ავტორი:

"საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია" რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება

"საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია" რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება

ინტელექტის ოკუპაცია - ბოლო პერიოდში ქართული საზოგადოებისთვის ეს სიტყვები უცხო აღარ არის, რადგან რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციასთან ერთად, საავტორო უფლებების მიმართულებითაც ერევა.

ამ პროცესმა კი ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური სახე მიიღო, რადგან ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს „საავტორო უფლებათა ასოციაციის“ წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს.

უფრო კონკრეტულად, რუსეთი ცდილობს, ჩვენს ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვა და ჰონორარების მიღება-განაწილება თავად დაიწყოს.

პროცესი თავიდანვე ხისტი მეთოდებით დაიწყო. მას შემდეგ, რაც „საავტორო უფლებათა ასოციაციამ“ ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტის დამკვიდრება დაიწყო, რუსეთის მიერ შექმნილი „ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოების კონფედერაცია“ დაარსდა, რომელშიც 5 ქვეყანა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზაახეთი, ყირგიზეთი და ბელარუსი შედის. ამის პარალელურად კი შეიქმნა „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი“, რომელმაც კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარისა და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტროლება დაიწყო. ქართულმა მხარემ კი ამ ორგანიზაციების წევრობაზე უარი განაცხადა.

რატომ არის ეს პროცესი საფრთხისშემცველი?

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ განმარტებით, რუსეთის მიერ შექმნილ ორგნიზაციებთან გაერთიანებით საქართველო საავტორო უფლებების მიმართულებით ლიდერის პოზიციას დაკარგავდა. მეორე მხრივ კი რუსეთთან კავშირი CISAC-თან ურთიერთობის გაფუჭების საფუძველი გახდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ რუსეთთან კავშირი ხელს შეუშლის საქართველოს მიერ ხელმოწერილ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, სადაც ერთი მთლიანი თავი ინტელექტუალურ საკუთრებასა და მისი დაცვის ვალდებულებას ეთმობა. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, რუსეთის მიერ შექმნილ ორგანიზიცებთან თანამშრომლობა ასოცირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.

„საავტორო უფლებათა ასოციაციის“ განცხადებით, რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი ორგანიზაციები ავტორებში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასოციაციაში გადმორიცხა მათი კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარის ჰონორარი, რომელიც ადრესატამდე არ მისულა.

„საავტორო უფლებათა ასოციაცია“ ამ საკითხზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი ორგანიზაცია, „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ ცდილობს საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატივის შექმნას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მცდელობა ეწინააღმდეგება კანონს, ისინი მიმართავენ დეზინფორმაციის გზას და ცდილობენ ასოციაციის დისკრედიტაციას, კერძოდ: ავტორებში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს ასოციაციაში გადმორიცხა მათი კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარის ჰონორარი, რომელიც ადრესატამდე არ მისულა.

გვსურს, თვალაჩინოებისთვის, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ საჯარო ინფორმაცია, რომელიც ასევე ასახულია ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშებში. ნაცვლად მათ მიერ დასახელებული რამდენიმე მილიონისა, ბოლო 5 წლის განმავლობაში RAO-ს სულ გადმორიცხული აქვს 140 670.9 ლარი (2014 წელს - 12 242.54 ლარი, 2015 წელს - 15 642.58 ლარი, 2016 წელს - 58 090.47ლარი, 2017 წელს - 28 026.81 ლარი და 2018 წელს - 26 668.5 ლარი) და ეს ჰონორარი მთლიანად გადახდილია ქართველი ავტორებისთვის.

ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს RAO-მ, 2019 წლის 8 მარტს ჩვენთან შეწყვიტა ხელშეკრულება და გააფორმა მათთან, რაც წარმოადგენს მორიგ სიცრუეს. როგორც RAO-სთან არსებული ხელშეკრულებით, ასევე საერთაშორისო რეგულაციებით, ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელია ამისთვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის გარეშე, ასეთი საფუძვლები კი ბუნებაში არ არსებობს. ამის შესახებ წერილობით ეცნობა RAO-ს და მათგან პასუხი დღემდე არ მიგვიღია. შესაბამისად, RAO-ს მხოლოდ ჩვენს წინაშე ეკისრება რუსეთის ტერიტორიაზე ქართველი ავტორებისთვის ჰონორარის შეგროვების ვალდებულება და სხვასთან ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება არ გააჩნია.

და ბოლოს, ეს ორგანიზაცია ჰპირდება ავტორებს, რომ გადაუხდის RAO-ს მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში მათთვის შეგროვებულ ჰონორარს. აღნიშნული დაპირება ატარებს მოსყიდვის ნიშნებს და ეწინააღმდეგება კანონს. ასეთი ანაზღაურების შემთხვევაში ეს იქნება დაუსაბუთებელი წარმომავლობის ფული, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გასულ წლებშიც და ახლაც, RAO-ს, ქართველ ავტორთა კუთვნილი ჰონორარის გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ ჩვენს წინაშე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ მივმართოთ ავტორებს, არ აჰყვნენ გავრცელებულ დეზინფორმაციას და თავი შეიკავონ „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციასთან“ ურთიერთობისგან, მითუმეტეს მათგან ჰონორარის სახით ფულადი ანაზღაურების მიღებისგან”, - ნათქვამია „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ სპეციალურ განცხადებაში.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის