ავტორი:

ტექნოლოგიების ფესტივალი „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ სილიკონ ველი თბილისში ჩატარდა

ტექნოლოგიების ფესტივალი „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ სილიკონ ველი თბილისში ჩატარდა

ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი, სახელად „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ საქართველოში სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები ერთ სივრცეში, ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო, გაერთიანდნენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიზნეს პროცესებში ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ეს ტემპი მზარდია საქართველოშიც: ხელოვნური ინტელექტი, ნივთების ინტერნეტი, მანქანური სწავლება, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა და სხვა ტექნოლოგიური ტრენდები სტარტაპებებში, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში საქართველოს ყველა ინდუსტრიაში ჩნდება.

„დღეს ჩვენ გავხსენით ტექნოლოგიების ფესტივალი „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“, რომელსაც გვინდა ყოველწლიური სახე მივცეთ. ჩვენი მიზანი ტექნოლოგიური სექტორის გაძლიერებაა. ეს ფესტივალი საშუალება მოგვცემს, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დღის წესრიგი განავითაროს და წინ წაწიოს. ზოგადად უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებით ვმუშაობთ. თუმცა დღეიდან ამ ურთიერთობებს უნივერსიტეტსა და კერძო კომპანიებს შორის კიდევ უფრო ახალ ეტაპამდე მივიყვანთ,“ - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ.

„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ყოველთვის მხარს უჭერს უნივერსიტეტების ინიციატივას, რომ განავითაროს სტარტაპების ეკოსისტემა და სწორედ უნივერსიტეტია ის მთავარი შემადგენელი ნაწილი სტარტაპ ეკოსისტემისა, საიდანაც იწყება ინოვაციური იდეები, საიდანაც ვითარდება ინოვაციური იდეები და სწორედ ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ტარდება საქართველოს ტექნოლოგიების ფესტივალი. ეს იქნება ყოველწიური ღონისძიება და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაინტერესება მოხდება ამ სფეროთი. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ სტუდენტების იდეებიდან წამოვიდეს ის გლობალური ტექნოლოგიური და ინოვაციური იდეები, რომლითაც საქართველო დამკვიდრდება მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ.

ზოგადად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ტექნოლოგიური ინდუსტრიის მხარდაჭერის და სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირების მიმართულებით მოწინავე პოზიციას იკავებს. “ყველა ბიზნესი გახდება ტექნოლოგია” - ამ სიტყვებით 2019 წელს გაიხსნა მსოფლიოს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი დავოსში და სწორედ ამ ორი მიმართულების ინტეგრირებას რეგიონში ემსახურება საქართველოს ტექნოლოგიების ფესტივალი.

ფესტივალს ტექნოლოგიური სფეროს წამყვანი კომპანიების პარალელურად, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„დღეს ძალიან საინტერესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. პირველად იმართება საქართველოში ტექნოლოგიების ფესტივალი. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ეს ფესტივალი გახდება უფრო საერთაშორისო მასშტაბების და საქართველო გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი რეგიონში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. რაც შეეხება თავად ინოვაციების როლს განათლების სისტემაში, გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მომავალი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნების პროგრესს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სკოლის პერიოდიდანვე მაქსიმალურად ბევრი შესაძლებლობა ჰქონდეთ მოსწავლეებს როგორც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის, ასევე ინოვაციების შემუშავების და შექმნის ხელშემწყობი სწავლების პროცესის მიხედვით,“ - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ყველა საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდი, რომელიც საქართველოში ოპერირებს, მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქართული სტარტაპები. გამოფენის პარალელურად გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება საქართველოში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი. დისკუსიის ფარგლებში ასევე განიხილეს პროექტი, რომელსაც ისაელის ტექნოლოგიური ჰაბი მალე საქართველოში განახორციელებს და რომლის ბიუჯეტიც რამდენიმე მილიონი იქნება. დისკუსიის მოდერატორი იყო ჟურნალ Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორი გიორგი შარაშიძე.

„ვფიქრობ, რომ პანელური დისკუსიის ძალიან საინტერესო ფორმატი გამოვიდა, რადგან მასში მონაწილეობდა როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები. ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება გაიცვალა ერთმანეთში. აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან საინტერესო ფორმატი იმისთვის, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის და ზოგადად, სამეწარმეო ეკოსისტემა კიდევ უფრო განვითარდეს. ამ მიმარულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის ნაბიჯი, რომელსაც ბინზესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში გადადგამს ისრაელის მხარესთან ერთად. ძალიან მალე გვეცოდინება კონკრეტული ინფორმაცია ისრაელის მხრიდან, თუ რა ტიპის და რა მექანიზმით მოახდენენ ისინი ინვესტირებას ქართულ სტარტაპებში,“ - Entrepreneur-ის მთავარმა რედაქტორმა გიორგი შარაშიძემ.

ტექნოლოგიების ფესტივალის კიდევ ერთი ნაწილი იყო TechTalks - მსოფლიოში არსებული უახლესი ტექტრენდების მიმოხილვა, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ტექტრენდების ანალიზი, ამ სფეროში არსებული სტარტაპების Talk-ები. მათი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

ხელოვნური ინტელექტი/ მანქანური სწავლება - დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI;

ნივთების ინტერნეტი, მომავალი ინდუსტრიული რევოლუცია - გივი ბერიძე, Edison;

დეცენტრალიზებული სისტემები - ახალი სტანდარტი – ლაშა ანთაძე Shelf Network;

გაფართოებული და ვირტუალური რეალობა – ნიკოლოზ გოგოჭური, VREX;

შენობა ნაგებობების ავტომატიზირება და ჭკვიანი ტექნოლოგიები სამშენებლო სფეროში -

სანდრო მჭედლიშვილი, დიტო აბულაძე, smarter.ge

ფესტივალის ფარგლებში გამართული მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენა - ფესტივალზე გადაწყვეტილებების ექსპოზიციითა და ბრენდების სტენდებით წარმოდგენელი იყვნენ შემდეგი კომპანიები: HP, IBM, DELL, Microsoft, HP Enterprise, Syntax, Spectre, Orient Logic, LAB, MUK, BETA, Allmarket.ge, GRENA, Techub, Edison, Shelf network, Vrex, Pulsar AI, smarter.ge, Copter Tech, HTS.

ღონისძების დასასრულს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა პროექტ დაასაქმე Smart სტუდენტის ფარგლებში სტუდენტური ვაკანსიები წარადგინეს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი