ავტორი:

რა დარჩა საქართველოს 90-იანე­ბი­დან? - ქვეყნის უახლესი წარსული გურამ წიბახაშვილის უნიკალურ ფოტოებში

რა დარჩა საქართველოს 90-იანე­ბი­დან? - ქვეყნის უახლესი წარსული გურამ წიბახაშვილის უნიკალურ ფოტოებში

ახალ სახელოვნებო სივრცეში - „ბარნოვის ხელოვნების სახლში“, თიბისის მხარდაჭერით, გურამ წიბახაშვილის ფოტოების გამოფენა - „ზამთარი გადატანილია“ ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები საქართველოს ისტორიის იმ გარდამტეხ მონაკვეთს ასახავს, რომელშიც, ერთი მხრივ, ახალდაბადებული სახელმწიფო ომს, შიმშილს და სიცივეს ებრძვის, მეორე მხრივ, კი საბჭოთა კავშირს თავდაღწეულ ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნება მოულოდნელად იწყებს აყვავებას.

ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნები გურამ წიბახაშვილის 250-მდე ფოტოს, ამ ფოტოების ისტორიებსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს. წიგნი თიბისისა და გამომცემლობა „ინდიგოს“ თანამშრომლობით, ნინო ლომაძის რედაქტორობით გამოიცა.

წიგნის სათაურს ავტორი თავადვე ხსნის წიგნში მოყოლილი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ისტორიით:

„ტყუილი ქვეყანა იშლებოდა. გორბაჩოვის დროს უკვე ვიცოდით, რომ ეს გარდაუვალი იყო.

როგორც ყოველთვის, ეს ცვლილებაც იყო ძალიან მტკივნეული და აუცილებელი. უბრალოდ, არ გვეგონა, რომ ტკივილიც გადასატანი გვქონდა და თავიდან, მარტო გვიხაროდა.

მამუკა ცეცხლაძე მოვიდა ერთხელ, მაგას შეუძლია ძალიან მსუბუქად გითხრას მძიმე რამეები და მოდი, გამოფენა გავაკეთოთო. დავთვალოთ, რამდენი ვიქნებით შემოდგომაზე და მერე მარტში ვნახოთ, რამდენი დავრჩებითო. გამოფენასაც ეგრე დავარქვით – ზამთარი გადასატანია.“

„ზამთარი გადატანილია“ დათქმაა, რომლის მიხედვითაც გურამ წიბახაშვილს და მის მეგობრებს სწამთ, რომ სირთულეები უკან დარჩა და იმ დროს არსებული წინააღმდეგობებით შთაგონებული ხელოვნებაც ისტორიის ნაწილად იქცა, თუმცა ამ ექსპოზიციაში დროდადრო მაინც იჩენს თავს კითხვები, რა დაგვრჩა 1990-იანი წლებიდან? რა შეიცვალა 25 წლის შემდეგ? შეიცვალა თუ არა რამე, ან უბრალოდ, „ზამთარი გადატანილია?“

„90-იანი წლების მძიმე პერიოდის დროს არ გვიფიქრია თუ რა შეიძლება დაგვრჩენოდა ამ წლებისგან, მაგრამ დაგვრჩა იმ ადამიანების შრომა, აზროვნება და ქმედებები, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ქმნიდნენ ისტორიას. მათი შემოქმედება ასახავს დროს, მდგომარეობას, ღირებულებებს და ამ ღირებულებების ცოდნა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ სწორი გზით გავაგრძელოთ ცხოვრება.

25 წლის წინ, 1994 წელს გამოფენას დავარქვით - „ზამთარი გადასატანია“, ამ გამოფენის საპირწონედ დაერქვა დღევანდელ გამოფენას - „ზამთარი გადატანილია“. აქედან გასული ყველა ადამიანი თავისებურად გადაწყვეტს გადავიტანეთ ეს ზამთარი თუ ჯერ კიდევ პროცესში ვართ.“ - ამბობს გურამ წიბახაშვილი.

წიგნში „ზამთარი გადატანილია“ წიბახაშვილის ფოტოსურათებთან ერთად, ანა კორძაია-სამადაშვილის ესსეებს იხილავს მკითხველი.

„გურამის ფოტოგრაფია, არის ფოტოგრაფია ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რომელსაც არ აქვს არაფერი მოჭრილი, არაფერი შელამაზებული, ეს არის ის, რაც ნამდვილად იყო. ამ ფოტოსურათებზე აღმოაჩენთ, რომ ვითარება არის კატასტროფული და ადამიანები არიან მშვენიერი. თვალსაჩინოდ ჩანს ისიც, თუ რამხელა სული აქვს წიბახაშვილს - კაცი რომელმაც ყველაზე ცუდ ვითარებაში აღმოაჩენინა რაღაც ნათელი და თვალწარმტაცი. თუკი გადავხედავთ მაყურებლების სახეებს, მივხვდებით რომ გურამმა მოიგო, მოიგო არა მხოლოდ როგორც მემატიანემ, არამედ როგორც ხელოვანმა.

წიგნი „ზამთარი გადატანილია“ თვალსაჩინო სურათს ქმნის, თუ როგორი უცნაური, ძალიან საინტერესო, მძიმე, ტრაგიკული და ამავე დროს, არაჩვეულებრივი დრო იყო. იმათთვის ვისაც ჰგონია, რომ იმხანად მხოლოდ ბნელოდა, ძაღლები ყმუოდნენ, ისროდნენ და იყო ომი, ამ წიგნის შემდეგ, ცხადი გახდება, რომ იმ დროს იმდენი სიყვარული იყო, რომ XXI საუკუნეს მთლიანად რომ გადაუნაწილო ალბათ, ომი არასდროს იქნება.“ - აღნიშნავს მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი.

1990-იანი წლების ისტორიებს წიგნში თავმოყრილი ამბების გმირები ცოცხლად იმ ფილმში ჰყვებიან, რომელიც თიბისის ორგანიზებით სტუდია - "Film Asylum“-მა მოამზადა. ფილმი ხელოვნების სხვადასხვა დარგის - კინოს, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურისა და მუსიკის ისეთ წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიც არიან: ლაშა ბაქრაძე, გოგი გვახარია, ლადო ბურდული, ილიკო ზაუტაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, მანანა არაბული, ანა კორძაია-სამადაშვილი, თეო ხატიაშვილი, რობი კუხიანიძე და სხვები. ფილმი ექსპოზიციის ნაწილად იქცა და მისი ნახვის საშუალება გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს აქვთ.

რუსთაველის N 18-ში „ბარნოვის ხელოვნების სახლი“ ამ გამოფენით გაიხსნა და დაიწყო ფუნქციონირება. პროექტის ფარგლებში, გამომცემლობა „ინდიგოსა“ და თიბისის ორგანიზებით, კვირაში ერთხელ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების საუბრები შედგება.

„ბარნოვის ხელოვნების სახლი“ გურამ წიბახაშვილის გამოფენას 31 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის