საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავა ოფიციალურად წარადგინა.
"ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას თავის გუნდთან ერთად, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერაც" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამასთან, ბახტაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკონომიკის ახალ მინისტრს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის სწორი აღქმა აქვს.
„ნათიასთან მე მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ნათია არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ჩვენი მეწარმეების ინტერესებს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია აუცილებლად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
ნათიას ნამდვილად აქვს იმ სოციალური რეალობის სწორი აღქმა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ასეთივე აღქმა აქვს ჩვენს საზოგადოებას. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათიას თავის გუნდთან ერთად, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერაც და მე დარწმუნებული ვარ, ის წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას,“ - განაცხადა პრემიერმა.
ნათია თურნავამ პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე მადლობა გადაუხადა წინამორბედს, გიორგი ქობულიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო გოგა ქობულიას, იმ ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენს შორის შედგა ეკონომიკის სამინისტროში.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეს ის სამინისტროა, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ. ეს ის სამინისტროა, სადაც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებულები.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული დავალებები, კონრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.