ავტორი:

"ერთი ხელით ჭარბვალიანობას ვებრძვით, მაგრამ გასაქანს ვაძლევთ ონლაინ-სათამაშო ბიზნესს" - რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები სათამაშო ბიზნესის პლასტიკურ ბარათებში

"ერთი ხელით ჭარბვალიანობას ვებრძვით, მაგრამ გასაქანს ვაძლევთ ონლაინ-სათამაშო ბიზნესს" - რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები სათამაშო ბიზნესის პლასტიკურ ბარათებში

რამდენიმე თვეა, ონლაინ-კაზინოებმა მომხმარებელს საკუთარი პლასტიკური ბარათები შესთავაზეს. ახალი პროდუქტის რეკლამირებას მასშტაბური ბილბორდებითა და ვიდეორგოლებით ახდენენ და ბარათების მფლობელებს სრულ კონფიდენციალურობას პირდებიან.

ის, რომ სათამაშო ბიზნესს სურს, ონლაინთამაშების მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო დაფარული გახადონ, ეს პლასტიკური ბარათების სახელწოდებებიდანაც ჩანს: „ინკოგნიტო“, „ზერო“, „იქს ქარდი“ და ა.შ.

იმაზე, თუ რატომ გადავიდნენ ონლაინ-კაზინოები საბარათე სისტემაზე და რა პრობლემების შექმნა შეუძლია ამას საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძეს თავისი მოსაზრება აქვს. მისი თქმით, აღნიშნული ბარათების დამზადება და მომხმარებლებისთვის გადაცემა, სავარაუდოდ იმან გამოიწვია, რომ ონლაინ-კაზინოების მომხმარებლებს ბანკებში სესხის აღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. მაგალითად, თუ კომერციული ბანკი საბარათე ანგარიშის შესწავლისას აღმოაჩენდა რომ, შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იყო ამ ტიპის გართობაზე, სესხს არ ამტკიცებდა.

"ტექნიკურად, ერთ-ერთი კომპანიიდან საკუთარ ანგარიშზე მოგებული თანხის გადატანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ონლაინ-კაზინოებმა აღნიშნული ბარათები სწორედ იმიტომ შექმნეს, რომ მათ კლიენტებს ბანკებთან ურთიერთობა შეუმსუბუქონ და სესხის აღება გაუმარტივონ.

ის პირები, რომლებიც ონლაინ-კაზინოში რიცხავენ თანხას, ბანკებისთვის არიან სარისკო მსესხებლები, რადგან მათ 1 თვის განმავლობაში შეიძლება დიდი შემოსავალი ჰქონდეთ, მაგრამ მეორე თვეში, საერთოდ აღარ ჰქონდეთ. ჩვენი ვალია, გავაფრთხილოთ მოსახლეობა, რომ ისინი, ვინც სათამაშოდ იყენებენ ონლაინ-კაზინოებს, დიდი ალბათობით, ბანკში სესხს ვერ აიღებენ" - აღნიშნა "საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავჯმდომარემ.

კეპულაძის თქმით, მაშინ როცა მთავრობა ქვეყანაში ჭარბვალიანობას ებრძვის, მეორეს მხრივ სათამაშო ბიზნესს სრული თავისუფლება აქვს:

"ჩვენს ქვეყანაში არის სიღარიბე. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დავძლიოთ სიღარიბე და შემდეგ, დავძლევთ ჭარბვალიანობას. ყველა სხვა გზა არის შემოვლითი. მე არ მგონია, რომ მაინდამაინც აზარტული თამაშების ბიზნესი იყოს სიღარიბის და ჭარბვალიანობის მიზეზი, თუმცა, ამ შემთხვევაში დგება ერთი პრობლემა: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, ვიბრძვით ჭარბვალიანობის წინააღმდეგ, ჩნდება რაღაც ალტერნატიული გზები, რომ ჩვენი თუნდაც მცირე თანხა სადღაც ჩრდილში გვქონდეს და რეგისტრირებული არ იყოს. ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

ერთი ხელით ვებრძვით ჭარბვალიანობას, მაგრამ გასაქანს ვაძლევთ ონლაინ-სათამაშო ბიზნესს და უფლებას ვაძლევთ, მოქალაქეების თანხების შესახებ ინფორმაცია არ გასცენ“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

ეკონომისტ სოსო არჩვაძის თქმით, იმ კომპანიების მიერ, რომლებიც სათამაშო ბიზნესში ოპერირებენ, პლასტიკური ბარათების გამოშვება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. ამავდროულად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს სურს, უფრო თავისუფალი იყოს და ნაკლებად მოექცეს კონტროლის ქვეშ, რის ერთ-ერთ გზასაც თანხების არა კომერციული ბანკების, არამედ საკუთარი პლასტიკური ბარათების მეშვეობით ჩარიცხვა წარმოადგენს.

მისივე მოსაზრებით, ამით სათამაშო ბიზნესს შემოსავლების მეტად გაზრდა და საგადასახადო სამსახურებისგან თავის არიდება სურთ.

"ალბათ, ნებისმიერი ბიზნესი, იქნება ეს კაზინოები თუ სხვა ბიზნეს საქმიანობა, კონტროლისგან თავის დაღწევას ცდილობს, თუმცა ბიზნესის კონტროლი და მონიტორინგი, გარკვეულ ეტაპზე ლოგიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, არამარტო საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლებისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებაში რეპუტაციური და ტექნიკური თვალსაზრისით.

რაც შეეხება რეგულირებას, აქ კომპლექსური პრობლემაა: ზოგადად, საზოგადოებაში არსებული სამართლებრივი ფონი, სოციალურ-ეკონომიკური კლიმატი, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ადამიანების ქცევაზე, იმედებზე - მათ შორის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. როდესაც სხვა საშუალება არ აქვს, ადამიანი ხიბლში ვარდება - ამას დავაქმევდი "ელიოზის კომპლექსს", რომ სურს, ერთბაშად მოხსნას ფსონი და ყველა მიმდინარე პრობლემა გადაწყვიტოს. თუმცა, პირიქით ხდება... თუ ადამიანი დაინახავს, რომ მისი პრობლემების გადაწყვეტა რაიმე სხვა გზით არის შესაძლებელი, მისი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უფრო სუსტი იქნება“ - აღნიშნა ექსპერტმა.

საუბრის ბოლოს, ეკონომისტმა ნახევრად ხუმრობით ონლაინ-კაზინოების მიერ გამოშვებული პლასტიკური ბარათი 21-ე საუკუნის ინდულგენციას შეადარა.

არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში აზარტულ თამაშებში ნახევარ მილიონამდე ადამიანია ჩართული. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. ჩვენს ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული.

მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო ამავე წელს საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვამ (სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და სხვ.) 4,094 მლრდ ლარი.

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა