ავტორი:

წულუკიძეები - ამბები სკივრიდან

წულუკიძეები - ამბები სკივრიდან

ჩვენთვის და თქვენთვის ცნობილ ტელეწამყვანს, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ფანტასტიკურ მთხრობელს, ბავშვებისთვის - მეიგავეს და, ერთი სიტყვით, ბევრზე ბევრი ამპლუას გამაერთიანებელ ნიკა წულუკიძეს, ვაკის პარკის კაფე "ორანჟერეაში" საღამოს 5-ზე ველოდებოდით. "სითის" დაუბრუნდა ცნობილი ქართული ბრენდის, "ნიკორას" საინტერესო ამბების რუბრიკა და ამ ნომერში ჯერი ნიკაზეა.

ნიკა ძალიან ახალგაზრდაა. ოცი წლის წინანდელი პერიოდი, რომელიც "ნიკორას" დასაბამს უკავშირდება, ისე კარგად არ ახსოვს. სამაგიეროდ, ბრენდის ათი და თხუთმეტი წლის იუბილეები ახსოვს კარგად და პირდაპირ გვეუბნება, რომ ძალიან ამაყობს, როდესაც ქართულ პროდუქციას ყიდულობს.

ნიკა, ეს "ნიკორას" საინტერესო ამბების რუბრიკაა. თქვენთან საინტერესო ამბების მთელი სკივრია. მოდით, "ნიკორათი" დავიწყოთ.

მე ყოველთვის ძალიან მიხარია საქართველოში ქართული წარმოების არსებობა. ის, რომ "ნიკორა" ამდენი წელია არსებობს, ქართველი ადამიანების წარმატების გამოვლინებაა. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყიდო ქართული. იმიტომ, რომ ეს არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ერთგვარი პოზიციაც. ეს ყველაფერი კიდევ უფრო საამაყოა, როდესაც ბრენდი ხარისხიანი და ძლიერია. სხვათა შორის, ერთხელ "ნიკორას" საიუბილეო კლიპშიც გადამიღეს ჯემალ ღაღანიძესთან, თათული დოლიძესთან და სხვებთან ერთად. ხშირად, ჩვენი გზები როგორც კულინარიული, ასევე პროფესიული კუთხითაც იკვეთება.

ნიკა, ყველაზე პოპულარული კულინარიული გადაცემის წამყვანი ხართ. ეს მხოლოდ საქმეა, რომელშიც ხელფასს იღებთ, თუ დიდი სიყვარული?

იმერლები ამბობენ: კი არაფერია ეს ხაჭაპური, მაგრამ რომ ჭამ გსიამოვნებსო. კი არაფერია ეს კულინარია, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს. ყოველთვის მიყვარდა სადილების მომზადება. როცა მეცალა, ძირითადად სულ მე ვამზადებდი სადილს. ახლაც, დრო რომ მქონდეს, ამ მაგიდაზე დაწყობილი "ნიკორას" პროდუქტებისგან გემრიელ კერძებს დავამზადებდი, თანაც უცბად, 5 წუთში. მაგრამ, სამწუხაროდ, არ მცალია.

ბევრი გემრიელი რეცეპტი იცით ?

დიახ, და ვამდიდრებ ამ ცოდნას. "იმედზე" გადაცემა მიმყავს, "საიმედო ტური". ყოველ შაბათ-კვირას რეგიონებში ჩასვლა მიწევს. მოვიარეთ უამრავი ადგილი. ზოგან ვერტმფრენითაც მოგვიწია ჩასვლა და ყველგან გვხვდება ახალი აღმოჩენა კულინარიული საგანძურის სახით. აი, მაგალითად, ამასწინათ, ჩემთვის დღემდე უცნობი დესერტი აღმოვაჩინე ქობულეთში. ჩვენ ხომ სულ ვამბობთ, მწირი სადესერტო სუფრა გვაქვს და მხოლოდ ჩურჩხელა გვახსენდება. მე ვნახე ზამთრისთვის შენახული კარამელიზირებული გოგრა ყურძნის წვენში, ერთგვარი ქობულეთური დესერტი. მურაბას ჰგავს, მაგრამ სრულიად სხვა რამეა. როგორი ქართული ნუგბარი გვაქვს, როგორი კერძები, ეს ყველაფერი ახლა რომ მოვყვე, შეიძლება დილამდე ვილაპარაკო.

თქვენს შემთხვევაში კულინარია საქმეა, რომელსაც ბევრი სიახლე მოაქვს და სიყვარულიც

დიახ, და საინტერესო ამბებიც. იცით, მე ღრმად მჯერა, რომ ქართული თეატრისა და, ალბათ, ქართული ხელოვნების ბედიც გადაწყვეტილია სუფრასთან. აი, მაგალითად, მარჯანიშვილის თეატრი, მისი დაარსება სუფრასთან გადაწყდა. თამარა ჭავჭავაძის დაბადების დღე იყო. ეს ქალბატონი გახლავთ ხანუმას როლის შემსრულებელი "ქეთო და კოტეში" და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.

ნიკა, ცოტა ხანში თქვენი შვილი, სესილია, შემოგვიერთდება. ვიდრე ის მოვა, ერთი კითხვა - თუ პოულობთ მისთვის ამ საინტერესო ამბების თხრობის დროს?

არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემი შვილისთვის ცოტა, მაგრამ მაინც რაღაც დრო არ გამომენახოს. არ ყოფილა შაბათ-კვირა, რომ თოჯინების ან მოზარდ მაყურებელთა თეატრში არ წავსულიყავით, არ გვენახა ახალი ფილმი კინოთეატრში. ხანდახან გადაღებებზეც დამყავს. ვცდილობ, რომ ის აღზრდა, რაც ჩემი მშობლებისგან მივიღე, სესილიასაც მივცე. ჩემი ამოცანა არის ერთი - სესილიას უყვარდეს ხელოვნება, მაგრამ ის არ იყოს ხელოვანი.

იმის მიუხედავად, რომ ის უკვე თამაშობს სხვადასხვა ფილმში?

მიუხედავად ამისა. ის თამაშობს "ჩემი ცოლის დაქალებში", დადის მაკა მახარაძის სტუდიაში, გადაღებულია სხვადასხვა ფილმში. და მაინც, როდესაც ვეკითხები - მამა, ვინ გინდა გამოხვიდე, მპასუხობს - მსახიობი. კითხვას ვუბრუნებ - კი მაგრამ, მსახიობი ხომ უკვე ხარ?

რატომ არ გინდათ სესილიას მსახიობობა?

ჩემზე კარგად არავინ იცის როგორია ხელოვანის ცხოვრება. ეს ისეთი რთული რამაა, ისეთი მგლების ხროვაში გიწევს ცხოვრება, მენანება ჩემი შვილი ამისთვის. მირჩევნია იყოს კარგი მაყურებელი, კარგი დამთვალიერებელი, კარგი მსმენელი...

კლასიკურ კაბასა და ლურჯ პიჯაკში გამოწყობილი ქალბატონი სესილია წულუკიძე ბალეტიდან პირდაპირ გადაღებაზე მოჰყავს ბაბუას. ათვალიერებს ჩვენს მიერ გაწყობილ სუფრას და, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელში პატარების "ნიკორას", "მინი ნიკორას" იტოვებს. დიდხანს ათვალიერებს, ხსნის და ამბობს, რომ ამისგან ბუტერბროდებს მოამზადებს. კითხულობს, შეიძლება თუ არა ამ პატარა ყუთებში მის მიერ მომზადებული ბუტერბროდები ჩააწყოს და წაიღოს. ყურადღებით ისმენს ყველა კითხვას და პასუხსაც წულუკიძისეულს, კონკრეტულს, საინტერესოს გვცემს.

კარგით, მაშინ "ნიკორასეული" კითხვა: კულინარიას თუ აზიარეთ?

აი, მოვა რამდენიმე წუთში და თავად მოგიყვებათ საკუთარი რეცეპტებისა და ინგრედიენტების შესახებ.

კერძების რეცეპტები მართლა იცი, სესილია?

ვიცი.

კერძოდ, რომელი კერძის?

მაგალითად, კექსის დამზადებაც შემიძლია - ამბობს ოთხი წლის მსახიობი. ინტერვიუს მამა აწყვეტინებს. ერთობლივი ფოტო უნდა გადაიღონ. სხვათა შორის, უკვე მეორე "სითიში". პრველი ფოტოსესია ოთხი წლის წინ, ახალდაბადებულს ჰქონდა. გადატვირთული გრაფიკი წულუკიძეებისა თავისას შვება - გადაღებას უმცროსი, სესილია ასრულებს.

ცოტა მცივა, დავიღალე და ცოტა მშია. ეს რომ შევჭამო, შეიძლება?

მოდი, ჩვენ ამ "ნიკორებს" სახლში გაგატანთ და ვახშამს, მგონი, ჩვენი რეცეპტის გარეშეც მოიმზადებ. გამოგივა, დარწმუნებული ვარ.

პაწაწინა სესილია, უფროსი წულუკიძე და "ნიკორას" კალათა გადასაღებ მოედანს ერთად ტოვებენ: მამა საქმეზე, სესილია კი, "ნიკორათი" ხელში სახლისკენ მიდის. გურმანი მამა-შვილის ახალ რეცეპტს, მოწოდებისთანავე გამოვაქვეყნებთ!

ტექსტი: ნატალია ყიფიანი

ფოტო: ირა კურმაევა

გადაღების ადგილი: კაფე "ორანჟერეა"

www.citymagazine.ge

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის