ავტორი:

"დილა რომ თენდებოდა, გურამი ნახევარ თბილისს დაურეკავდა და მოიკითხავდა..." - როგორ იხსენებს შვილიშვილი ყველასთვის საყვარელ "ლორთქიას"

"დილა რომ თენდებოდა, გურამი ნახევარ თბილისს დაურეკავდა და მოიკითხავდა..." - როგორ იხსენებს შვილიშვილი ყველასთვის საყვარელ "ლორთქიას"

დატოვა სითბო, სიყვარული, როლები და საუკეთესო მოგონებები... 6 მაისს, ცნობილ მსახიობს გურამ ლორთქიფანიძეს, იგივე ლორთქიას, 90 წელი შეუსრულდებოდა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი 2008 წელს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

AMBEBI.GE გურამ ლორთქიფანიძეს იხსენებს, რაშიც მისი უფროსი შვილიშვილი - ელენე გახარია დაგვეხმარება.

მსახიობი თბილისში, ვერაზე დაიბადა - თავის სახლში, კაკლის მაგიდაზე (მაგიდა დღემდე არსებობს, ელენეს ოჯახში ინახება). ვერაზევე გაიარა მისმა ბავშვობამ და მელიქიშვილის 7-ში გაატარა მთელი ცხოვრება. იქაურობას ვერ ელეოდა, უყვარდა ის თბილისური ყოფა, უშუალო, თბილი ურთიერთობები, რაც მის ეზოშიც იყო შექმნილი.

"საოცარი ეზო იყო და გამორჩეული ხალხი ცხოვრობდა... ბოლო წლებში სულ გვესმოდა, რომ იქაურობას ანგრევდნენ, ბევრჯერ გვილაპარაკია იმაზე, სხვაგან რომ გადავსულიყავით, მაგრამ ეს ვერ წარმოედგინა. ამ სახლში უნდა გარდავიცვალო, აქედან გავსვენდე და მერე რაც გინდათ, ის ქენითო. მართლაც ასე მოხდა...

6 იანვარი იყო, შობა თენდებოდა, ტელეფონზე ველაპარაკებოდი, გადასარევ ხასიათზე იყო. მერე მეზობელთან გავიდა და უეცრად უთქვამს: რაღაც ვერ ვარ კარგადო, შემობრუნდა სახლში და წამებში მოხდა ყველაფერი...

სულ იცოდა თქმა - „ისე უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან არავის მოსავლელი გავხდე და დავრდომილი ვერავინ მნახოსო“ - უყვება AMBEBI.GE-ს ელენე.

- ე.ი. გარდაცვალების წინ არ უავადმყოფია?

- არა. უბრალოდ, გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ცოტა კუჭიც აწუხებდა, მაგრამ თავს მშვენივრად გრძნობდა და ძალიან უვლიდა, ექიმთან ვიზიტი უყვარდა. თან, ერთ კარდიოლოგთან კი არ მივიდოდა - ორთან, ასეთი თვისება ჰქონდა და ორივეს ამოწმებდა. მოკლედ, ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას აქცევდა.

ექიმებთან საუბარიც ძალიან უყვარდა, გიჟდებოდა ამაზე. იტყოდა ხოლმე: კაცო, ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორესო... საკმარისია, მასთან თუ ოდნავ რამეზე დაიწუწუნებდი - მტკივაო. პანიკაში ვარდებოდა, მაშინვე გეუბნებოდა, ექიმთან წავიდეთო.

გურამი რომ გარდაიცვალა, პირველ შვილზე ფეხმძიმედ ვიყავი, წინა პერიოდშიც, ექიმთან ვიზიტი რომ მჭირდებოდა, მარტოს არ მიშვებდა, დამყვებოდა.

ბაბუა-შვილიშვილური ურთიერთობა არ გვქონდა. უფრო მეგობარი იყო, მასთან ნებისმიერ თემაზე შეგეძლო საუბარი, ხუმრობა. პატარა რომ ვიყავი, მეხუმრებოდა - შე მეგრელო გახარია, გადმოდი თავადი ლორთქიფანიძის გვარზე და ელენე ლორთქიფანიძე იქნებიო. მე მყარად ვიდექი ჩემს აზრზე, მაგრამ იმდენად იუმორში იყო ეს ყველაფერი, ალბათ ძნელიც კია იმის წარმოდგენა, რა ხდებოდა ჩვენს სახლში მაგ დროს...

იუმორის დიდი გრძნობით გამოირჩეოდა, ურთიერთობაში გახსნილი ადამიანი იყო, მაგრამ არასდროს განახებდა, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა... ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემი პირველი დამცველი იყო. გურამის თანდასწრებით ვერავინ გაბედავდა ჩემს გაბრაზებას. ამის უფლებას არავის აძლევდა. ერთს შემომხედავდა, თუ არა, ხვდებოდა, რა მიჭირდა, როგორ ვიყავი, რა მინდოდა. პატარაობისას, მახსოვს, დილაობით რომ გავიღვიძებდი, მის საწოლში გადავიდოდი და მასთან თამაში მიყვარდა. ისიც ვითომ ზოოპარკში რეკავდა და ცხოველებს ელაპარაკებოდა - ეს მთელი სანახაობა იყო...

გურამ ლორთქიფანიძე შვილიშვილებთან ერთად

- ვფიქრობ, რომ ბაბუას გარეგნულად გავხარ...

- კი, მამსგავსებენ - ცხვირის მოყვანილობით, იერით... როდესაც ამას მეუბნებიან, ძალიან მიხარია. ჩვენს შორის ხასიათებითაც არის რაღაც მსგავსება, მიუხედავად იმისა, რომ გურამი იყო ლაღი, გახსნილი, მოსიყვარულე, ცდილობდა, ყველგან ყოფილიყო. ხომ ვამბობ, საოცარი იუმორის პატრონი იყო, მაგრამ მაინც ჩრდილში ყოფნა უყვარდა. ბუნებით ლიდერი არ ყოფილა. მარტოობას ვერ იტანდა, ცუდად ხდებოდა, ჩვენი სახლი მისი მეგობრების გარეშე არც მახსოვს.

დილა რომ თენდებოდა, გურამი ყველას ტელეფონით მოკითხვას იწყებდა. ნახევარ თბილისს დაურეკავდა, გარდაცვლილი მეგობრების ოჯახებიც არ ავიწყდებოდა. ახლაც თვალწინ მიდგას ბლოკნოტი, სადაც სულ წვრილად ეწერა ტელეფონის ნომრები... მობილური რომ შემოვიდა, ვერაფრით შეეგუა. ვუყიდეთ, მაგრამ არ აღიარა.

ელენე მეუღლესთან, ლექსო იუკურიძესთან ერთად

- რას ნიშნავდა შენთვის ის, რომ ბაბუა ცნობილი მსახიობი გყავდა - ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა?

- ძალიან მიჭირდა და ახლაც მიჭირს იმის ხაზგასმა და აფიშირება, რომ გურამის შვილიშვილი ვარ. ამაზე არ ვსაუბრობ. ისედაც ვიცი, ვინ იყო ჩემთვის და როგორი ადამიანი... სამსახურიდან გამომდინარე, ურთიერთობა მიწევს უამრავ ცნობილ თუ უცნობ ადამიანთან (ელენე გადაცემა „პროფილის“ პროდიუსერია. - ავტ.) და როდესაც თავს ვაძლევ იმის უფლებას, ვინმეს ვუთხრა, ბაბუაჩემი ვინ იყო, ჯერ ადამიანი არ შემხვედრია, აღტაცება არ გამოეხატოს მისი სახელისა და გვარის გაგონებისას, სახეზე მაინც ხომ შეამჩნევ ამას. ეს ჩემთვის დიდი სიხარულია.

- არაერთი კინოროლი და არაერთი საინტერესო სახე აქვს შექმნილი, მაგრამ აგული ერისთავი მაინც გამორჩეულია...

- თან, სევდიანიც არის, სადღაც გავდა კიდეც მას. მიუხედავად იმისა, რომ ლაღი იყო, სულ კარგ განწყობილებას ქმნიდა, ცხოვრებისეულ ფრაგმენტებში მაინც თავისებური სევდა ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასე იყო...

ყველას რომ უყვარდა, ამით ბედნიერი გახლდათ... „არაჩვეულებრივი გამოფენისთვის“ ერთად ბევრჯერ გვიყურებია და მიყვებოდა, ამა თუ იმ ეპიზოდს როგორ იღებდნენ, თუმცა თვითონ ცალი თვალით უყურებდა და რაღაც დეტალებს იხსენებდა ხოლმე. დედაჩემი პატარა იყო მაშინ და გადაღებებზე დაჰყავდა.

ერთხელ მახსოვს, რაღაც გადაცემის გადაღებაზე მეც წამიყვანა და ისე მოხდა, რომ იქ დამტოვა, დაავიწყდა ჩემი წამოყვანა. მისგან ასეთი ქცევა ჩვეულებრივი რამ იყო.

- კინომსახიობად გაიცნო საზოგადოებამ, არადა პირველი პროფესიით ჟურნალისტი იყო, სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართულებით სწავლობდა. მოგვიანებით მოსკოვში სარეჟისორო განათლება მიიღო და საბოლოოდ, კინოში დარჩა...

- კი, ისე მოხდა, რომ კინოში ასე დაიმკვიდრა თავი... და ვიმეორებ, დიდად შეიყვარა ხალხმა!

მინდა, ბევრ რამეში ვგავდე. თითქოს ხომ ვთქვი, ვგავარ კიდეც ხასიათებით. ძალიან ალალი იყო, არ მოგატყუებდა, არც ბოღმა ადამიანი ყოფილა, ყველაფერს პოზიტიურად უყურებდა. სულ ცდილობდა, სხვაში დადებითი თვისებები ეპოვა. ერთხელ მითხრა: დაიმახსოვრე, ყველაფერი, ცხოვრებში რაც ხდება, მხოლოდ სასიკეთოდო.

საბოლოოდ მაინც ისეთი იყო, რომელსაც ჩარჩოებში ვერ ჩასვამდი. რაღაც აკვიატებებიც ჰქონდა, გარეთ გამოწყობილი და მუდამ წესრიგში უნდა ყოფილიყო, რომ გამოვიდოდა, ყველას ესალმებოდა, უღიმოდა...

წამიერი „აფეთქებაც“ ახასიათებდა, მაგრამ მეორე წუთში აღარაფერი ახსოვდა. გიორგობას დაბადებულს გურამი ერქვა და ამაზე სულ ხუმრობდა - კაცო, გიორგობას დავიბადე და გურამი მქვიაო. თუმცა, გვარიდან გამომდინარე, ყველა ლორთქიას ეძახდა.

გურამს პირველი მეუღლისგან ორი შვილი - ნინო და მაკა ჰყავს, მეორე მეუღლესთან კი კოკი შეეძინა, რომელიც ახლა ამერიკაში ცხოვრობს. დედაჩემის დედა ადრე გარდაიცვალა და გურამმა მეორე ცოლი მოიყვანა, ყველანი ერთად ვერაზე ვცხოვრობდით... გურამმა დიდი სითბო, სიკეთე და სიყვარული, ბევრი მოგონება დაგვიტოვა. ყველას ძალიან გვენატრება...

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე, ელდარ შენგელაია; ზაირა კიკნაველიძე; ლევან თაქთაქიშვილი

ბრედ პიტს 25 წლით უმცროს ქალთან რომანს მიაწერენ - "სახლში აკითხავს და დროს ჰარმონიულად ატარებენ“

თურქი მსახიობი, რომელმაც აქამდე ცნობილი ყველა თურქი ვარსკვლავი დაჩრდილა - ვინ არის ქართველი ქალების ახალი გულთამპყრობელი აქინ აქინოზუ

10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა