ავტორი:

რატომ შეიძლება არსებობდეს ორი ან მეტი „ნიკორა“ და რა განსხვავებაა მათ შორის

რატომ შეიძლება არსებობდეს ორი ან მეტი „ნიკორა“ და რა განსხვავებაა მათ შორის

რამდენიმე დღის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 ტონამდე საეჭვო წარმომავლობის ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა, გაანადგურა და ბიზნესოპერატორები კანონის შესაბამისად დააჯარიმა. დაჯარიმებულ კომპანიებს შორის ნახსენები იყო შპს „ნიკორა“, რომელსაც (როგორც თვითონვე მიუთითეს განცხადებაში) რეალურად ხორცპროდუქტების ბრენდ და სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორასთან“ საერთო არაფერი აქვს გარდა დასახელებისა. თუმცა აღნიშნულმა ფაქტმა მომხმარებლების გარკვეული ნაწილი მაინც დააბნია და მათ დაჯარიმებული კომპანია ხორცპროდუქტების ბრენდ ნიკორასთან გააიგივეს, რამაც ბრენდის იმიჯზე ნეგატიური გავლენა იქონია.

გაუგებრობის გასარკვევად და იმის დასადგენად, თუ რატომ არსებობს ერთი დასახელებით რამდენიმე ბიზნესოპერატორი, ბრენდ „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა ანალიტიკოსმა ნიკა ნანუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრეს.

რა მოხდა რეალურად, ვინ დაჯარიმდა და რატომ მოხდა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა?

ანა კოშაძე: რამდენიმე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასული ხორცის გამო. მათ შორის ნახსენები იყო შპს „ნიკორა“, რომელსაც არანაირი კავშირი ჩვენს კომპანიასთან, ხორცპროდუქტების მწარმოებელ ბრენდ ნიკორასა და სუპერმარკეტების ქსელ ნიკორასთან არ აქვს. უბრალოდ, მოხდა სახელების დამთხვევა, რაც საქართველოს კანონმდებლობით სამწუხაროდ დაშვებულია, მაგრამ დააბნია მომხმარებელი. დღეს რეალურად სახელწოდებით „ნიკორა“ 10-მდე იურიდიული პირი ფიქსირდება, რომელთაც ჩვენთან არაფერი აქვთ საერთო.

როგორ ხდება, რომ რამდენიმე კომპანია არსებობს ერთი და იმავე დასახელებით? შეზღუდვები არ უწესდებათ მათ?

ნიკა ნანუაშვილი: რეალურად ეს შესაძლებელია, რადგან ჩვენი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ აბსოლუტურად ერთი და იმავე დასახელების კომპანიები არსებობდნენ და ამავდროულად, ერთსა და იმავე სფეროშიც საქმიანობდნენ. წლების წინ ასეთი შესაძლებლობა არ იყო, კანონი პირდაპირ კრძალავდა იდენტური დასახელების კომპანიების რეგისტრაციას, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მეწარმეთა შესახებ კანონში ბევრი ცვლილება შევიდა. დღეს რომ შეხვიდეთ სამეწარმეო რეესტრში, სულ მცირე ერთ ათეულამდე შპს „ნიკორას“ იპოვით. მათი ნაწილი საქმიანობს სურსათის სფეროში, ნაწილი სხვა მიმართულებით.

როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მომხმარებელი და როგორ გაარჩიოს პროდუქცია რომელ კომპანიას ეკუთვნის?

ანა კოშაძე: რეალურად, არსებობს რამდენიმე შპს „ნიკორა“, მაგრამ ბაზარზე ამ დასახელებით პროდუქციის გამოშვება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. კომპანიის იურიდიული დასახელება განსხვავდება სასაქონლო ნიშნისგან. „ნიკორა“, როგორც სასაქონლო ნიშანი, ჩვენ გვაქვს რეგისტრირებული შესაბამის რეესტრში და სხვა ბიზნესსუბიექტს უფლება არ აქვს, რომ ეს დასახელება გამოიყენოს ფასადზე, შეფუთვის წარწერაზე, სარეკლამო აქტივობაში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში. ვერც ერთი ბიზნესსუბიექტი ვერ გაყიდის თავის პროდუქტს ჩვენი კომპანიის სახელით. როდესაც ყიდულობთ პროდუქციას წარწერით „ნიკორა“, ის აუცილებლად ჩვენი წარმოებისაა.

აღნიშნული გაურკვევლობის წარმოქმნისთვის შპს „ნიკორა“ დაჯარიმდება?

ნიკა ნანუაშვილი: არ დაჯარიმდება, რადგან ამ სახელით რამდენიმე ბიზნესოპერატორის არსებობა იურიდიულად დაშვებულია. მაგრამ რეალურად რამხელა პრობლემები მოყვება ამას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველამ კარგად დავინახეთ. ფაქტობრივი მონაცემები ყველაფერი სწორია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ ეს სხვა „ნიკორა“ იყო, მაგრამ ინფორმაციის შემდგომი გადავრცელება სხვადასხვაგვარად მოხდა. როცა ვკითხულობთ შპს „ნიკორა“, ეს ავტომატურად ბრენდ „ნიკორასთან“ ასოცირდება. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, ბრენდს პრობლემა შეუქმნა.

მსგავსი შემთხვევა აქამდე თუ ყოფილა და მაშინ როგორ განვითარდა მოვლენები?

ანა კოშაძე: მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა. პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენი ბრენდი ასეთ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენ ვართ სს „ნიკორა“, რომელშიც შედის არაერთი შპს და მათ შორის შპს „ნიკორა“. თუმცა მას არავითარი კავშირი არ აქვს იმ ბიზნესსუბიექტებთან, რომლებიც ამავე დასახელებით ფიქსირდებიან რეესტრში. „ნიკორას“ სასაქონლო ნიშნით გამოსული პროდუქცია ეკუთვნის იმ შპს „ნიკორას“, რომლის 20 წლიან ისტორიასა და გამოცდილებას საზოგადოება ენდობა. იმედი მაქვს, რომ მსგავსი გაუგებრობები მომხმარებლებთან ურთიერთობაზე ნეგატიურად არ აისახება.

წყარო: ტელეკომპანია იმედი

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის