ავტორი:

გერმანული სოფლების ისტორია საქართველოში - სად იყო პირველი გერმანული დასახლებები და ვინ იყვნენ შვაბები

გერმანული სოფლების ისტორია საქართველოში - სად იყო პირველი გერმანული დასახლებები და ვინ იყვნენ შვაბები

"ვიზენდორფი" , "შტაინფელდი" - დღესაც ალბათ ბევრს ეს სოფლები გერმანიაში ჰგონია და არა ქვემო ქართლში... თუ როგორ დაიწყო გერმანული დასახლებების ისტორია საქართველოში, ამის შესახებ ცნობებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გვაწვდის.

გერმანიიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცეს წიგნი "გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში" (ავტორი: ნესტან თათარაშვილი). წიგნში ამომწურავად არის ინფორმაცია გერმანული დასახლებების შესახებ, საიდანაც ამონარიდებს AMBEBI.GE-ს მკითხველს გავაცნობთ. გერმანული დასახლებების შესახებ გვესაბრება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - მანანა ვარძელაშვილი. საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელები ვურთემბგერგელი შვაბები იყვნენ. მათი მიგრაცია რამდენიმე არსებითი მიზეზით იყო განპირობებული, რაც უშუალო კავშირში იყო ვურთემბერგში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან და რელიგიურ პრობლემებთან.

პირველი გერმანელები საქართველოში 1817 წელს ჩამოვიდნენ

თუმცა რუსეთის იმპერიულ ხელისუფლებას უცხოელთა ჩამოსახლება საქართველოს დაპყრობისთანავე ჰქონდა გადაწყვეტილი. 1801 წელს, როცა საქართველოს სამეფო ხელისუფლება და დამოუკიდებლობა რუსეთმა უკვე ოფიციალურად გააუქმა და ჩვენი ქვეყანა მისი რიგითი გუბერნია გახდა - იმპერატორი ალექსანდრე პირველი 12 სექტემბრის მანიფესტში წერდა, რომ "განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოში ქრისტიანების ჩამოსახლებას და წასახალისებლად მათთვის საკმარისი მიწების გამოყოფას".

მანანა ვარძელაშვილი:

- გერმანული დასახლებები საქართველოში 1817 წლიდან ჩნდება, როდესაც იმპერატორმა გადაწყვიტა, რომ კოლონიები ამიერკავკასიაში გადმოესახლებინა. პირველი დასახლება თბილისში გაჩნდა, შემდეგ ბოლნისში. რამდენიმე ტალღად იყო გადმოსახლება და შემდეგი დასახლება ჩნდება ასურეთში. გერმანელები გამრავლდნენ და რუსეთის იმპერატორს მიმართეს, მათთვის თავისუფალი მიწა გამოეყო. დმანისში ჩნდება შემდეგი დასახლება, რომელიც მთლიანად გერმანელების მიერ დაარსებული და განაშენიანებულია.

რუსეთის იმპერიაში მე-18 საუკუნიდან ჩამოსახლებულ უცხოელებს - "კოლონისტებს" უწოდებდნენ. რაც შეეხება სახელს - "კოლონია", როგორც ეს იმპერიული ხელისუფლების ოფიციალურ წყაროებშია ნახსენები - საქართველოსთან მიმართებაში ის პირველად საქართველოს მთავარმმართებელმა, გენერალმა ნიკოლაი რტიშჩევმა ახსენა 1814 წელს, როცა იმპერატორს გაუგზავნა საქართველოს გენერალური რუკა და მოახსენა, რომ ქვეყნის ეკონომიკისა და მეურნეობის განვითარების მიზნით, სასარგებლო იქნებოდა, თუ მოიწვევდნენ იმ უცხოელებს, რომლებიც სამშობლოში მიწის ნაკლებობას განიცდიან და საქართველოში დააარსებდნენ კოლონიებს.

- რამდენად ბევრი იყვნენ გერმანელები საქართველოში?

- საკმაოდ ბევრი კოლონია იყო. საინტერესოა, რომ ასეთივე გადმოსახლებები იყო პოლონეთიდანაც, ისინიც თითქოს ერთად სახლდებოდნენ, მაგრამ მათ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ასიმილაცია განიცადეს. გერმანელები თანამშრომლობდნენ, კეთილგანწყობილი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იზოლირებულად დარჩნენ. ქართულ-გერმანული ოჯახების აღრევის ბევრი ფაქტი არ ყოფილა. "თავიანთ დასახლებას გერმანელებმა დედოფალ მარია ფოდორეს ასულის პატივსაცემად, რომელიც იმპერატორ ალექსანდრე პირველის დედა და ვურთემბერგის მეფის, ფრიდრიხ პირველის და იყო - მარიენფელდი დაარქვეს. ეს იყო პირველი გერმანული დასახლება საქართველოში და ზოგადად, ამიერკავკასიაში, სადაც შვაბები დამკვიდრდნენ.

მათ მთავრობის ხარჯით აუშენეს ჩალით გადახურული 16 ქვის ფართო სახლი, თითოეული - ორი ოჯახისთვის იყო განკუთვნილი. ჩამოსულებისთვის პირველი სახნავ-სათესი სამუშაოები ადგილობრივმა გლეხებმა შეასრულეს, მთავრობის მიერ მიცემული სათესლე მასალით. გერმანელთა ჩამოსვლა გრძელდებოდა შემდეგ წლებშიც. 1842 წელს, აბასთუმანთან დაარსდა კოლონია ფროიდენტალი, რომელიც 1848 წელს მარიენფელდისა და პეტერსდორფის სიახლოვეს გადაიტანეს. 1850 წელს თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინის სიახლოვეს სტავროპოლიდან, კოლონია იოჰანესდორფიდან ჩამოსული 9 გერმანული ოჯახი დაასახლეს, თუმცა 1854 წელს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, გერმანელები კვლავ სტავროპოლში დაბრუნდნენ.

მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოში ცალკეულ გერმანელთა ჩამოსვლაც გახშირდა. ეკონომიკურად უკვე მოღონიერებული კოლონისტების მდგომარეობა სხვებსაც ხელსაყრელი დასაქმების იმედს აძლევდა. მაგალითად, 1837 წელს ბადენიდან ჩამოსულმა გერმანელმა იოჰან ზაიბერტმა სასტუმრო გახსნა დუშეთში.

1846 წელს თბილისში ჩამოსული 60 ხელოსნის ეთნიკური შემადგენლობა დაუზუსტებელია, მაგრამ, სავარაუდოდ, მათში გერმანელებიც იქნებოდნენ. ხშირი იყო თავისი სურვილით ცალკეული გერმანელების ჩამოსვლაც. ბევრის კვალი დღეს უკვე დაკარგულია, თუმცა ზოგიერთის ამბავს მათი შთამომავლების მოგონებების წყალობით ვეცნობით. ასეთია, მაგალითად, კლარა კოპფის მოგონებები საკუთარ ოჯახზე, რომელსაც სამუშაოს საძებნელად საქართველოში ჩამოსულმა ორმა გერმანელმა დაუდო სათავე. კლარას დიდი პაპებიდან ერთი, გეორგ კოპფი, 1850 წელს ჩამოვიდა თბილისში და ცნობილი კონდიტერი გახდა, მეორე - გოტფრიდ შულცე, 1856 წელს ჩასულა კახეთში და ჯერ თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ვენახების ზედამხედველი იყო, შემდეგ კი 40 წლის განმავლობაში მისი სიძის, ბარონ ნიკოლაის, ბეთანიის მამულს მართავდა.

1817 წელს დაარსებული პირველი გერმანული დასახლების, მარიენფელდის გარდა, 1820 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ხუთი გერმანული კოლონია იყო: ნოი-ტიფლისი, ალექსანდერსდორფი, კატარინენფელდი, ელიზაბეტთალი და პეტერსდორფი; დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი ორი - ჰელენენდორფი და ანენფელდი. ეს დასახლებები აღნიშნულია რუსეთისა და აგრეთვე სხვა ქვეყნების მიერ გამოცემულ მაშინდელ რუკებზე, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო ი. გრესლის 1856 წლის რუკაა, სადაც საქართველოს გერმანული კოლონიები ავთენტური დასახელებით და თან ყველაზე ზუსტი მდებარეობით არის მონიშნული. გერმანულ დასახლებებს ჯერ "საქართველოს გერმანულ კოლონიებს" უწოდებდნენ, 1848 წლიდან კი - "ამიერკავკასიის გერმანულ კოლონიებს".

***

მეოცე საუკუნის დასაწყისში, რეპრესიული მთავრობის ბრძანებით, გერმანელები შუა აზიაში გაასახლეს. დემოკრატიული სახელმწიფოს დაბრუნების შემდეგ, 1990-იანი წლებიდან გაღვივდა გერმანელთა ინტერესი საქართველოში დაბრუნებისა. გვაქვს საქართველოში ოდესღაც აქ მცხოვრები გერმანელი შთამომავლების საქართველოში დაბრუნების მაგალითები. ერთერთმა გერმანელმა ასურეთში შეიძინა გერმანული ტიპის სახლი, რეაბილიტაცია ჩაუტარა მას და დღეს ევროპული ტიპის, საავტორო ღვინოს უშვებს. ასევე ბოლნისში არის გერმანელთა შთამომავლების მიერ გაკეთებული გერმანული წისქვილი, რომლის სივრცეც ხშირად ეთმობა ქართულ-გერმანულ ფორუმებს.

ჩვენი პროექტი სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და მოიცავდა არა მხოლოდ დასახლებებს, არამედ ცალკეულ შენობებსაც, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით გვხვდება. ჩვენი მიზანი იყო, აღგვენუსხა და შეგვესწავლა ჩვენი მრავალფეროვანი მემკვიდრეობის განსაკუთრებული, განსხვავებული საგანძური: შენობები, დასახლებების გამორჩეული სტრუქტურა, ტრადიციები, მომავალში მათი ეტაპობრივი რეაბილიტაციის მიზნით. სამეცნიერო-პოპულარული სამენოვანი გამოცემით გვაქვს სურვილი ხელი შეუწყოთ მის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ასევე გვინდა, დავაინტერესოთ გერმანელები ამ ისტორიულ დასახლებებში ინვესტიციების განხორციელებითა და საუკუნოვანი კავშირების აღდგენით. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს არა მხოლოდ "უსულო" შენობების რეაბილიტაცია, არამედ, ისევე როგორც ორი საუკუნის წინ, შინაარსით დაიტვირთოს და აღდგეს ტრადიცული წარმოებები, ისევ გაიხსნას გერმანული სკოლები/კულტურის სახლები, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ გერმანული ენა და ეზიარონ ევროპულ ღირებულებებს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის გზით ჩვენი სოფლების აღორძინებას და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას.

"... მე-19 საუკუნის მიწურულს წერა-კითხვის მცოდნე გერმანელები პროცენტულად მოწინავე ადგილს იკავებდნენ საქართველოს მოსახლეობაში. როგორც ყველა სხვა საჭირბოროტო ამბავი, ილია ჭავჭავაძეს (1837-1907), უდიდეს ქართველ მოღვაწეს, არც ეს ამბავი დარჩენია უყურადღებოდ: "გერმანელს და სხვას მისებრ მიხვედრილს კაცს ცოდნა და სწავლა-განათლება სამკაულად კი არა აქვს მიჩნეული, იგი ცოდნასა და განათლებას უყურებს, როგორც აუცილებელს საჭიროებას, როგორც არსებითს პურსა… გერმანელმა იცის, რომ შვილის კაცად გამოსვლა, მაძღრად ყოფნა და უტკივრად რჩენა სწავლა-განათლებაზეა დამოკიდებული..."

დღეს ყველა დასახლებას ქართული სახელები აქვს. ჩვენ ინვენტარიზაციის პერიოდში დასახლებებს, სიმბოლურად, გერმანული სახელები დავუბრუნეთ. ტურისტული მანიშნებლები არის ახლანდელიც და გერმანელთა მიერ დარქმეული სახელწოდებებისაც. ეს მეტ ტურისტულ მიზიდულობას სძენს ამ არეალს. ასურეთის მთავარ ქუჩას ბოლო დრომდე სტალინის ქუჩა ეწოდებოდა. ქართულ-გერმანული ურთიერთობების, გერმანელთა ორასი წლის ჩამოსახლების თარიღის აღსანიშნად, 2017 წელს სტალინის ქუჩას სახელი გადაერქვა და - შვაბების ქუჩა დაერქვა... ძალიან გვინდა თრიალეთში არსებული ყველის ქარხანა არა მხოლოდ არქიტექტურულად აღდგეს, არამედ განახლდეს ტრადიციული, გერმანული ყველის წარმოება. მაშინ, როდესაც, რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ასეთი განსხვავებული კულტურული მემკვიდრეობის რესურსები, სათანადო დაცვისა და წარმოჩინების, ასევე დაბალანსებული გამოყენების შემთხვევაში, ქმნის ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მთავარ ქვაკუთხედს.

ნიკა ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი:

- ის, რომ საქართველოში გერმანული დასახლებები არსებობდა, უმნიშვნელოვანესია! გერმანელებმა საქართველოში უზარმაზარი კულტურა შექმნეს! ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა ქვემო ქართლში, სადაც მათი დასახლებები იყო თავმოყრილი. წარმოიდგინეთ, ასურეთში მეოცე საუკუნის ბოლომდე იყო შემორჩენილი გერმანელების მიერ გაყვანილი ტრამვაის ხაზი. მათ ბევრი რამ განავითარეს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი ყოფნა ჩვენს ქვეყანაში!