ავტორი:

"ბლექ სი არენაზე" Black Eyed Peas იმღერებს

"ბლექ სი არენაზე" Black Eyed Peas იმღერებს

16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

Black Eyed Peas („ბლექ აიდ ფის“) „გრემის“6 ჯილდოს მფლობელი ამერიკული მუსიკალური პროექტია, რომელიც სამი არტისტისგან - will.i.am, apl.de.ap და Taboo-სგან შედგება.

ჯგუფი 1995 წელს დაარსდა და თავდაპირველად ძირითად აქცენტს ჰიპ-ჰოპზე აკეთებდა, მოგვიანებით კი შემოქმედებითი საქმიანობის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზარდა და Black Eyed Peas გლობალური მუსიკალური ფენომენი გახდა. 1998 წელს ჯგუფის სადებიუტო ალბომი Behind the Front გამოიცა, რომელსაც 2 წლის შემდეგ Bridging the Gap მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ ჩანაწერებით კრიტიკოსების ქება დაიმსახურეს, საერთაშორისო წარმატების მომტანი მაინც 2003 წელს გავრცელებული Elephunk გახდა, რომელშიც ჯგუფის ისეთი ჰიტები შევიდა, როგორებიცა „Where Is the Love?”, „Shut Up” და „Let's Get It Started”. ამ უკანასკნელმა ბენდს პირველი გრემის ჯილდო მოუტანა ნომინაციაში „საუკეთესო რეპშესრულება“.

ეს Black Eyed Peas-ის პირველი ალბომი იყო, რომელიც Fergie-სთან თანამშრომლობით ჩაიწერა.

Black Eyed Peas-ის მსმენელი მუსიკალური ექსპერიმენტებით მუდმივად განებივრებული იყო, თუმცა 2009 წელს გამოსულმა ალბომმა The E.N.D. კიდევ ერთხელ გამოკვეთა, ჯგუფი თავის მუსიკალურ სივრცეს უფრო მეტად აფართოვებდა. “Boom Boom Pow", "I Gotta Feeling", "Imma Be" ეს ალბომში შესული იმ კომპოზიციების არასრული ჩამონათვალია, სადაც ელექტრონული ჟღერადობა დიდი ხარისხით იგრძნობოდა. 11 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით და „გრემის“ 6 ნომინაციით The E.N.D არა მხოლოდ Black Eyed Peas-ის, არამედ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი გახდა.

ჯგუფის უკანასკნელი ალბომი Masters of the Sun Vol. 1 Fergie-ის გარეშე ჩაიწერა, რომელმაც სოლო-კარიერა დაიწყო. ალბომისთვის მიძღვნილი ტურნე ჯგუფის როგორც ძველ, ასევე ახალ ჩანაწერებსაც მოიცავს და ფაქტობრივად, Black Eyed Peas-ის ყველა მნიშვნელოვან ჰიტს აერთიანებს.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე TKT.ge და Eventer.ge. ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება.

„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpi ons, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Vanesa Mae, CeeLo Green და Eric Benet-ს უმასპინძლა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება