ავტორი:

"ღმერთსაც ძალიან ვაწუხებ, ყოველწამიერად ჩემი ბიჭის გამოკეთებას ვთხოვ..." - წლი­ნა­ხევ­რის სესეს დედის ემოციური მიმართვა

"ღმერთსაც ძალიან ვაწუხებ, ყოველწამიერად ჩემი ბიჭის გამოკეთებას ვთხოვ..." - წლი­ნა­ხევ­რის სესეს დედის ემოციური მიმართვა

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.

ბავშვის გადასარჩენად აუცილებელია, თურქეთში მკურნალობის კურსი ჩაუტარდეს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კეთილი ადამიანების დახმარებით, თანხის ნაწილი უკვე შეგროვდა, თუმცა სესეს სრულად გამოჯანმრთელებისთვის კოლოსალური თანხებია საჭირო.

ბიჭუნას დედა, ინა იმედაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი დახმარება მაინც გაიღო წლინახევრის ბიჭუნას დასახმარებლად:

"მადლობა - უკვე ისეთი ბანალური სიტყვა გახდა, რომ ვერც კი შემოგკადრებთ იმ ადამიანებს, ასე რომ იბრძვით სესესთვის. ხანდახან მგონია რომ აი გამოვიღვიძებ და ეს კოშმარული სიზმარი გაიფანტება, გვერდზე გავიხედავ და ჩემს ოქროსთმიან ბიჭს ისევ ჩემს გვერდით ეძინება მშვიდად, ავარდისფრებული ლოყებით და გრძელი წამწამებით. მერე ავდგები და ნაზად ვაკოცებ, თან ჩავჩურჩულებ რომ ძალიან მიყვარს.

ჰო, მიყვარს რაღაც არა ამქვეყნიურად, სულ მეშინოდა, ასეთი სიყვარული რას მოიტანდა. ვუყურებდით მე და მამამისი და ვხვდებოდით რა არის და როგორია ბედნიერება, სიყვარული, სიხარული. ჰოდა ახლა მათ ნაცვლად ჩემსკენ სასოწარკვეთილება, სევდა და ცრემლები მოიწევენ. ჩემს მზეს ბნელი ეპარება და დგება მომენტი როცა ძალები აღარ მაქვს უკან გავაგდო და სინათლე სიბნელისგან გადავარჩინო.

ვებრძვი სასოწარკვეთას, უიმედობას. სულ მცირე იმედს ვებღაუჭები, თუნდაც სესეს ავარდისფრებულ ტუჩებს. ეს ორი კვირაა, ყოველდღე გულში ხანჯლებად მერჭობა ექიმების სიტყვები რომ ყველაფერს ველოდო, რომ ძალიან მძიმეა, რომ, რომ, რომ... ვდგავარ, ვუსმენ და ვრგძნობ როგორ ვიფლითები, ვიშლები ნაწილებად, ჩემი შემადგენელი ნაწილაკები როგორ შორდებიან ერთამანეთს და სადაცაა გავქრები და აღარ ვიქნები. აი, ეს კი იდეალური იქნებოდა, მაგრამ ჯერ არა ჯერ სესესთვის უნდა გავიღო სისხლის უკანასკნელი წვეთი.

ამ დღეებში მიფიქრია ყველაფერზე, წარმომიდგენია ყველაფერი, მიტირია, მიბღავლია, მითხოვია, მილოცვია - ისე როგორც არასოდეს. როცა მითხრეს რომ სესეს გადარჩენის ერთი პროცენტი არსებობდა, აი ამ ერთ პროცენტს ჩავეჭიდე და აღარც გავუშვებ, გამორიცხულია, ჩემი პატარა უფლისწული უნდა გადარჩეს, მისი ვარდების პლანეტაზე წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა. ეგოისტი ვარ, საშინლად ეგოისტი, არ გავუშვებ, ან მეც გავყვები.

ძალიან ძლიერი ყოფილა ჩემი ბიჭი, ჩემი მოციცქნული სიხარული, იბრძვის, იბრძვის რაც შეუძლია, მეტი რა ქნას რომ დედიკოს ჩაეხუტოს. ღმერთსაც ძალიან ვაწუხებ, ყოველდღე, ყოველწამიერად მივმართავ ჩემი ბიჭის გამოკეთებას ვთხოვ. რა ძალა ჰქონია თანადგომას, სიკეთეს. რამდენი ადამიანი გაერთიანდა სესესთვის. ხალხნო, ადამიანებო თქვენ მე ჩემი მზის, სინათლის დაბრუნებაში მეხმარებით. ეს კი ბევრად მეტია ვიდრე სიკეთე, ვიდრე დახმარება, ამიტომაც მადლობას ვერ გადაგიხდით, რადგან მადლობა ძალიან ჩვეულებრივი რამეა ამ არაჩვეულებრივი ამბებისთვის.

ვიფიქრებ იქნებ შესფერისი სიტყვა მოვძებნო, და თუ ვერ ვიპოვი, მე და სესე ერთად შევქმნით და გამოგიგზავნით" - წერს ბიჭუნას დედა.

სესეს ჩვენი დახმარება სჭირდება. ბავშვი უკვე სტამბოლშია, მხოლოდ ტრანსპორტირებისა და პირველადი ინტერვენციისთვის 38 ათასი აშშ დოლარია საჭირო, მკურნალობისა და რეაბილიტაცის ზოგადი ხარჯი, კი როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გაცილებით მეტი იქნება.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი

ა/ა GE06TB7812045063600023

მიმღები: გიორგი ბეგიაშვილი (ბავშვის მამა)

დუდუ დადიანის გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა - ყოფილ კალათბურთელსა და მეგობარს ია ფარულავა იხსენებს

"ნახეთ, ბაბუს ჰქონია ასეთი ლაქა-მეთქი... გაოგნებული მიყურებდა" - ედუარდ შევარდნაძეს ყოფილი რძალი ემოციურად იხსენებს

"როცა დავიბადე, ამ ამბავს დიდი სიხარული არ მოყოლია, მეორე გოგონა ვიყავი ჩემი მშობლებისთვის..." - მექა ხანგოშვილი წინაპრებსა და სახელის ისტორიას იხსენებს