ავტორი:

"საქმის წარმოება 169 პირზე მიდის, აქედან 37 კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირია" - სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე აგენტების საქმიანობაზე საქართველოში

"საქმის წარმოება 169 პირზე მიდის, აქედან 37 კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირია" - სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე აგენტების საქმიანობაზე საქართველოში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება 169 პირზე მიმდინარეობს, რომელთა შორის 37 კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირია.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ესენი აქტიური პირები არიან, რომელთა ნაწილი რუსეთის ინტერესებს ემსახურება. მისივე თქმით, “მთავარი არ არის დაკავება - შეიძლება მათი განეიტრალებაც“.

“რბილი ძალის“ მეშვეობით ხდება ზეწოლა საზოგადოებრივ ჯგუფებზე, ისევე როგორც მასმედიაზე. რაც შეეხება აგენტების გამოვლენას, ამ მიმართულებით კამერების წინ კეკლუცობით მუშაობის გაუმჯობესება არ ხდება. მთავარია, მოზომილი პოლიტიკით იდენტიფიცირება მოვახდინოთ, მონიტორინგი ვაწარმოოთ, მათ შორის ისეთ პირებზე, ვინც შემჩნეულია არა მხოლოდ „რბილი ძალის“ ქვეშ ყოფნაში, არამედ პირდაპირ აგენტურულ საქმიანობაში. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ეს პოლიტიკური ქულებისა და ბენეფიტების დასაწერი საკითხი არ უნდა იყოს. შევთანხმდით, რომ იყო ამ მხრივ არასწორი ნაბიჯები, რამაც უკუშედეგები გამოიღო. საქმის წარმოება მიმდინარეობს 169 პირზე, დაკვირვების მხრივ, მათ შორის 37 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირი. მთავარი არ არის დაკავება - შეიძლება მათი განეიტრალება. მთავარია, ძირგამომთხრელი საქმიანობის და ქვეყნის ინტერესების დაზიანების საშუალება არ მივცეთ. ხშირ შემთხვევაში, სპეცსამსახურები არა გაძევების, არამედ გადმობირების მექანიზმებსაც იყენებენ. არსებობს უამრავი მექანიზმი, რაც საკმაოდ სპეციფიური თემაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, აღკვეთილია ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება.

ლილუაშვილმა კომიტეტის წევრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში 27-გვერდიანია და მასში სუს-ის 2018 წლის საქმიანობა არის ასახული.

სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე შეეხო კონტრდაზვერვით საქმიანობას და ჩამოთვალა უცხო ქვეყნების მიერ ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება:

„საანგარიშო პერიოდში სუს-ისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სხვადასხვა აქტორის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები, მათ შორის:

  • ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა
  • დესტაბილიზაციის, არეულობის ცალკეული კერების შექმნისა და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა
  • ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე
  • ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა. 2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებენ ჰიბრიდული ომის სხვადასხვა მეთოდს. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ:
  • საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას
  • მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას
  • საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან
  • საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას
  • ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას
  • მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას
  • საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას მათ მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედიასაშუალებების და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება", - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა დეზინფორმაციული კამპანია.

„ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით პროცესებზე გავლენის მოხდენა. სუს-ი მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ვითარების მონიტორინგსა და შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად აღკვეთილი იქნა ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება. 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაწესებული იყო მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის დამდადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით და უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და თანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა.