ავტორი:

"დღემდე ბევრმა არ იცის, რა მოხდა ექვთიმე თაყაიშვილის დასაფლავებაზე" - ამბავი ქართველ მეცნიერზე, რომელმაც დავით აღმაშენებლის ხელნაწერი შემოგვინახა

"დღემდე ბევრმა არ იცის, რა მოხდა ექვთიმე თაყაიშვილის დასაფლავებაზე" - ამბავი ქართველ მეცნიერზე, რომელმაც დავით აღმაშენებლის ხელნაწერი შემოგვინახა

ცნობილ ქართველ ფილოლოგს, მეცნიერს, ლიტერატურათმცოდნეს, მკვლევარს და ცნობილ საზოგადო მოღვაწეს იოსებ მეგრელიძეს დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა. მეცნიერს დამსახურებების გამო "კავკასიოლოგიის პატრიარქი" უწოდეს. საქართველოში ძალიან ბევრმა არ იცის, რომ სწორედ მან შემოუნახა ქვეყანას დავით აღმაშენებლის ერთადერთი ხელნაწერის ფოტოასლი. ამის შესახებ ვრცლად AMBEBI.GE-ს იოსებ მეგრელიძის შვილი, ცნობილი თეატრმცოდნე, ჟურნალისტი გუბაზ მეგრელიძე ესაუბრა:

- მამას დიდი მეგობრობა აკავშირებდა ექვთიმე თაყაიშვილთან, ივანე ჯავახიშვილთან, ნიკო მართან... დღემდე ბევრმა არ იცის, რა მოხდა ექვთიმე თაყაიშვილის დასაფლავებაზე და მამას გამბედაობას ზოგჯერ მძღოლის გმირობას მიაწერენ... დაკრძალვაზე ექვთიმეს ცხედარი 48 კაცმა გააცილა. ჩეკისტები იქაურობას არავის აკარებდნენ. თავყრილობებს ერიდებოდნენ, რამე ეროვნული გამოსვლები არ მოჰყოლოდა და ექვთიმეს სახლიდანვე აფრთხილებდნენ ხალხს, სახლებში წასულიყვნენ... მეცნიერებს სურდათ, უნივერსიტეტთან გაეჩერებინათ კატაფალკა, რაც მაშინ არ შეიძლებოდა. მამაჩემმა მძღოლს მისცა 30 მანეთი უნივერსიტეტთან გაჩერდი და თქვი, თითქოს მანქანას რაღაც გაუფუჭდაო... მძღოლი ასეც მოიქცა. ბევრი დღემდე წერს, თითქოს ეს მძღოლის გმირობა იყო, მაგრამ მძღოლმა არც იცოდა, ვის მიასვენებდნენ... გაზაფხულზე ექვთიმეს საფლავზე მამა და აკაკი შანიძე გავიდნენ. ძლივს მიაგნეს საფლავს, გაწმინდეს, წარწერაც გააკეთეს და საფლავი გადაარჩინეს.

მანამდე, როდესაც ექვთიმე ემიგრაციაში იყო, მას ძალიან სჭირდებოდა ინფორმაცია იმაზე, თუ რა წიგნები გამოდიოდა საქართველოში და ნიკო მარმა ექვთიმესთვის წიგნების გაგზავნა მამაჩემს სთხოვა.

1947 წლის აგვისტოს საქართველოში დაბრუნებულ ექვთიმეს მამა სახლში ეწვია, ექვთიმე თავის ახლობლებთან ცხოვრობდა, სახლში თითქმის არავის იღებდნენ და მოხუცმა ექვთიმემ მამა გულში ჩაიკრა. თქვენთან შეხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, თანაც მეჩვენება, რომ თითქოს შვილივით საყვარელი - იური მარი მესტუმრაო, უთქვამს! მაგიდაზე მამას მიერ ლენინგრადიდან საფრანგეთში მიწოდებული წიგნები ეწყო. ესენი რად წამოიღეთ, ამათ ხომ აქაც იშოვიდითო, უთქვამს მამას... ეს წიგნები ბევრს გააბედნიერებდა პარიზში, მაგრამ აქ რომ ვეღარ მეშოვა, ვინანებდიო.

- მამათქვენის უმდიდრესი არქივი გაქვთ, სადაც ალბათ, ბევრი საინტერესო მოგონებაა შემონახული...

- დიახ, არქივი მართლაც უნიკალურია... იოსებ მეგრელიძის ერთ-ერთ საინტერესო მოგონებას გადმოგცემთ...

"დღეს, უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ვიყავი. საპატიო ყარაულშიც ვიდექი. მთავრობის წევრები და მიცვალებულის ახლობლები იყვნენ დარბაზში. სხვებს არც უშვებდნენ. გარეთ რომ გავედი, ხალხი ყვიროდა: "ასე მალე ასაფლავებენ, გუშინ გარდაიცვალა, ხვალ მარხავენ და დღეს საშუალებას არ გვაძლევენ, უკანასკნელად პატივი ვცეთ ჩვენს მოამაგესო... უნივერსიტეტის საპროფესორო სავსე იყო მეცნიერებით. მე მათ ვუჩვენე ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის 1902 წელს სინას მთაზე გადაღებული სურათი, ქართულ მონასტერში მაგიდასთან. ძალიან მოიწონეს. ახლა ღამის მეორე საათია და ამ სურათით გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში ვზივარ, ბიძინა აბულაძემ მთხოვა, გვათხოვეთ დავბეჭდავთო. თან წერილიც დამავალა და მივუტანე".

ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი სინას მთაზე

- იოსებ მეგრელიძე ნიკო მარის სწავლული მდივანი იყო სამეცნიერო დარგში. მისსავე ბინაში ცხოვრობდა. ნიკო მარის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ ნიკო მარის პირადი ნივთები იოსებ მეგრელიძეს დაუტოვა - უფრო ახლობელი ოჯახს აღარავინ ჰყავდა..

ნიკო მარის ვაჟი იური მარი, უკვე გარდაცვლილი იყო. ჩვენს ოჯახში ინახებოდა მარის მაგიდა, სკამი, ჩემოდანი, სკივრი, საყელო, ჩანგალი, ლამპა... 1938 წელს მამამ დაბეჭდა ნიკო მარის ნაშრომი "აფხაზეთის ენის ისტორია". მანვე გამოსცა მარის მიერ მომზადებული სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა...

ნიკო მარის წიგნი, რომელიც იოსებ მეგრელიძემ გამოსცა

1902 წელს სინას მთაზე იყვნენ ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი. დავით აღმაშენებლის ხელნაწერი სინას მთის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა. მისი ფოტო მარმა გადაიღო და მამას არქივში ინახებოდა. ფოტოზე დოკუმენტი ივანე ჯავახიშვილს უჭირავს ხელში. ეს არის დავით აღმაშენებლის ერთადერთი ხელნაწერის ფოტოასლი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.

დავით აღმაშენებლის ხელნაწერის ფოტოასლი

ხელოვნების სასახლის დირექტორი - გიორგი კალანდია:

- აღმაშენებლის ხელნაწერის ეს ფოტო ხელოვნების სასახლეში ინახება, იგი მუზეუმმა მფლობელისაგან რამდენიმე წლის წინ შეიძინა, უნიკალურ ფოტოზე რომ დიდი მეფის ხელრთვა იყო ასახული, ეს სწორედ მუზეუმში გაირკვა და ამ მოვლენას სათანადო სიუჟეტები და პრესკონფერენციაც კი მიეძღვნა, ამ თემაზე მოგვიანებით პროფესორმა ვალერი სილოგავამ სათანადო სტატია მოამზადა სახელწოდებით "დავით აღმაშენებლის უცნობი ხელრთვა"! ამდენად ფოტო ხელოვნების სასახლის ფოტო არქივში- ნიკო მარის კოლექციაში ინახება! კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი, საბედნიეროდ, ეს არ არის დავით აღმაშენებლის ერთადერთი ცნობილი ხელნაწერი, მისი რამდენიმე ხელრთვის ასლები დაცულია როგორც საქართველოს ეროვნულ არქივში, ისე საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში!