ავტორი:

"ნაცემია და ალბათ იქამდე არ გაათავისუფლებენ, ვიდრე ცემის კვალი არ გაქრება..." - ვინ არის 33 წლის მამაკაცი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს

"ნაცემია და ალბათ იქამდე არ გაათავისუფლებენ, ვიდრე ცემის კვალი არ გაქრება..." - ვინ არის 33 წლის მამაკაცი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, 29 აპრილს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ზაზა შარია დააკავეს. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმიდან დევნილი შარია, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, გალის რაიონის სოფელ თაგილონში დააკავეს, სადაც ის მშობლების სანახავად მიდიოდა.

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ცნობით, ზაზა შარია გალის “პროკურატურამ” 2013 წლიდან ძებნილად გამოაცხადა. მათივე თქმით, ზაზა შარიამ, 2013 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში გალის რაიონის სოფლებში, თაგილონსა და ნაბაკევში, ადგილობრივი ტაქსის მძღოლები - რევაზ და ჯოლი ახალაიები დააყაჩაღა.

“გარდა ამისა, 1986 წელს დაბადებული ზაზა შარია, 2014 წლის სექტემბერში სოფელ თაგილონში თავს დაესხა თოფურიების ოჯახს, სადაც ოჯახის წევრებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, მატერიალურმა ზარალმა, დაახლოებით 340 000 რუბლი შეადგინა. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე ძებნა იყო გამოცხადებული...” - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა შარიას ახლობელი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაკავებულს ე.წ. შსს-ს მიერ ჩამოთვლილ არცერთ საქმესთან კავშირი არ ჰქონია:

“ძებნაში რომ ყოფილიყო, გალში შესვლას გაბედავდა? ისედაც აგრესიულები არიან ბოლო დროს გალელების მიმართ და სულელი უნდა იყო, ეს გააკეთო... მშობლებს ხომ ეცოდინებოდათ, შვილი ძებნაში თუ იყო და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდნენ მის იქ ჩასვლას... რასაც უნდა იმას წერს აფხაზური მხარე, ეტყობა, “მესაზღვრესთან” რაღაც შელაპარაკება მოუვიდა და წაიყვანეს. თქვეს, რომ ნაცემია, ახლა ალბათ, იქამდე არ გაათავისუფლებენ, ვიდრე ცემის კვალი არ გაქრება... იმედია, ყველაფერი ასე დასრულდება...” - ამბობს ის ჩვენთან საუბარში.

ზაზა შარიას დამნაშავეობის შესახებ მოსაზრებას არ იზიარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. რეზო ქობალიას თქმით, დაკავებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. AMBEBI.GE-სთან საუბარში ქობალია აცხადებს, რომ შარიას და და მშობლები გალის რაიონში ცხოვრობენ. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებული ნაცემია, ვერ ადასტურებს, რადგან დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს.

არსებული ინფორმაციით, შარიას მამა დილით გალის ე.წ. პროკურატურაში იმყოფებოდა და იმედი აქვს, რომ მისი შვილი მალე გათავისუფლდება.

ზაზა შარიას დაკავებას აფხაზებშიც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილის თქმით, გალში, როგორც მთლიანად აფხაზეთში, კრიმინალი ხშირია და არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს აყაჩაღებენ. თუმცა, ნაწილი მიიჩნევს, რომ “აფხაზი მესაზღვრეების მიმართ ნდობა მინიმუმამდეა და მათ მოვალეობის პროფესიონალურად შესრულება არ შეუძლიათ..."

“რამდენჯერმე ვყოფილვარ საქართველოში პირად საქმესთან დაკავშირებით და მინახავს მათი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. ყველაზე ვერ ვიტყვი, ზოგი ადამიანურია, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც თავის დაბალ ანაზღაურებას, სამსახურში არაჯანსაღ გარემოს და კიდევ ათას პრობლემას გამვლელებს “აყოლებს" - წერს აფხაზი ემა ჯოპუა.

“რაც დანარჩენ აფხაზეთში ხდება, იგივე ხდება გალშიც - გატაცებები, ყაჩაღობები, ქურდობა... თუმცა, მესაზღვრეებზეც უნდა ვთქვა - ენგურის საზღვარზე თავად გამოვესარჩლე რამდენიმე ქართველს და ვერაფერი მითხრეს, კარგი იქნება თუ ასეთების მიმართ პრევენციისთვის, კანონის ფარგლებში რაიმე სახის ღონისძიება გატარდება. თუმცა, რომელი კანონის ფარგლებში, არ ვიცი" - მიაჩნია მზია კიუტს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?