ავტორი:

"ულამაზესი სასახლის 44 დარბაზი უნდა გაგევლო, სანამ მას ეახლებოდი" - მონად გაყიდული ქართველი, რომელიც ინდოეთის მბრძანებელი გახდა

"ულამაზესი სასახლის 44 დარბაზი უნდა გაგევლო, სანამ მას ეახლებოდი" - მონად გაყიდული ქართველი, რომელიც ინდოეთის მბრძანებელი გახდა

"1502 წელს ბიჯაპურში ჩასული იტალიელი მოგზაური ლუდოვიკო დი ვართემა აღნიშნავდა, რომ უსუფ ადილ შაჰი "ძალიან ძლიერი, მდიდარი და გულუხვი ხელმწიფეა" და აღტაცებული აღწერდა მის დედაქალაქს: "ეს ძალიან ლამაზი და მდიდარი ქალაქია, სადაც ულამაზესი სამეფო სასახლეა, რომელშიც 44 დარბაზი უნდა გაიარო, სანამ მეფეს ეახლები. თვით ქალაქი გარშემორტყმულია ძლიერი გალავნით ქრისტიანული ქალაქების მსგავსად, ხოლო შენობები გამოირჩევიან თავისი სილამაზით. თავად ხელმწიფე ამპარტავნულად და მდიდრულად ცხოვრობს. მისი მოსამსახურეების ფეხსაცმლის ძირებიც კი მორთულია ლალებით, ბრილიანტებით და სხვა ძვირფასი თვლებით, ასე რომ ალბათ წარმოგიდგენიათ, რაოდენ მდიდრულად მორთული აქვთ თითები და ყურები...". ცოტამ თუ იცის, რომ უსუფ ადილ შაჰი წარმოშობით ქართველი იყო. მისი წარმოშობა ბურუსით არის მოცული, თუმცა ყველა წყარო თანხმდება, რომ ის "უცხოელი" იყო, ახალგაზრდობაში მონად გაყიდეს და ასე მოხვდა ინდოეთში.

ინდოეთის ქართველ მმართველზე უნიკალურ ცნობებს გვაწვდის ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ისტორიკოსი ალექსანდრე მიქაბერიძე:

- უსუფი ინდოეთში ქართველ მონად იყო გასაღებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ საამისოდ უსუფს ქართველის რაიმე დამახასიათებელი ნიშანი ექნებოდა, მითუმეტეს რომ, სპარსეთში და ინდოეთში კარგად იცნობდნენ და აფასებდნენ ქართველებს. სწორედ ამიტომ მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ უსუფი არც სულთნის და არც სპარსელი გამგებლის შვილი არ იყო, არამედ ის იყო საქართველოდან მოტაცებული ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც თავისი ნიჭის წყალობით არა მხოლოდ მონობიდან თავის დაღწევა, არამედ ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს სათავეში მოხვედრაც შეძლო. საინტერესოა, რომ უსუფის გარდაცვალებიდან 150 წლის შემდეგაც კი დიდ მონღოლთა კარზე მისი ქართველობის შესახებ საუბრობდნენ. XVII საუკუნის მიწურულს იტალიელი მოგზაური ნიკოლო მანუჩი, რომელმაც თითქმის მთელი თავისი ცხოვრება დიდ მონღოლთა სამსახურში გაატარა და კარგად ერკვეოდა ინდოეთის პოლიტიკურ ვითარებაში, თავის ცნობილ ნაშრომში აღნიშნავდა, რომ "ბიჯაპურის პროვინცია გადაეცა სახელად უსუფს, რომელიც თავდაპირველად ხელმწიფის სუფრასთან ხორცის დამჭრელ მონად მსახურობდა.

- უსუფის ბავშვობაზე რა არის ცნობილი?

- უსუფის ბავშვობაზე არაფერია ცნობილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი 1450-1451 წლებში დაიბადა. ფერიშთას მიხედვით, უსუფი დაახლოებით 17 წლის იყო, როდესაც ინდოეთში აღმოჩნდა. 1460-1470-იან წლებში საქართველოში არაერთხელ შემოჭრილან ყარა-ყოიუნლუ და აყ-ყოიუნლუ თურქმენები, რომელთაც ქართული მხარეების აოხრების შემდეგ, დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში და ირანში ათასობით ტყვე წაიყვანეს. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ტყვეთა შორის ყოფილიყო ახალგაზრდა უსუფიც. არსებული წყაროებიდან ცნობილია, რომ უსუფმა რამდენიმე წელი სპარსეთში გაატარა, კერძოდ ქალაქ სავაში, სადაც ისლამი მიაღებინეს და სახელი შეუცვალეს.

ბიჯაპური - 2019 წელი

1460-იანი წლების მიწურულს უსუფი სპარსეთიდან წაიყვანეს ინდოეთში, სადაც მას ყურადღება მიაქცია მაჰმუდ ღავანმა, დეკანის ბაჰმანის სასულთნოს დიდმა ვეზირმა, რომელიც წარმოშობით ირანიდან იყო და როგორც ჩანს, ქართველებს კარგად იცნობდა. ღავანმა უმალვე იყიდა ქართველი მონა (არსებული წყაროების მიხედვით უსუფი ამ დროს 17 წლის იყო) და თავის პირად ამალაში გაამწესა. ეტყობა, უსუფმა დიდი მხნეობა და ნიჭი გამოიჩინა, ვინაიდან რამდენიმე წელიწადში ღავანმა იგი მონობიდან გაათავისუფლა და დაიახლოვა. უსუფმა თავი გამოიჩინა დეკანის სულთნისგან განდგომილი ციხე-სიმაგრეების დაპყრობაში და სახელი მოიხვეჭა ვერაგურის ციხე-სიმაგრის (რომელიც აუღებლად ითვლებოდა) დალაშქვრაშიც. ამ ლაშქრობების შედეგად უსუფმა უზარმაზარი ნადავლი ჩაიგდო ხელთ, მაგრამ ყველაფერი უკლებლივ სულთან მუჰამედ შაჰ ბაჰმანი II-ს გადასცა, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა უსუფის საქციელით და უხვადაც დაასაჩუქრა იგი. გამარჯვებების აღსანიშნავად ღავანმა და უსუფმა სულთნისთვის დიდი ნადიმი გამართეს, სადაც სხვა ძღვენთან ერთად 100 ჩერქეზი, ქართველი და აბისინიელი მომღერალი და მოცეკვავე მიართვეს. სულთანმა უსუფი და მისი მამობილი დაიახლოვა და მათი დახმარებით ხელისუფლების განმტკიცებას შეუდგა.

ბიჯაპური - 1920 წელი

უსუფი ბიჯაპურის (ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში) გამგებელი გახდა და სახელი მოიხვეჭა, როგორც ნიჭიერმა და სამართლიანმა მმართველმა. გადამთიელთა (ირანელი ღავანი და ქართველი უსუფის) აღზევებამ და სულთნის გაძლიერებამ დეკანის წარჩინებულთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გაყალბებული საბუთების მეშვეობით მათ დაასმინეს ღავანი და 1481 წელს სულთანმა მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. მამობილის სიკვდილი მეტად მძიმე დარტყმა იყო უსუფისთვის, მაგრამ სულთნისგან განდგომას მოერიდა და ხელსაყრელი დროისათვის მოცდა არჩია. ერთი წლის თავზე სულთანი გარდაიცვალა და ტახტი მის შვილს, თორმეტი წლის მუჰამედ შაჰ ბაჰმანს ერგო. ბუნებრივია, ყმაწვილი ხელმწიფე მალევე პოლიტიკური ინტრიგების ქსელში მოიქცა და მცირე ხანში ქართველი მონის, კასიმ ბარიდის, ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა. უსუფმა ისარგებლა პოლიტიკური არეულობით, 1489 წლისათვის განუდგა სულთანს და თავი დამოუკიდებელ ხელმწიფად გამოაცხადა. მომდევნო ოცი წლის განმავლობაში მან მეტად წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა გაატარა, რის შედეგად ბიჯაპურის სამეფო ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. უსუფმა ჩაატარა დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები. ბიჯაპურში მის მიერ აგებული შენობები დღემდეა შემონახული.

ბიჯაპური - 1858 წელი

1500-1511 წლებში იგი შეუპოვრად იბრძოდა ახლად გამოჩენილი პორტუგალიელების წინააღმდეგ და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. 1510 წელს პორტუგალიელებმა, ალფონსო ალბუკერკის მეთაურობით, იერიში მიიტანეს უსუფის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქზე, გოაზე, მაგრამ უსუფმა უკუაგდო ისინი. გოასთან პორტუგალიელთა მარცხი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ის გვაძლევს დამატებით ცნობას უსუფის ქართველობაზე. გოასთან განცდილი მარცხით გაწბილებული პორტუგალიელები არაერთხელ აღნიშნავენ, რომ გოას დაცვას მეთაურობდა ვინმე "საბაო" ან "იაკუბ გურჯი", რომელმაც "400 კაციანი" გარნიზონით წარმატებით მოიგერია პორტუგალიელთა შემოტევები.

გოას დაცვა უსუფის უკანასკნელი გამარჯვება იყო. 1511 წელს 67 წლის ასაკში უსუფი ბიჯაპურში გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქალაქ შაჰპურში, ცნობილი სუფი ჩანდაჰ ჰუსეინის აკლდამაში. XVI საუკუნის ისტორიკოსი ფერიშთა აღნიშნავდა, რომ უსუფ ადილ შაჰი იყო "ბრძენი ხელმწიფე, ადამიანის ბუნების კარგი მცოდნე; მშვენიერი აღნაგობის, მჭერმეტყველი და განსწავლული; სახელგანთქმული თავისი სწავლულობით, გულუხვობით და ვაჟკაცობით. იგი მუდამ აფრთხილებდა თავის მოხელეებს, რომ ემოქმედათ სამართლიანად და პატიოსნად და პირადად აძლევდა ამის მაგალითს. მისი სამეფო კარი იზიდავდა სწავლულ და ვაჟკაც ხალხს, მიუხედავად იმისა, თუ რა რწმენის ან წარმოშობის იყვნენ ისინი". ვართემა ასევე აღნიშნავდა, რომ უსუფ ადილ შაჰის ჯარის უმეტეს ნაწილს "უცხოელი და თეთრკანიანი ჯარისკაცები" შეადგენდნენ (მათ შორის უნდა ვივარაუდოთ ქართველებიც), რომლებიც "სამეფოს ადგილობრივი მოსახლეობისაგან გამოირჩეოდნენ.

უსუფ ადილ შაჰის მიერ დაფუძნებული ადილ შაჰთა დინასტია ორასი წლის განმავლობაში მართავდა ბიჯაპურს და ინდოეთის პოლიტიკურ ვითარებაზე დიდ გავლენას ახდენდა.

ფოტოები: ინდოლოგ დავით ბეჟიტაშვილის არქივიდან

"TV პირველის" ოპერატორს ცესკოსთან სამართალდამცველთა მიერ აქციის დაშლისას თვალი დაუზიანდა

სპეცრაზმმა ცესკოსთან მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო - წყლის ჭავლის გაშვებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანია "პირველის“ ოპერატორი

ცესკოსთან აქციის მონაწილეებმა დამცავი ჯებირის ნაწილი გაარღვიეს, პოლიცია კი მათ დასაშლელად კვლავ წყლის ჭავლს იყენებს