ავტორი:

რა წიგნები უყვართ და რას გააჩუქებდნენ ცნობილი მკითხველები - "წიგნი მაინც შეუცვლელია!"

რა წიგნები უყვართ და რას გააჩუქებდნენ ცნობილი მკითხველები - "წიგნი მაინც შეუცვლელია!"

წიგნი და წიგნიერება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და უმეტეს შემთხვევაში, ცოდნა, განათლება, შემეცნება მის ბედს პირად თუ საქმიან ასპარეზზე საგრძნობლად განსაზღვრავს. ამიტომ, წიგნის კითხვის კიდევ უფრო პოპულარიზაცია, საზოგადოების აქტიურობა და ჩართულობა ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნი ხომ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის, ყველაზე მრავალფეროვანი, საჭირო და ფასითაც ხელმისაწვდომი, რომლითაც ნებისმიერი ემოციის გამოხატვა შეიძლება საჩუქრის ადრესატისთვის.

23 აპრილამდე სულ რამდენიმე დღე და საათი დარჩა და პირადად მეც, სულმოუთქმელად ველოდები, რა წიგნებს შემირჩევენ ის მეგობრები, რომლებიც ამ კარგ წამოწყებაში ჩავრთე და სოციალური ქსელის მეშვეობით "გამოვიწვიე". ჩემი რესპონდენტები კი ამჯერად თავიანთი წიგნების ხუთეულებს გვიზიარებენ.

ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი: წიგნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1995 წლიდან აღნიშნავს და ამ პროცესში საქართველოც კარგა ხანია ჩართულია. მახსოვს, ჯერ კიდევ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ვიყავი, როდესაც ჩვენი შენობის წინ, ქუჩაში გავაკეთეთ პირველი ასეთი ღონისძიება. ამის შემდეგ, ტრადიციულად აღინიშნება. წიგნის ჩუქების დღე კარგი წამოწყებაა. უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად ჩუქება იდეალური ფორმაა, რადგან ადამიანს ადამიანად ყველაზე მეტად ასეთი აქტები აქცევს, რომელიც მისი ეგოიზმიდან გამომდინარეობს. საერთოდ, ისეთი რამ უნდა გააჩუქო, რომ გული დაგწყდეს, შენ თვითონაც იმდენად მოგწონდეს. ეს აუცილებელია, ვისაც ჩუქნი, უნდა იგრძნოს, რომ მისთვის კარგი რამ გემეტება.

რაც შემეხება მე, გავაჩუქებ იმ წიგნებს, რომლებთანაც შეხება მაქვს, რომლებიც მე ვთარგმნე და დავწერე. ზოგადად, ვურჩევ ხოლმე, საკუთარი წიგნები აჩუქონ, მკითხველს გაიჩენენ და ეს მნიშვნელოვანია. ლექციებს ვატარებ და ზოგიერთი იმ მიზეზით არ ტარდება, რომ ინტერესი არ არის, საქართველოში გემოვნების საკითხი ძალიან უცნაურადაა, მეჩვიდმეტე ხარისხოვანი მწერალზე შეიძლება 500 კაცი მოვიდეს და მარსელ პრუსტზე - სამი. განათლების დონეა ძალიან დაბალი და გემოვნებაა თავისებური. თავისთავად ინტერნეტში განთავსებული ლექციები აჩვენებს იმას, რომ ინტერესი ჩნდება და ეს კარგია. კითხვა, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ხელისუფლება და განათლების სამინისტრო ამ თვალსაზრისით არაფერს აკეთებს წინსვლისთვის. ამიტომ, თუ ჩვენ ვაჩუქებთ ერთმანეთს წიგნებს, კარგი იქნება.

რაც შეეხება ხუთ წიგნს, ქართული ლიტერატურიდან დაგისახელებთ ჩვენს დიდ პოეტებს - რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, პოემა და პირადი წერილები, ვაჟა-ფშაველას პოემები, განსაკუთრებით, "ალუდა ქეთელაური", "ბახტრიონი, "გველისმჭამელი" და გალაკტიონის ლირიკა. მეხუთედ კი მთავარ ქართულ პროზაულ ნაწარმოებს გამოვყოფდი - "ჯაყოს ხიზნები".

მსოფლიო ლიტერატურის ჩემი ხუთეული კი ასეთი იქნებოდა: ჰომეროსის "ილიადა", დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია", გოეთეს "ფაუსტი", დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები" და მარსელ პრუსტი "დაკარგული დროის ძიებაში".

ბაია დვალიშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი: წიგნების გაჩუქება ჩემთვის დიდი ხანია კარგი ტრადიციაა. ჩემი და ჩემი შვილის პირადი ბიბლიოთეკაც ძალიან მრავალფეროვანია, ბევრი საინტერესო წიგნით. წიგნი მართლაც ძვირფასი საჩუქარია, სამახსოვროდ მთელი ცხოვრება გრჩება, განძია სახლში. მით უმეტეს, ახლა საოცრად კარგი გამოცემებია, ქართულად კარგად ნათარგმნი, ხარისხიანი, ლამაზად გაფორმებული.

გული მწყდება ხოლმე, როდესაც ვინმეს წიგნს ვათხოვებ და უკან აღარ მიბრუნებს, ასე ბევრი წიგნი დამიკარგავს, რადგან მავიწყდება. ნათხოვარი წიგნის დაბრუნების დღეც რომ დავაწესოთ, არ შეიძლება? (იცინის). ამის გამო, ძალიან არ მიყვარს ვინმესთვის წიგნის თხოვება. მისი დროულად დაბრუნება პატივისცემის ნიშანია.

23 აპრილისთვის წიგნების გაცვლა და გაჩუქება მშვენიერი იდეაა, მომწონს, კარგი წამოწყებაა, კარგი ტონია და ამ "მოდურობაში", ადამიანი ნელ-ნელა წიგნთან ურთიერთობას იწყებს, უახლოვდება, ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან ის შენს ახლო მეგობრად რჩება. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად კითხულობ, სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს.

ბევრი წიგნია ისეთი, რომელსაც თამამად და სიამოვნებით აჩუქებ ადამიანს, გააჩნია ასაკს, მას რა მოსწონს. ზოგს ისეთი უნდა შესთავაზო, რომელიც პირველივე ფურცლიდან ჩაითრევს, ზოგს ახალი ავტორის მოეწონება, რომ სიახლეებს არ ჩამორჩეს და ა.შ. ჩემი ცხოვრების წიგნი არის ოთარ ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან". ამ ბოლო დროს, მარიო ვარგას ლიოსათი ვარ გატაცებული და აბსოლუტურად ყველაფერი წავიკითხე, ბოლო რომანის გარდა. ჩემს ერთ მეგობარსაც გავაცანი და დიდი ინტერესით კითხულობს - "ქალაქი და ძაღლები", "ვაცის ნადიმი", "ცუდი გოგოს ოინები" და ა.შ. სწორად უნდა შეარჩიო, პირველი რა მიაწოდო, რომ დაინტერესდეს. ახლა ჩემს შვილს დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" გამოვუღე ბიბლიოთეკიდან და კითხულობს, შეიძლება ცოტა ადრეა, მაგრამ კითხვა ძალიან უყვარს და დააინტერესებს.

ჯაბა კილაძე, მსახიობი: ყველანაირ წამოწყებას მივესალმები, რაც ადამიანის ინტელექტუალური დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს! წიგნის ჩუქება იმდენად ინდივიდუალური საკითხია, სწორად უნდა შევარჩიოთ, ვის რა აინტერესებს, ამ მხრივ კი ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანები არსებობენ. მთავარია, ინტერესი გაიღრმავო, მეტი ინფორმაცია მიიღო და სამყაროს მეტად შეცნობა შეძლო. წიგნს, პირველ რიგში, ეს ფუნქცია აქვს, მთავარია, რას შეიცნობ, თორემ უამრავი ადამიანი მინახავს, ტონობით წიგნი რომ აქვთ წაკითხული, მაგრამ... მთავარი არა რაოდენობაა, არამედ ის, თუ რამდენად სწორად მოქმედებს შენზე წაკითხული მასალა.

- რომელი ნაწარმოები გახსენდებათ ისეთი, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

- ჩემს მშობლებს ვემადლიერები, რომ წიგნის კითხვა ღრმა ბავშვობიდან შემაყვარეს. მაშინ, როცა გარეთ ტყვიების ზუზუნი ისმოდა. წიგნი და თეატრი ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი მხარის გახსნას ემსახურებიან. ეს კი ტვინში მნიშვნელოვანი პროცესია. მახსოვს, როცა პირველად ჟიულ ვერნი და მარკ ტვენი წავიკითხე, მერე უკვე, კონსტანტინე გამსახურდია და სხვები, ჩემს ტვინს იმის ინსპირაცია მიეცა, რომ სიკეთისკენ მიმართულიყო და გარკვეული ზღვარი ყოფილიყო ცუდსა და კარგს შორის, გარდა იმისა, რასაც ოჯახსა და სკოლაში გვასწავლიან.

წიგნი და თეატრი ჩემთვის განუყოფელია, ადამიანის ფსიქოლოგიაზე ერთსა და იმავე, უდიდეს გავლენას ახდენს. წიგნს აცოცხლებენ თეატრში. ტვინს კვება სჭირდება, წასაკითხი და სანახავი მასალა კი მას ასაზრდოვებს. ხელოვნება ადამიანისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წყალი და ჰაერი.

ბედნიერი ქვეყანა ვართ იმ კუთხით, რომ უამრავი ნიჭიერი ადამიანი გვყავს ყველა სფეროში, საამაყო. ძალიან მიყვარს მიხეილ ჯავახიშვილი, მისი ფსიქოლოგია, ქართული ხასიათი კარგად აქვს წარმოჩენილი. შოთა რუსთაველის ფენომენი ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად უნდა აღვიქვათ, რადგან საუკუნეში შექმნილი სიბრძნე თანამედროვე ცხოვრების საუკეთესო მაგალითია, თავისი ტოლერანტული დამოკიდებულებითა და ქალის მნიშვნელობით. ჯობია ასეთ რაღაცებს გავუკეთოთ პროპაგანდა. ძალიან მომწონს, ასევე, გაბრიელ გარსია მარკესის "მარტოობის ასი წელი"; გურამ დოჩანაშვილი გვყავს უმაგრესი. საერთოდ, ქართული ლიტერატურა ძალიან მიყვარს.

- რამდენად ხშირად ახერხებთ წიგნის ყიდვას?

- ოჯახში საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გვაქვს, მხატვრული ლიტერატურა, მაგრამ ამ ბოლო დროს, უფრო მეტად მეცნიერული ნაშრომებით დავინტერესდი და ასეთ წიგნებს ვყიდულობ. დიდად არ ვიცნობდი დიმიტრი უზნაძეს და ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა. ცოტა ხნის წინ შევიძინე ფროიდის წიგნებიც. სიღრმეებში ჩასვლას თავისი ასაკი და გარკეული გამოცდილება სჭირდება, ალბათ აქედან გამომდინარე დავინტერესდი. საერთოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებმა კითხვა ცოტა ჩაანაცვლა, მაგრამ ბოლომდე ვერა, რადგან წიგნი მაინც შეუცვლელია!

ოლგა ბაბლუანი, მსახიობი, ტელეწამყვანი: წიგნის პოპულარიზაცია საჭირო და დადებითი მომენტია და ეს საზოგადოებაში ნამდვილად აქტუალური საკითხი უნდა იყოს. თუმცა, წიგნი ვერც კარგ ადამიანს აქცევს ცუდად და ვერც ცუდს - კარგად. წიგნიერება არც განათლებას ნიშნავს. ზოგს ათასობით წიგნი აქვს წაკითხული, მაგრამ ბოროტება ცოდნას არ დაუძლევია, პირიქით.

ჩემთვის წიგნი სულიერი საკვებია, შემეცნებითი საზრდო, რომელიც შინაგან სამყაროს აცოცხლებს, მაგალითად, შეგრძნებით და წარმოსახვით მთელი ცხოვრების განცდაც შეგვიძლია, მთხრობელს გააჩნია.

წიგნი შეუცვლელია-მეთქი, ბავშვობაშიც ვფიქრობდი (მაშინ, როცა ციფრულმა სამყარომ პირველი შიშები დაბადა წიგნის გაქრობის კუთხით), წიგნი ხისგან მზადდება, ხე და ადამიანი ბუნების ორგანული ნაწილები არიან და ურთიერთკავშირიც განსაკუთრებულად ჟანგბადივით მოდის-მეთქი. წიგნი ცოდნაა, გამოფხიზლების, გამოღვიძების და რეალობის დანახვის საუკეთესო საშუალება. დღეს ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ქვეყანაში, სადაც 83% ინფორმაციას სატელევიზიო სივრციდან იღებს, განათლების ხარისხი დაბალია და კლასებს შორის სხვაობით მსოფლიოში მესამე ვართ.

ჩემთვის არ არსებობს გამორჩეულად რომელიმე ლიტერატურული ჟანრი - ეს ფრაზა ჩარჩოების ასოცირებას იწვევს ჩემში. ცოდნას, შემეცნებას, ემოციას ჟანრი არ აქვს. როგორც ცხოვრებას ვერ დაყოფ ჟანრებად და ვერ ჩასვავ ჩარჩოებში, ვფიქრობ, ასევეა წიგნიც.

ძალიან მომწონს გიორგი კეკელიძის ახალი წამოწყება - 23 აპრილი - წიგნის ჩუქების დღე და კარგი იქნება, თუ ამას ყოველწლიური სახე მიეცემა, თუმცა, ვფიქრობ, ტრადიცია რუტინად არ უნდა გადაიქცეს, ვალდებულებად, ეს ყველაფერი სიამოვნებით უნდა ვაკეთოთ. მეც მენდომებოდა ბავშვობაში ეს დღე მქონოდა: იმდროინდელ უბნის ბიბლიოთეკებში დიდ დროს ვატარებდი. ბავშვებს დედასთან ერთად, წიგნებით სავსე ჩანთები მოგვქონდა სახლში. ცალკე სამყარო მქონდა შექმნილი, სახლში 4 და-ძმა და საბჭოთა უინტერესო სკოლის დროს, სკოლა მხოლოდ გასართობი, სოციალიზაციის საშუალება იყო ჩემთვის, იქ სხვა რამეს ვსწავლობდი.

#აჩუქეწიგნის ფარგლებში რამდენიმე ნაწარმოებზე შევაჩერებდი ყურადღებას, რომელიც შეგვიძლია ვაჩუქოთ მეგობარს, საყვარელ ადამიანს, დედას, მამას... პირადად მე, პირველ რიგში, მამას წიგნს გავაჩუქებდი - "მზე, მთვარე და პურის ყანა". ეს ის მომენტია, როცა ეჭვი არ მეპარება საჩუქარში. "სიყვარულს ასე თუ ისე სიცხადე შეაქვს იმ გაურკვევლობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები" - მაგარია.

ასევე, ვთვლი, რომ კარგი საჩუქარია გაბრიელ გარსია მარკესის "მარტოობის 100 წელი", ბიბლია, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების კრებული და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის "ნაზია ღამე". მამას კი ვაჩუქებდი არა წიგნს, არამედ, ბლოკნოტს, მიხვდება, რატომ.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის