ავტორი:

ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელმაც აპენინების მთაზე საქართველოს დროშა ააფრიალა - "12 წლიდან ჩაის ვკრეფდი, დიდი ადამიანივით ვშრომობდი"

ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელმაც აპენინების მთაზე საქართველოს დროშა ააფრიალა - "12 წლიდან ჩაის ვკრეფდი, დიდი ადამიანივით ვშრომობდი"

ხათუნა კიბაბიძე უკვე 8 წელია იტალიაში, რომში ცხოვრობს. ძალიან უყვარს ყვავილები, ბუნება და ამიტომაც, იმ სახლის ტერასაზე, რომლის მეპატრონეც ცნობილი საოპერო მომღერალი, ტენორი ჯოაკინო ჯიტო გახლავთ, ყვავილების ბაღი მოაწყო.

ხათუნა ექსტრემალიცაა - ერთ-ერთი ლაშქრობისას აპენინების ყველაზე მაღალ მთაზე საქართველოს დროშა ააფრიალა.

- საქართველოდან 2011 წლის ნოემბერში წამოვედი. მანამდე რუსთავში ვცხოვრობდი, ბავშვობა კი გურიაში მაქვს გატარებული. ბებია-ბაბუამ გამზარდა. ყოველთვის უცნაურ ბავშვად მთვლიდნენ. ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ამ დროს ცელქიც ვიყავი. ხეებს კენწეროში თვალის დახამხამებაში მოვექცეოდი ხოლმე.

12 წლიდან ჩაის ვკრეფდი, როგორც დიდი ადამიანი, ისე ვშრომობდი. ჩემი საყვარელი გართობა მდინარეზე ხელით თევზაობა იყო. თევზი ვერ გამირბოდა ნატანების წყალში. ბიჭებს ტოლს არ ვუდებდი. სანაძლეოც მაქვს მოგებული ერთ კაცთან - ის უფრო მეტს დაიჭერდა ანკესით, თუ მე - ხელით. დაახლოებით ვხვდებოდი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეწარმავალი, სად გველთევზა, სად - ბაყაყი. მთელი მდინარე ზეპირად ვიცოდი, ყველა ქვა მაქვს გადაბრუნებული ან მოსინჯული.

სკოლის დამთავრების შემდეგ, დაქორწინებამდე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დამწყებ მსახიობად ვმუშაობდი, რადგან ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე. შემდეგ კი ჩემი ცხოვრება ისედაც ერთ დიდ სცენად გადაიქცა და რამდენიმე პროფესიის შეთავსება მომიხდა.

- ალბათ რთული იქნებოდა გადაწყვეტილება საქართველოს დატოვების შესახებ...

- ჩემი წასვლის მიზეზიც ის იყო, რაც დანარჩენების - მინდოდა შვილისთვის რამე გამეკეთებინა, ცხოვრებაში გზის გაკვალვაში დავხმარებოდი და მას მაინც განეხორციელებინა ის ყველაფერი, რაზედაც თავად ვოცნებობდი ერთ დროს. ემოციები, რა თქმა უნდა, მქონდა. ადვილი არ არის უცხო ქვეყანაში წასვლა და ადაპტირება იქაურობასთან.

რაკი ამ ქვეყანაში ცხოვრება გადავწყვიტე, შევეცადე, კარგად შემეცნო იტალიელების ხასიათი. კონტაქტური ხალხია, არ ეშლებათ ზრდილობიანი ქცევა და სიტყვა. ცხოვრება ასე თუ ისე, აწყობილი აქვთ და ზუსტად იციან, ემოციები სად და როგორ გამოიყენონ. ჩვენგან განსხვავებით, ნაკლებად სპონტანურები არიან.

ძალიან მიყვარს მთაში სიარული, რამდენიმე მოლაშქრე ჯგუფის წევრიც ვარ. ლაშქრობისას ბევრი უცხოელი შემხვდა, საქართველოში ნამყოფი რომ იყო და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებაც რომ დარჩათ ჩვენს ქვეყანაზე. სხვათა შორის, ამ ჯგუფების წყალობით გავიცანი ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი სტეფანო არდიტო, რომელმაც იმიტომ მოინდომა ჩემი გაცნობა, ქართველი რომ ვიყავი.

როდესაც იტალიელები მეკითხებიან, რა ეროვნების ვარ და მე ვპასუხობ, ქართველი-მეთქი, პირველი სიტყვები, რასაც მეუბნებიან, არის: რა კარგია! მოლაშქრეობა ჩემთვის არის მიწიერი, ყოველდღიური დაღლილობისა და სტრესისგან გათავისუფლება. მთის წვერზე ხელებს გაშლი და ყველაფერი მსუბუქი ხდება.

ისეთი სურვილი მიპყრობს ზემოთ, მინდა მთელ ბუნებას, გადმოსახედს, ჰორიზონტს ხელი მოვხვიო და გულში ჩავიხუტო. შეშინებულებს უკითხავთ, - ნახე, სად ხარ, არ გეშინიაო? მე ვერანაირ შიშს ვერ ვგრძნობ, რადგან წამის მეასედებში მაქვს გათვლილი, სად უნდა დავდგა მეორე ფეხი, თითქოს დავფრინავ და სხეულსაც ვერ ვგრძნობ მთაში.

არც მაშინ შემეშინდა, აპენინების ყველაზე მაღალ მთაზე საქართველოს დროშა რომ ავაფრიალე - შესაშური შეგრძნება იყო...

- ამჟამად რას საქმიანობ იტალიაში?

- სასტუმროში ვმუშაობ, მანამდე რამდენიმე ადგილი გამოვიცვალე - ვალაგებდი თეატრს, მერე ამავე თეატრში ვხვდებოდი სპექტაკლზე მოსულ მაყურებელს, ერთხანს საგამოფენო ცენტრში კერძო ფირმას წარმოვადგენდი, მოხუცთა სახლში ჯერ მზარეულის დამხმარედ, მერე მზარეულადაც ვიმუშავე.

მოხუცთა სახლში ყოფნის პერიოდი ჩემთვის უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო. ახლაც გული მეკუმშება, მაშინდელი ემოციები ნათლად მახსოვს. იქ ცხოვრობენ მოხუცები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ხვალ ან ზეგ მოვლენ შვილები და წაიყვანენ. ისეთებიც არიან, უკვე რომ შეჰგუებიან ბედს და ყოფას. ამათ, სხვებისგან განსხვავებით, იმედიც აღარაფრის აქვთ და სრულიად უსიცოცხლო მზერით ელოდებიან რაღაც სასწაულს.

იქ ცხოვრობენ მოხუცები, რომლებსაც უფლება არ აქვთ, არ იარონ თავისი ფეხით, რადგან ეს სახლი მხოლოდ ფეხზე მოსიარულე მოხუცებისთვისაა. მერე რა, რომ ისინიც ადამიანები არიან და შეიძლება ერთ დღეს თავი ცუდად იგრძნონ, მზარეულს არ აქვს უფლება, ხელი შეაშველოს მათ და სასადილო ოთახში შეაცილოს - ასე გათამამდებიან და გაზარმაცდებიანო.

ერთი მოხუცი იყო, რომელიც მეუბნებოდა, ამ კვირაში ჩემმა შვილმა სახლში უნდა წამიყვანოს და ხომ წამოხვალ ჩემთან სამუშაოდო? ამაში ისეთი დარწმუნებული იყო, მეგონა, შვილებს მართლა დროებით ჰყავდათ მოყვანილი. ბოლოს მივხვდი, რომ ამ ოცნებით უნდოდა გაელია სიცოცხლის დარჩენილი თვეები, დღეები, თუნდაც წლები...

კიდევ ერთი მოხუცი იყო, ალცჰაიმერით დაავადებული. სულ ბებია-ბაბუას და მამა-დედას გაიძახოდა და მათ უხმობდა. ეს იმდენად ხშირად და ხმამაღლა გამოსდიოდა, სხვები ღიზიანდებოდნენ. მხოლოდ ჩემს დანახვაზე ჩუმდებოდა და საუზმის მერე სასადილო ოთახში ტოვებდნენ, რადგან იქვე სამზარეულოს ჭრილიდან კარგად მხედავდა. ყველამ იცოდა, რომ ამ მოხუცს ცნობიერება დაკარგული ჰქონდა.

ერთხელაც, შაბათ-კვირის შემდეგ რომ მივედი და დამინახა, დაიყვირა: "ბენ ტორნატა!" - კეთილი იყოს შენი დაბრუნებაო! ამის გამგონე იქ მომსახურე მონაზვნები (ზოგადად, სწორედ მონაზვნები ხელმძღვანელობენ ასეთ სახლებს) გაოგნებულები ერთმანეთს ეუბნებოდნენ, თურმე აზროვნებსო. ეს დღემდე მახსოვს, თუ როგორ შეიძლება პროტესტი გამოთქვა აზროვნებაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ არ გაწყობს გაიაზრო, რაც ხდება; არ გაწყობს გაიაზრო, რომ შვილებმა სწორედ მაშინ მიგატოვეს, როცა გინდოდა დარჩენილი ცხოვრება მათთან ყოფნაში გაგელი წაიკითხეთ ვრცლად

ამირან გამყრელიძე - ტემპერატურის ქონისას აფთიაქსა და მაღაზიაში ნუ მიხვალთ, მოხალისეებს ვთხოვ, დაეხმარეთ მარტოხელა პირებს

ხარაგაულში, ქმრის გასვენებისთვის იტალიიდან ჩამოსული ქალი კარანტინში გადაიყვანეს

იტალიიდან ქმრის გასვენებისთვის ჩამოსული ქალი კარანტინში არ გადადის, მეზობლები კი შიშით პანაშვიდზე ვერ მიდიან