ავტორი:

"როდესაც კანონი უძლურია, საქმეში კადიროვი ერთვება" - როგორ ჩაბარდა პოლიციას ჩეჩენი სპორტსმენი, რომელმაც ავარიისას ორი ადამიანი იმსხვერპლა

"როდესაც კანონი უძლურია, საქმეში კადიროვი ერთვება" - როგორ ჩაბარდა პოლიციას ჩეჩენი სპორტსმენი, რომელმაც ავარიისას ორი ადამიანი იმსხვერპლა

25 მარტს, მოსკოვიდან 16 კილომეტრში ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და "ნივა" შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, "ნივის" მძღოლი უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ავტომანქანაში მსხდომი ქალი და მცირეწლოვანი გოგონა კი ადგილზე დაიღუპა... "მერსედესის" მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

bbc.com-ის რუსული საინფორმაციო სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ საქმე აღძრა. გამოძიებამ დადგინა "მერსედესის" სახელმწიფო ნომერი, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში ცნობილი ჩეჩენი სპორტსმენის, მუსლიმ ჯამბეკოვის აღმოჩნდა. თავდაპირველად მან ავტოსაგზაო შემთხვევასთან კავშირი უარყო და აღნიშნა, რომ მანქანა მას აღარ ეკუთვნოდა, რადგან რამდენიმე თვის წინ გაყიდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ჯამბეკოვი მიმალვაში იმყოფებოდა.

ამის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა "ტელეგრამით" მიმართა ჩეჩენ სპორტსმენს და "ურჩია", "დროულად ჩასულიყო მოსკოვში, პასუხისმგებლობა აეღო და საგამოძიებო უწყებას ჩაბარებოდა, სხვა შემთხვევაში, მას მომხდარზე პასუხისგება სხვანაირად მოუწევდა".

"მე, როგორც ჩეჩნეთის მცხოვრები, კატეგორიულად ვგმობ მუსლიმ ჯამბეკოვის ქმედებას, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და პირდაპირ მივმართავ მას, შენ თუ ნამდვილად კაცი ხარ, მუსლიმი და შენი ერის ღირსეული შვილი, არ უნდა შეარცხვინო საკუთარი ხალხი" - ამბობს კადიროვი.

არსებული ინფორმაციით, მან ჯამბეკოვს შეუთვალა, რომ თუ პოლიციას არ ჩაბარდებოდა, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ჩეჩნეთში მშვიდად ცხოვრებას ვეღარ განაგრძობდნენ.

დღეს დილიდან, ასევე "ტელეგრამში" გავრცელდა ჯამბეკოვის ვიდეომიმართვა, სადაც ის დეტალურად ჰყვება ავარიის შესახებ და იმასაც ადასტურებს, რომ მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალა. ის უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს ბოდიშს უხდის.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მიმართვის შემდეგ, მე გავაცნობიერე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და ვიგრძენი საკუთარი დანაშაული. ბოდიშს ვუხდი მას, რომ ყველაფერი ასე მოხდა..." - ამბობს ის ვიდეომიმართვაში.

ვიდეომიმართვის შემდეგ რუსეთის შს სამინისტროში დაადასტურეს, რომ ჯამბეკოვი გროზნოს პოლიციას ჩაბარდა. უახლოეს მომავალში, მას მოსკოვში გადაიყვანენ.

"როდესაც კადიროვის მიმართვა ყველა კანონზე ძლიერია!..", "რამზანი რუსეთის მეფედ...", "როდესაც სახელმწიფო და კანონი უძლურია, საქმეში რამზანი ერთვება..." - ასეთი ირონიული ტექსტებით გამოეხმაურნენ ამ ფაქტს რუსი ინტერნეტმომხმარებლები.

"მე მისი, როგორც ლიდერის და მამაკაცის ღირსება დავამცირე" - კადიროვის კრიტიკის გამო, მოსკოვში მცხოვრებ გოგონას ბოდიში მოახდევინეს

ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონარდო დიკაპრიოს ამაზონის ტყის გადაწვაში ადანაშაულებს

რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი