ავტორი:

აფხაზი მამაკაცი, რომელმაც რუსული პასპორტი დაწვა, დაჭრეს - "ამ ბიჭმა გაბედა და ბევრი ჩვენგანის სათქმელი თქვა"

აფხაზი მამაკაცი, რომელმაც რუსული პასპორტი დაწვა, დაჭრეს - "ამ ბიჭმა გაბედა და ბევრი ჩვენგანის სათქმელი თქვა"

ოკუპირებულ აფხაზეთში დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი ბესლან ჭკადუა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ამერიკიდან თურქეთში ჩასვლის შემდეგ, დემონსტრაციულად დაწვა რუსული პასპორტი და ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ატვირთა.

Apsny LIFE-ს ცნობით, მას სოხუმში, მეჩეთთან ახლოს, დღის მეორე ნახევარში, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და სხეულის სხვადასხვა ადგილას ჭრილობები მიაყენა. ჭკადუა სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და აფხაზური მედიის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე ე.წ. რესპუბლიკის სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

ცნობილ ვიდეოში, სადაც ის პასპორტს წვავს, ჭკადუა რუსეთის "საკონსულო სამსახურს" მიმართავდა, რომ არ სურდა რუსული პასპორტით სარგებლობა და უნდოდა აფხაზეთში "საქართველოსა და რუსეთის გავლის გარეშე, ნეიტრალური წყლებით" მოხვედრილიყო... მას შემდეგ, რაც ეს ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში წერდნენ, რომ ოდესმე ჭკადუა მათ ხელში ჩაუვარდებოდა და “თავხედურ საქციელზე” პასუხისგება მოუწევდა...

მაშინ ამ ამბავს ე.წ. აფხაზეთში რუსეთის საკონსულოც გამოეხმაურა. “ოფიციალურ განცხადებაში” ნათქვამი იყო, რომ ჭკადუა ამ ვიდეოთი შეურაცხყოფდა რუსეთის ფედერაციას, რომელმაც მას მოქალაქეობა მისცა და ასევე, აფრთხილებდა, რომ ამის შემდეგ რუსეთში და რუსეთის პასპორტით გადაადგილება შეეზღუდებოდა...

“მას შემდეგ, რაც ჭკადუას ფეისბუქზე აგრესიული კომენტარები დაუწერეს, მან განაცხადა, რომ პასპორტის დაწვა მისი პირადი პოზიცია იყო და ამით არცერთ სახელმწიფოს არ აყენებდა შეურაცხყოფას...” - წერს აფხაზური მედია, რომლის ცნობითაც, ჭკადუა აუცილებლად მოისურვებდა პასპორტის აღდგენას, რა დროსაც მას უკვე პრობლემები შეექმნებოდა.

აფხაზების ერთი ნაწილი მართლაც დიდი აგრესიით შეხვდა ჭკადუას პროტესტს, რადგან მათი მოსაზრებით, რუსეთი მათ “გადარჩენაში” დაეხმარა. სხვების თქმით, ბესლან ჭკადუამ გაბედა და ათასობით ადამიანის პროტესტი ისე გამოხატა, რომ შედეგებზე არც კი უფიქრია, ან იფიქრა და უბრალოდ, “დასაკარგი არაფერი ჰქონდა...”

მათივე თქმით, - შესაძლოა ეჭვმიტანილები დააკავონ, თუმცა, მათ რეალურად არ დასჯიან, ეს კი ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სიტყვის თავისუფლებაზე უარესად აისახება.

“სად ხართ ახლა, რატომ არ დებთ კომენტარების კორიანტელს. რატომ არ არჩევთ და განიხილავთ ამ ამბავს? ეს არის თქვენი დემოკრატია? გეშინიათ, რომ არცერთ სიტყვას არ შეგარჩენენ და ბუნაგებში ხართ შემძვრალი...” - წერს სოხუმელი ირაკლი ცკუა.

“რუსეთს რას ერჩი, როდესაც შენს სახელმწიფოში გყავს მაფიოზები... ხელფასსა და პენსიას რუსეთი გვიხდის, დამსვენებლები იქიდან შემოდიან, რომ ლუკმა-პური მაინც გვქონდეს, ასანთსაც კი ვერ ვაწარმოებთ, ყველაფერს იქიდან ვყიდულობთ და კიდევ მას ვერჩით? აფხაზური დაეწვა, მაინც არაფერში მჭირდებაო... გვჭირდება რამეში? ვინმემ იცის, რამდენ აფხაზს აქვს საქართველოს პასპორტი? ხელისუფლებამ გვაიძულა გვერდზე გავწიოთ ეროვნული ინტერესები და ამიტომ ვერავის ვამტყუნებ", - ამბობს გაგრელი ინეზა გვილია.

“ისე ემუქრებოდნენ, ვიცოდი, რომ მშვიდობიანად ვერ გადარჩებოდა. იმედია, გადარჩება. ამ ბიჭმა გაბედა და ბევრი ჩვენგანის სათქმელი თქვა - დიახ, რუსეთს აწყობს ჩვენ ასეთ ჭაობში ვიყოთ, რადგან თავად ხეირობს. წესრიგი თავის ქვეყანაში არ აქვს, ჩვენთან კი არა... რაში გვეხმარება ჩვენ რუსეთი, გარდა იმისა, რომ თავისი პოზიციების გამყარებას, უძრავი ქონების დაკანონებასა და სომხური ლობის გაძლიერებას ცდილობს?” - წერს ინტერნეტმომხმარებელი მარინა შამრაი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი