზიისგან B2C პლატფორმის გამოყენების შემთხვევაში მეწარმე ყოველთვის ფლობს უახლეს ვერსიას და ფუნქციონალს. მაგალითად, დღეს ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ სამ უმსხვილეს ბანკთან, ყველაზე დიდ საკურიერო კომპანიასთან (საქართველოს ფოსტა); ინტეგრირებულია Facebook-ის, Google-ის სერვისები, არსებობს დიზაინის 10-ზე მეტი ვერსია, გათვალისწინებულია თანამედროვე უსაფრთხოების ყველა სტანდარტი, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ჩამონათვალი და არჩევანი ყოველთვიურად იზრდება. შესაბამისად მეწარმე ფლობს ყოველთვის უახლეს, და თანამედროვე ვერსიას, ამ უპირატესობის მიღება კი სხვა მომწოდებლებისგან ფაქტიურად შეუძლებელია.

რამ განაპირობა კომპანიის განვითარება და პარალელურად, რამდენად მაღალია ონლაინ მაღაზიის შექმნის ინტერესი?

ინტერესი საკმაოდ მაღალია, მითუმეტეს, რომ დღემდე ჩვენ მხოლოდ სოციალური მედიით ვაცნობდით პროდუქტს მომხმარებელს. მაღალ ინტერესს განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ჩვენი მომსახურება მეწარმეებს ერთთვიან უფასო პაკეტს სთავაზობს. მათ შეუძლიათ, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე დარეგისტრირდნენ, შექმნან ონლაინ მაღაზია, სრულად გატესტონ ფუნქციონალი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, უნდათ თუ არა ჩვენთან კონტრაქტის გაფორმება. საინტერესოა, რომ მოტივირებული მეწარმეები უკვე უფასო ერთთვიანი პერიოდით სარგებლობისას ახერხებენ ვაჭრობის დაწყებას და პირველი მოგების გამომუშავებას.

რა თქმა უნდა გვეხმარება გლობალური ტენდენციები, მომხმარებლებმა უკვე იციან თუ რაოდენ კომფორტულია ინტერნეტით ნივთის შეძენა, პარალელურად ფაქტიურად ყველა მეწარმეც თანხმდება, რომ მან თავისი პროდუქტების კატალოგი აუცილებლად უნდა განათავსოს ონლაინ სივრცეში და მისცეს მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში, მისი ონლაინ შეძენის შესაძლებლობა.

ჩვენი მხრიდან შეთავაზებული კომფორტი და ონლაინ ვაჭრობის ზრდის ტემპი მსოფლიოში მარწმუნებს, რომ ინტერესი პლატფორმა B2C-ის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორ ფიქრობთ, საუკეთესო სტარტაპებს შორის B2C ერთ-ერთ გამარჯვებულად რატომ დასახელდა და რამდენად მაღალი იყო კონკურენცია?

ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ თანადაფინანსების გრანტების კონკურსში, რომელიც ინოვაციური სტარტაპებისთვის გაიმართა. როგორც ვიცი, 100-ზე მეტი აპლიკაცია შევიდა, საიდანაც საწყის ეტაპზე 40 სტარტაპი შეარჩიეს, რომლებმაც საკუთარი პროექტები მაღალი დონის საერთაშორისო ინვესტორებისგან დაკომპლექტებულ კომიტეტს წარუდგინეს. საბოლოოდ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც 100 000 ლარიანი გრანტი მიიღეს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორების მხრიდან ჩვენმა სტარტაპმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. ამავე პროექტის პარტნიორი იყო გაერო-ს ქალთა ფონდი, რომლებმაც ტექნოლოგიების სფეროდან 5 ქალი მეწარმისთვის დამატებითი პრიზი დააწესა - სასწავლო ტური ევროპაში. ასეთი მხარდაჭერა არამარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ნებისმიერი ქალი მეწარმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენად კმაყოფილები და წარმატებულები არიან ის ადგილობრივი კომპანიები, რომლებმაც ონლაინ მაღაზია თქვენი დახმარებით შექმნეს და როგორ ფიქრობთ, ამისთვის სწორედ თქვენი პლატფორმა რატომ შეარჩიეს?

ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ონლაინ მაღაზიის მფლობელებთან და ვფიქრობ, რომ მათი კმაყოფილების დონე საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით კმაყოფილები არიან ის მეწარმეები, რომლებსაც უკვე უსარგებლიათ სხვა ონლაინ მაღაზიით, რადგან ისინი ძალიან სწრაფად ხედავენ ჩვენს უპირატესობებს.

კმაყოფილებას ზრდის ის ფაქტიც, რომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებს მოვერგოთ, ვითვალისწინებთ მათ სურვილებს და ხედვებს.

ჩვენი წარმატებული ონლაინ მაღაზიების მიმართულებები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, გვყავს კლიენტები, რომლებიც უკვე წლებია ოპერირებენ ბაზარზე და აქვთ რამდენიმე მილიონიანი გაყიდვები და ეხლა დაიწყეს ონლაინ მიმართულების განვითარება, არიან მეწარმეები, ვინც ყიდის თავისი ხელით შექმნილ ნივთებს საკმაოდ წარმატებით, ასევე არიან მაღაზიები, ვინც ახდენს ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის მიწოდებას.

როგორც წარმატებული სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი, რა რჩევებს მისცემთ მათ, ვისაც ჩვენს ქვეყანაში პროდუქციის ონლაინ მაღაზიის მეშვეობით რეალიზაცია სურს?

ნებისმიერ დამწყებ მეწარმეს მე ვურჩევ მაქსიმალურად გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, თბილისში ცენტრალურ უბნებში მაღაზიის ქირა დაგიჯდებათ 2500 ლარი ან მეტი, მაშინ როცა პლატფორმაზე B2C საკუთარი ონლაინ მაღაზიის გახსნა ყოველთვიურად მხოლოდ 99 ლარი ღირს. ეფექტური მარკეტინგული აქტივობის წარმართვის შემთხვევაში ონლაინ მაღაზიის ვიზიტორების და მისი მომხმარებლების რიცხვი ფაქტიურად შეუზღუდავია, განსხვავებით ფიზიკური მაღაზიისგან.

კონკრეტულად ონლაინ მაღაზიის წარმატებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ასორტიმენტის შერჩევა, რაზეც არსებობს მაღალი მოთხოვნა, ამის შემდეგ კი დაგვჭირდება სტაბილურად მარკეტინგული აქტივობა სამიზნე მომხმარებლისთვის ამ პროდუქციის შეთავაზების მიზნით.

ჩემი რჩევა იქნება, რომ მეწარმეებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მომხმარებლიდან წამოსულ შენიშვნებს და რჩევებს, ასევე გაეცნონ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ ტენდენციებს და ეცადონ მათ მორგებას საკუთარ ბიზნესზე.

პლატფორმა B2C-ს პარალელურად ჩვენ აქტიურად ვანვითარებთ youtube არხსაც, სადაც ვანთავსებთ მცირე ზომის ვიდეო ბლოგებს ქართულ ენაზე, რათა მეწარმეებს მაქსიმალურად გავუადვილოთ ონლაინ მაღაზიის შექმნის პროცესი, გარდა ტექნიკური მომენტებისა, იქვე ვათავსებთ ჩვენს რჩევებს და ასევე ჩვენი წარმატებული კლიენტების ისტორიებსაც.

როგორია B2C-ს სამომავლო გეგმები, რა ახალ სერვისებს შესთავაზებს ის ონლაინ მაღაზიით დაინტერესებულ პირებს?

განვითარების გზაზე ჩვენი პლატფორმა ინოვაციურ სიახლეებს მუდმივად ითვალისწინებდა, მაგალითად, ეხლა ვნერგავთ და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობებს. ჩვენი ბიზნეს მოდელი ამ მიმართულებით იდეალურია, რადგან აქ თავს იყრის დიდი რაოდენობით მონაცემები, შეგროვებული ჩვენთან გახსნილი თითოეული ონლაინ მაღაზიიდან. გარდა ამისა, ყოველთვიურად ემატება ახალი ფუნქციები, მაგალითად წინა თვეში მოხდა ფეისბუქ-მესენჯერის ინტეგრაცია და ბლოგის ფუნქციონალის დამატება, ამ თვეში დაგვემატა paypal-ის გადახდების სისტემა. მოკლედ, მსგავსი ფუნქციური სიახლეები, ასევე ახალი დიზაინების შემოთავაზება მუდმივი პროცესია და ჩვენი გუნდი არსებულზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის