ავტორი:

"პოლიტიკურ დეპრესიაშია და უნდა, რომ ხალხს უყვარდეს" - ექსპერტები ივანიშვილის ინტერვიუზე

"პოლიტიკურ დეპრესიაშია და უნდა, რომ ხალხს უყვარდეს" - ექსპერტები ივანიშვილის ინტერვიუზე

ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს რომ აფინანსებდა, მაშინ ჩემს თავზე სააკაშვილი წისქვილის ქვას ატრიალებდა, სად ნახა, სად ამოიკითხა ჩემი სააკაშვილისადმი ხოტბა, არ ვიცი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის ინტერვიუ ძალიან ჰგავდა შავ-თეთრი ფოტოს ნეგატივს, რომელსაც გამჟღავნება სჭირდება.

„მთელი ინტერვიუს განმავლობაში შავზე ლაპარაკობდა თეთრს და პირიქით. არათუ გამრუდებულ რეალობაშია, არამედ საერთოდ საპირისპირო რეალობაშია იგი. მას აქვს გარკვეული ნოსტალგია, პოლიტიკურ დეპრესიაშია და უნდა, რომ ხალხს უყვარდეს. სად ამოიკითხა, სად ნახა, რომ მე სააკაშვილი შევაქე, აბსოლუტურად გაუგებარია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ივანიშვილის მიერ შალვა შავგულიძის კრიტიკას, ხუხაშვილმა აღნიშნა, შალვა შავგულიძე გამოიყვანა ლამის გირგვლიანის წინააღმდეგ მომუშავედ და მურუსიძე გირგვლიანის აპოლოგეტად.

„შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე „ნაციონალების“ ოპოზიციაში რომ იყვნენ, ახლა შეიძლება დავიჯეროთ?!" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, 2012 წელს მან ყველა გააერთიანა, თუმცა დრომ აჩვენა ყველაფერი.

როგორც ჩანს, ივანიშვილი ისევ იმის იმედზეა, რომ 2020 წლისთვის იქნება ისევ საფრთხობელად „ნაციონალური მოძრაობა“ და ფიქრობს, რომ ამით და მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით, რაღაც შედეგს მიაღწევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა. ძაბირაძის განცხადებით, ივანიშვილმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მასზე და მას მოლოდინი ჰქონდა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პოზიტიურზე უფრო მეტად ილაპარაკებდა, ვიდრე ნეგატიურზე, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა.

„სამწუხაროდ, 2016 წლიდან მოყოლებული, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს ვგულისხმობ, ივანიშვილის სამიზნე ყოველთვის არის ოპოზიცია ან ის პირები, ცალკეული პოლიტიკოსები თუ ექსპერტები, რომლებიც მის აზრს არ იზიარებენ ან მათი ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთს. ინტერვიუს პირველი ნაწილი მოხმარდა იმის კრიტიკას თუ რატომ წავიდნენ მისი გუნდიდან და როგორი კარგია სასამართლო სისტემა. შეიძლება სისტემაზე არ იყო საუბარი, მაგრამ იყო ცალკეულ პიროვნებებზე. იყო მცდელობა მოსამართლეების ეს კატეგორია გაემართლებინათ. არავინ არ ლაპარაკობს იმას, რომ ეს მოსამართლეები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან ახლა, ედავებიან სწორედ იმას, რომ ეს არის მოსამართლეების ის კატეგორია, რომელიც ხელისუფლებას ემორჩილება ზოგადად - იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება „ქართული ოცნება“ თუ ახალი მოვა, მოსამართლეები იქნებიან ხელისუფლების ნების აღმსრულებლები. პრობლემა ესაა და არა ის, რომ ახლა მათ არ სთხოვენ არაფერს. რომ მოსთხოვო ხომ შეასრულებს?! ეს არის მნიშვნელოვანი, რასაც ის გაურბის და იწყებს საუბარს იმაზე, თუ როგორ მოხდა იგივე გირგვლიანის მკვლელობის შეფუთვა. გასაგებია, რომ ეს შეფუთვა მოხდა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ექვსი წელი რომ არის ხელისუფლებაში, რატომ არ მისცა შეფასება იმას, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს? თუნდაც პოლიტიკური შეფასება. იგივე რატომ არ არის განხილული სწორედ ის ერთობლიობა ხელისუფლებისა გირგვლიანის მკვლელობაში, რაც გამოიხატებოდა პროკურატურის, სასამართლოს და მთელი სახელმწიფო აპარატის თანამშრომლობაში. ამას რომ თავი დავანებოთ, 26 მაისის ამბები სრულიად ახალი და შეიძლება ითქვას „ცხელი“ იყო და მასზედაც არანაირი რეალური რეაგირება არ ყოფილა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საკითხები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, ჰაერში გამოკიდებული დარჩა.

„ახლა მცდელობაა, რომ განდგომილნი მიაკერონ „ნაციონალურ მოძრაობას“. მე არ დავიწყებ ვინმეს ადვოკატობას არის სწორი თუ არ არის სწორი. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია როგორც ერთი, ისე მეორე, უკვე იმ დონეზე ვართ მისული და არც არავის გამართლებას ვაპირებ, მაგრამ თუნდაც ამ ყველაფრიდან, რა მერე? სოციალური ფონი უკეთესი გახდა? როცა ლაპარაკობს, რომ მძიმე ვითარება შეიქმნა, იქვე აცხადებს, რომ თურმე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვითარება გაუარესებულა და ამის შედეგი ყოფილა, რომ კვირიკაშვილი გადააყენა თანამდებობიდან. ეს უფსკრული იზრდება და ამას ვერ ხედავს. არანაირი პოზიტიური, თუკი არ ჩავთვლით იმას, რომ თურმე განათლების დაფინანსება გაიზრდება, არ თქმულა. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და კარგია, მაგრამ როგორ გაიზრდება, რა მოხდება არ ვიცით და არც თქმულა. ეს არის ისევ დაპირება და რა შედეგს მოუტანს იგივე „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის არჩევნებისთვის არავინ იცის. ეს საკითხები, რომელზეც ის საუბრობს, ჰაერშია გამოიკიდებული. როგორც ჩანს, ისევ იმის იმედზეა, რომ 2020 წლისთვის იქნება ისევ საფრთხობელად „ნაციონალური მოძრაობა“ და ფიქრობს, რომ ამით და მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით, რაღაც შედეგს მიაღწევს. არ არის ეს ასე. თუ “ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნა იმ ტემპით გაგრძელდა, რა ტემპითაც მიმდინარეობს, მას ძალიან გაუჭირდება ზოგადად ამ პრობლემის მოგვარება. სჯობს ცოტა უფრო ღმად გაანალიზონ შექმნილი ვითარება როგორც საზოგადოებაში, ისე მათი პოლიტიკური გზავნილები ამ საზოგადოების მიმართ“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები