ავტორი:

„ჩრდილოვანი კონსტიტუცია“ ანუ რა მისია აკისრია გახარიას 2020 წლის არჩევნებში?!

„ჩრდილოვანი კონსტიტუცია“ ანუ რა მისია აკისრია გახარიას 2020 წლის არჩევნებში?!

საქართველოს კონსტიტუციით სახელისუფლებო იერარქია მკაცრად არის განსაზღვრული - ქვეყნის პირველი პირია პრეზიდენტი, მეორე - პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე - პრემიერ-მინისტრი.

თუმცა არის „ჩრდილოვანი კონსტიტუცია“, რომლის მიხედვით, იერარქია დამოკიდებულია სულ სხვა ფაქტორებზე, კერძოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობაზე ამა თუ იმ თანამდებობის პირის მიმართ. შესაბამისად, შესაძლოა, ამ კეთილგანწყობიდან გამომდინარე, „რიგითი“ მინისტრი ხელისუფლებაში ბევრად უფრო გავლენიანი იყოს, ვიდრე პრემიერი და პრეზიდენტი ერთად აღებული.

შს მინისტრ გიორგი გახარიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა ექსპერტებმა მისი გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებად აღიქვეს. გახარიას გავლენა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფაქტორზე - ამ დროისთვის მის მიმართ ივანიშვილი კეთილგანწყობილია. კულუარული ინფორმაციით, ამ კეთილგანწყობას გახარია იყენებდა და იყენებს იმისთვის, რომ სამთავრობო კონკურენტები ჩამოიშოროს პრემიერობისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, კულუარული თამაშები და მისი თანმდევი შავი პიარის მანქანის მოქმედება სხვა სტატიის თემაა...

პირველ რიგში, იმის გასაანალიზებლად, თუ რატომ სარგებლობს გახარია ივანიშვილის კეთილგანწყობით, უნდა დავსვათ კითხვა - არის თუ არა გახარია ეფექტური შს მინისტრი? საკამათოა. კარგი შს მინისტრი პრევენციულ ღონისძიებებს ჩაატარებდა და არ მიიყვანდა პანკისში საქმეს იქამდე, რომ მოსახლეობას სპეცრაზმისთვის „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა (მით უმეტეს, როგორც შემდეგ გამოჩნდა, სიმპტომები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, რაღაც მომხდარიყო, ზედაპირზე იდო). ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ შეიქმნა პრეცენდენტი - ქვებისა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლებით შეგიძლია სახელმწიფოს უკან დაახევინო. ასეთი პრეცენდენტები კი შესაძლოა, ცუდი რაღაცეების წინაპირობა გახდეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

იქამდე იყო „ბასიანის“ აქციები და გახარიას ბოდიში, რომელიც რატომღაც გმირობად ჩაუთვალეს. არადა, საკითხავია, როგორ მოქმედებს სახელისუფლებო მანქანის იმიჯზე და პოლიციის მორალურ მდგომარეობაზე ის, რომ შს მინისტრი იძულებულია, მხოლოდ ბოდიშების ხდით განმუხტოს სიტუაცია ანუ აღიაროს, რომ პოლიციას საბოდიშოდ აქვს საქმე.

არსად გამქრალა კითხვები გახარიას როლზე იმ ბიზნესმენების „მორჯულების“ საკითხში, რომლებიც ხელისუფლებისთვის მიუღებელია. უფრო დამაჯერებელი პასუხი არ იყო საჭირო გახარიას და მთლიანად ხელისუფლების მხრიდან, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებაზე, რომ მუქარის წერილი მას შს მინისტრმა გაუგზავნა?! პირიქით, ხელისუფლების პასუხებმა უფრო მეტი ეჭვის საფუძველი გააჩინა.

გარდა ამისა, გადავავლოთ თვალი ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას და კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა - არის თუ არა გახარია ეფექტური შს მინისტრი?! შსს-ს არგუმენტი დანაშაულის აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის შეცვლის შესახებ, დაახლოებით იმას ჰგავს - სეტყვა გაამართლო იმით, რომ შეიცვალა ამინდის პროგნოზირების მეთოდოლოგია. დანაშაული რომ გაზრდილია, ამას საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს ყოველგვარი სტატისტიკური მეთოდოლოგიების გარეშეც.

როგორც ჩანს, ყველა ზემოხსენებული არგუმენტი უმნიშვნელოა იმის ფონზე, რა მისიაც, სავარაუდოდ, გახარიას აკისრია. კერძოდ, კულუარული ინფორმაციით, სწორედ გახარია იქნება პასუხისმგებელი, რომ 2020 წლის არჩევნებზე „ოცნებამ“ სასურველი შედეგი „დადოს“. განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც სამეგრელოა. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ გახარია ზუგდიდში და სამეგრელოს სხვა ქალაქებში ლამის უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე შს სამინისტროში. "რეპეტიცია" კი გახარიასთვის, მაისში დანიშნული შუალედური არჩევნები იქნება.

თუ მინისტრმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „იმედები გაამართლა“, იქნება თუ არა ეს მისი პრემიერობის გარანტი, ეს მხოლოდ ივანიშვილმა იცის და ჩვენ არ დავიწყებთ მკითხაობას. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ივანიშვილის გარემოცვაში გახარიას მხარდამჭერები აქტიურად ავითარებენ თეორიას, რომ შესაძლოა, სჯობდეს გახარია 2020-მდე გახდეს პრემიერი და ასე უფრო გაადვილდება სასურველი შედეგის მიღწევა... მაგრამ ივანიშვილი არ ჩქარობს...

თუმცა, ქართულ პოლიტიკურ რეალობას თუ გადავხედავთ, შესაძლოა, ხვალ ან ზეგ რაღაც მოხდეს, რაც ივანიშვილს გულს აცრუებს გახარიაზე და შს მინისტრიც შეუერთდება „ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილ ფავორიტთა რიგებს...

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები